საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია
საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია - (International Finance Corporation), საერთაშორისო სამთავრობოთაშორისი ორგანიზაცია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული დაწესებულება. შეიქმნა 1956 წელს მსოფლიო ბანკის ოპერაციების მხარდასაჭერად. საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის წევრები შეიძლება იყვნენ მხოლოდ მსოფლიო ბანკის მონაწილეები.
საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის მიზანია წევრი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისათვის ხელშეწყობა კერძო საწარმოების დაფინანსების გზით, ასევე სამეწარმეო სფეროში კერძო კაპიტალის დაბანდებისათვის ხელშეწყობა. საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციაში მმართველობისა და კენჭისყრის სისტემა რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში არსებულის ანალოგიურია. საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის პრეზიდენტსა და დირექტორებს წარმოადგენენ ბანკის შესაბამისი თანამდებობის პირები, მმართველთა საბჭოს წევრებს – ბანკის მმართველთა საბჭოს წარმომადგენლები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც იმავდროულად საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციაშიც შედიან. საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის შტაბ-ბინა ვაშინგტონშია.