რუხი ტოროლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუხი ტოროლა (ლათ. Calandrella_pispoletta Pallas, 1811) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

რუხი ტოროლა სიდიდით მცირე ტოროლასოდენაა, ფრთა 90-105 მმ-ია, კუდი 55-65 მმ, ნისკარტი – 8-11 მმ, წონა – 22-28 გ. შეფერილობითაც ძალიან ჰგავს მცირე ტოროლას, მაგრამ მისგან განსხვავებით, მეორე რიგის ყველაზე გრძელი მომქნევი ვერ აღწევს ფრთის წვერომდე; კუდი უფრო ღრმადაა ამოკვეთილი; მკერდის გვერდებზე დიდი შავი ლაქები არაა; მთელი მკერდი დაწინწკლულია მოწაბლისფრო გასწვრივი შტრიხებით. ზურგის მხარის შეფერილობა მორუხოა, მაგრამ იგი ცვალებადობს ქვესახეობების მიხედვით მუქი ან მოთეთრო რუხიდან მოყვითალო-რუხი შეფერილობამდე. ბუმბულების ცენტროები მურაა, რაც დამახასიათებელია საერთოდ ტოროლებისათვის. სხეულის ქვემო მხარე თეთრია, ზოგჯერ ჟანგმიწისფერი ელფერით. გასწვრივი მურა ან ჟანგმიწისფერ-მურა შტრიხები მკერდიდან ნაწილობრივ გვერდებზეც ვრცელდება. ნისკარტი ზაფხულში მუქი-მურაა წვეროში და მოყვითალო – ძირში; ზამთარში თითქმის მთლიანად ყვითელია. ფეხები მურა ხორცისფერია.

აღწერილია 14 (ზოგი მონაცემით 20-მდე) ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი რუხი ტოროლა − C. p. pispoletta pall., 1811. რაც შეეხება ამიერკავკასიურ ქვესახეობას (C. p. pseudoboetica Stegmman, 1932), იგი სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხრეთ რაიონებში მოიპოვება და საქართველოში არ გვხვდება.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: კანარის კუნძულებს, აფრიკის ჩრდილოეთ ზოლს ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ; სამხრეთ ესპანეთს, სირიას, პალესტინას, ერაყს, ირანს, სამხრეთ ავღანეთს, ჰიმალაის ჩრდილოეთ ნაწილს, აღმოსავლეთ ჩინეთს – ყვითელ ზღვამდე; ჩრდილოეთი საზღვარი გადის უკრაინის შავი ზღვის სანაპიროებიდან, ვოლგოგრადისა და ჩკალოვის გავლით იმიერბაიკალეთის უდაბნოებამდე. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ მიმოფრენის დროს.

ბიოტოპი

მშრალი ველები და უდაბნოები, ამ ადგილებისათვის დამახასიათებელი მეჩხერი და მწირი მცენარეულობით.

გამრავლება

ბუდობს მიწაზე. ბუდეს წნავს ხმელი ბალახისაგან. ზაფხულის განმავლობაში ასწრებს ორჯერ გამრავლებას. პირველად მაისის პირველ ნახევარში, ხოლო მეორედ – ივნისის ბოლოს დებს 4-5 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 12 დღემდე გრძელდება.

კვება

მცირე ტოროლას მსგავსად, იკვებება ნაირგვარი მწერებითა და სარეველა მცენარეთა თესლებით.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები