რომი (სასმელი)
რომი − RUM, ძლიერი სპირტიანი სასმელი, რომელიც შაქრის ლერწმის გადამუშავების შედეგად მიიღება. რომი ცნობილია XVII საუკუნიდან. ეს სასმელი ძალზე პოპულარული იყო კარიბის ზღვის მეკობრეებში, რომლებიც, ძირითადად, სავაჭრო გემებზე ნადირობდნენ. გარდა ამისა, რომი შეტანილი იყო ბრიტანელი მეზღვაურების ყოველდღიურ რაციონში და ეს ტრადიცია შენარჩუნებული იყო 1970 წლამდე. მშრალი კანონის დროს, რომი არალეგალურად შეჰქონდათ აშშ-ში, ძირითადად, კუბიდან, რის გამოც კონტრაბანდისტები ლამის გმირებად იქცნენ.
დღეისათვის რომის ასორტიმენტი მეტად მრავალფეროვანია. სხვადასხვა კუნძულზე წარმოებული რომი განსხვავდება ერთმანეთისაგან გემოთი და არომატით, მაგრამ ამ მრავალფეროვნების მიუხედავად, გადამუშავების ხერხებიდან გამომდინარე, არსებობს რომის ორი ძირითადი ტიპი: სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო. სამრეწველო რომს მიეკუთვნება:
- „ახალგაზრდა“ (ტრადიციული) – ღია ფერის რომი, რომელიც ძველდება მეტალის ჩანებში ან მუქი ფერის რომი, რომელიც ძველდება მუხის კასრებში რამდენიმე კვირის განმავლობაში. რომის სიმაგრეა 40-44 მოც%.
- „ძველი რომი“ – დაძველებული მუხის კასრებში არანაკლებ 3 წლისა. მას გააჩნია ნაზი დახვეწილი გემო და სიმაგრე შეადგენს 44-47 მოც%.
- „არომატული“ – ამ ტიპის რომის წარმოებისას ბადაგი განიცდის დუღილს, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რის გამოც რომი იძენს მკვეთრად გამოხატულ ბუკეტს. სუფთა სახით რომი არ გამოიყენება, გარდა საკონდიტრო წარმოებისა.
- „მსუბუქი“ – ასეთი ტიპის რომის არომატი ძალიან მსუბუქი და სუსტად გამოხატულია, რისი მიზეზიც სწრაფი დუღილი და მაღალი ტემპერატურის პირობებში გამოხდაა. მისი სიმაგრე შეადგენს 37-45 მოც% და, ძირითადად, გამოიყენება კოქტეილების მოსამზადებლად.
სასოფლო-სამეურნეო რომის სახეობებს მიეკუთვნება:
- „თეთრი მტევანი“ – რომის სპირტი, რომელიც გამოხდის შემდეგ არ განიცდის არანაირ შემდგომ გადამუშავებას. იგი არის უფერო, მკვეთრად გამოხატული გემოთი და ხშირად გამოიყენება პუნშისა და კოქტეილების დასამზადებლად.
- „ძველი“ – რომი, რომელიც დაძველებულია მუხის კასრებში არანაკლებ 3 წლისა. იგი ხარისხით შეიძლება შეედაროს კარგი ხარისხის კონიაკს.
რომის ძირითადი სახეობებისგან დამოუკიდებლად, რომი არის „ღია“ და „მუქი“. „ღია“ (თეთრი) რომი რჩება უფერო, დაძველების შემდეგაც კი, რადგან დაძველება ხდება უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ რეზერვუარებში. ასეთი რომი მუქ რომთან შედარებით უფრო რბილია, ფართოდ გამოიყენება კოქტეილების დამზადებისას, თუმცა, სწრაფი აქროლადობის გამო, რეკომენდებული არ არის მისი გამოყენება ცხელი სასმელების – პუნშის ან გროგის დასამზადებლად.
„მუქი“ რომი ძველდება მუხის კასრებში და იგი ოქროსფერი შეფერილობისაა (ფერი შეიძლება შეიცვალოს ასევე კოლერის დამატებით). ეს რომი გამოირჩევა კარგი არომატით, სურნელებით და მას იყენებენ როგორც დასალევად, ასევე პუნშისა და სხვა სასმელების დასამზადებლად. რომს მიირთმევენ სქელმინიანი ჭიქებით ყინულთან და ლიმონის ნაჭერთან ერთად. რომი შეიძლება შეურიოთ გაზიან სასმელებს, სიროფებს და ხილის წვენებს. გარდა ამისა, რომი არის კარგი არომატიზატორი, რის გამოც ფართოდ გამოიყენება საკონდიტრო და თამბაქოს წარმოებაშიც კი.