რუხი ღაჟო
რუხი ღაჟო (ლათ. Lanius excubitor Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ღაჟოსებრნი (Laniidae)
- გვარი − ღაჟო (Lanius)
რუხი ღაჟო ყველაზე დიდია ჩვენში გავრცელებული ღაჟოებს შორის, ფრთა 105-125 მმ-ია, კუდი – 95-125 მმ, ნისკარტი – 14-18 მმ, წონა 65-85 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. სქესთა შორის შეფერილობაშიც არის მცირე განსხვავება. მამალი ზურგის მხარეს ნაცრისფერია, მაგრამ მხრებზე უფრო მკრთალი, თითქმის მოთეთრო ფერისაა, ხოლო კუდზედა ბუმბულები მოთეთრო-რუხია. ფრთების საშუალო და დიდი მფარავები შავია, პატარა მფარავები − რუხი, შავი ძირებით; მომქნევები წვეროს ნახევარში შავია, მაგრამ ძირები თეთრი აქვთ, რაც ფრთაზე წარმოქმნის ორ დიდ თეთრ ლაქას. საჭის ბუმბულების შუა წყვილი შავია, ხოლო კიდურა წყვილი – თეთრი, შავი ღეპეპებით. მუცლის მხარე თეთრია. თავის გვერდებზე, ნისკარტის ძირიდან ყურების მფარავებამდე შავი ზოლები გასდევს. ნისკარტის ძირში შავი ჯაგრისებური ბუმბულებია, ნისკარტი და ფეხები შავი. დედალი უფრო მკრთალი და რუხია, მუცლის მხარეს ზოგჯერ ემჩნევა განივი ტალღისებური მუქი ზოლები.
აღწერილია 30-მდე ქვესახეობა. საქართველოში შეიძლება შეგვხვდეს: ფრთათეთრი რუხი ღაჟო – L e. homeyeri Cabanis, 1873 და ჩვეულებრივი რუხი ღაჟო – L. e. excubitor Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მეტად ვრცელია და მოიცავს ევროპის, აზიის, აფრიკისა და ჩრდილოეთი ამერიკის დიდ ნაწილს. ევრაზიაში ჩრდილოეთით ვრცელდება ტუნდრის ზონამდე (სსრ კავშირში დაახლოებით 69-ე პარალელამდე); სამხრეთით მოიპოვება კანარის კუნძულებზე, მთელ ჩრდილოეთ აფრიკაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე, შუა და ცენტრალურ აზიაში; კანადის ტყის ზონის ჩრდილოეთ ნაწილში და ალასკაზე. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფრინველი.
ბიოტოპი
ეტანება ღია ადგილებს, ტყისპირებს, ბუჩქნარებს, ველებსა და მინდვრებს, სადაც ცალკე მდგომი ხეები და ბუჩქებია. ზამთარში შეიძლება შეგვხვდეს მეჩხერ ტყეში და ჭაობიან ადგილებშიც.
გამრავლება
ბუდეს აკეთებს მხოლოდ დედალი როგორც ფოთლოვან, ისე წიწვიან ხეებზე და ბუჩქებზე. აპრილის მეორე ნახევარში ან მაისის დასაწყისში დებს 5-6 კვერცხს. კრუხად ჯდება უპირატესად დედალი. საინკუბაციო პერიოდი 15 დღეს გრძელდება.
კვება
რუხი ღაჟოს საკვებს შეადგენენ პირველ რიგში ნაირგვარი მწერები – ხოჭოები, სწორფრთიანები, სიფრიფანაფრთიანები და მრავალი სხვა. ჭამს პატარა ზომის მღრღნელებს, ფრინველებს, ხვლიკებსა და ამფიბიებსაც.
მნიშვნელობა
საქართველოში პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს. ბუდობის ადგილებში მისი სამეურნეო მნიშვნელობა შეუსწავლელია.