რთული თანწყობილი წინადადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რთული თანწყობილი წინადადება – რთული წინადადება, რომელიც შედგენილია თანწყობით შეერთებული ორი ან მეტი მარტივი თუ შერწყმული წინადადებისაგან.

რთული თანწყობილი წინადადება ორგვარია: კავშირიანი და უკავშირო. რთული თანწყობილი წინადადების კომპონენტების (პრედიკატული ერთეულები) შესაერთებლად გამოყენებულია მაერთებელი კავშირები (მაჯგუფებელი, მაპირისპირებელი, მაცალკევებელი), რომლებიც შესაბამის ინტონაციასთან ერთად გამოხატავენ კომპონენტთა ნაირგვარ მიმართებას („ღვთისო თან შეჰყვა ბატკანს, მაგრამ ადიდებულმა მდინარემ ორივე არაგვში მიიტანა“, ვაჟა-ფშაველა. უკავშირო რთული თანწყობილი წინადადების კომპონენტების შეკავშირების ძირითადი საშუალება ინტონაციაა („დაიტვირთნენ ვაზები, დაიშაქრნენ მტევნები, აღაჟღაჟდნენ ვაშლები, გადაყვითლდნენ ტყეები“, ლ. ასათიანი). რთული თანწყობილი წინადადების კომპონენტები ზოგჯერ გამიჯნულია ერთმანეთისაგან („ზამთარი მოვიდა და ბაღ-ვენახებში მუშაობა შეწყდა“, მ. ჯავახიშვილი), ზოგჯერ კი მათ აქვთ საზიარო სიტყვები, რომლებიც რთული წინადადების კომპონენტებში ერთსა და იმავე ან სხვადასხვა სინტაქსურ ფუნქციას ასრულებენ. რთული თანწყობილი წინადადების პირველი კომპონენტი, ჩვეულებრივ, დამოუკიდებლად გაფორმებული პრედიკატული ერთეულია, ხოლო მომდევნო კომპონენტში ჩნდება ხოლმე ისეთი სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც მხოლოდ პირველ კომპონენტთან მიმართებაშია გასაგები („საქმე და მოსაქმე ერთმანეთს გაჰყროდა და ეს მართალმა გულმა იუცხოვა, არ შეიფერა“, ი. ჭავჭავაძე). არც თუ იშვიათად რთული თანწყობილი წინადადების კომპონენტებში სათანადო ლექსიკური საშუალებებით კომპონენტთა დაქვემდებარებაცაა გამოხატული („არაფერი პასუხი არ ისმოდა მიცვალებულისაგან და ამიტომ ხმალი სახლში დარჩა“, ვაჟა-ფშაველა. თუ რთული თანწყობილი წინადადების კომპონენტებში საზიარო სიტყვები ზმნათა სუბიექტ.-ობიექტ. პირების ფარდი სახელებია (ქვემდებარე და პირმიმართი დამატებანი), ასეთი პრედიკატული ერთეულები სემანტიკურად ისე შერწყმულ-დაახლოებული არიან ერთმანეთთან, რომ ზოგჯერ მათი დაყოფაც კი ძნელდება („ჯერ ახვალ მუხიანში, მერე და მერე ღვიაც გამოერევა, წაგიცდება ხელი, მოგლეჯ ჩხელეტანა წიწვებიან ტოტს, გასრეს იმ წიწვებს და მთელ დღეს აღარ მოგშორდება ღვიის საამური სუნი“, რ. ინანიშვილი). რთული თანწყობილი წინადადების კომპონენტები ჩვეულებრივ თანამიმდევრობით არიან განლაგებული. მაგრამ ზოგჯერ შესაძლებელია ერთ კომპონენტში მეორის ჩართვა. თუ პირველი კომპონენტი თანწყობილ-შემასმენლებიანი წინადადებაა, ერთ-ერთ შემასმენელთან შეიძლება ჩაირთოს მარტივი წინადადება („პირველ რიგში შემკრთალი ყასახები გარბოდნენ და მათია თავისუფლად ხანჯლავდა მათ, მაგრამ მალე გონს მოვიდნენ, შემოეხვივნენ, ჩაიგდეს შუაში და ხმლები დაუშინეს“, ა. ყაზბეგი). ასეთ შემთხვევაში კომპონენტთა შორის დაპირისპირება ან მიზეზ-შედეგობრივი მიმართებაა, ამიტომაც კომპონენტთა რიგის შეცვლა ვერ ხერხდება. ორზე მეტი კომპონენტის შემცველ რთულ თანწყობილ წინადადებაში, ჩვეულებრივ, კავშირიანი შეერთებაც არის და უკავშიროც („საზანდარმა ღამე ააცახცახა, ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა, ცა – ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა“, გ. ლეონიძე.

ლ. კვანტალიანი.


ლიტერატურა

  • კიზირია ა. რთული წინადადების შედგენილობა ძველ ქართულში, თბ. 1969;
  • ძიძიგური მ. კავშირები ქართულ ენაში, თბ., 1969;
  • ჭიკაძე რ. წინადადების პარატაქსული კონსტრუქცია ქართულში, თბ. 1995;
  • კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ. 1996.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები