საიანები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საიანები – სამხრეთ ციმბირის ორი მთათა სისტემის კრებითი სახელწოდება: დასავლეთ საიანი და აღმოსავლეთ საიანი. საიანები მთლიანად რუსეთის ფარგლებშია (კრასნოიარსკის მხარის და ირკუტსკის ოლქის სამხრეთი, ტუვის ავტონომიური რესპუბლიკის ჩრდილო და ბურიატთა ავტონომიერი რესპუბლიკის დასავლეთი ნაწილი). გადაჭიმულია აღმოსავლეთი ალთაიდან (აბაკანის ქედიდან და კუზნეცკის ალათაუდან) თითქმის ბაიკალის ტბამდე. ჩრდილოეთიდან აკრავს დასავლეთ ციმბირის ვაკე-დაბლობი და შუა ციმბირის ზეგანი, ხოლო სამხრეთიდან – ცენტრალური აზია (მონღოლეთი). ამ უკანასკნელთან საზღვარი ლანდშაფტური თვალსაზრისით პირობითია და ბუნების ხასიათით გარდამავალი.

საიანები აგებულია არქეული, პროტეროზოული და პალეოზოური ასაკის ქანებით, რომელმაც განიცადა ბაიკალური და კალედონური დანაოჭება და წარმოიშვა ნაოჭა-ლოდა მთაგრეხილები. ხანგრძლივი გადარეცხვა-მოსწორებით წარმოქმნილმა პენეპლენმა ნეოტექტონიკური მოძრაობის შედეგად განიცაღა რელიეფის მნიშვნელოვანი გაახალგაზრდავება-გართულება, რომლის შედეგადაც საშუალო მთიან ზონაში (1200-2000 მ) წარმოიქმნა საფეხურებრივად განლაგებული ზეგნები (ძველი მოსწორებული ზედაპირები), ხოლო მაღალმთიან სარტყელში ინტენსიური ეგზოგენური პროცესების (ეროზია, მყინეარების მოქმედება, ყინვითი გამოფიტვა) მიერ განვითარდა ალპური ტიპის რელიეფი, ხოლო მთისწინა ზონაში – მინუსინსკის და ტუვის ტექტონიკური ქვაბულები.

საიანების ფარგლებში ორი ძირითადი რეგიონი გამოიყოფა: დასავლეთ საიანის და აღმოსავლეთ საიახის მთიანი სისტემები. დასავლეთი საიანი დაახლოებით 650 კმ-ზეა გადაჭიმული. მისი კალთები ციცაბოდ ეშვება ჩრდილოეთით მინუსინსკის ქვაბულში, ხოლო სამხრეთით ტუვის ქვაბულში. მაქსიმალურ სიმაღლეს (2930 მ) იგი აღწევს ყარაგოშის მთაზე. მთები დანაწევრებულია ენისეის სათავეთა ღრმა ეროზიული და ჭორომებიანი ხეობებით.

აღმოსავლეთი საიანის მთები გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, ენისეის მარცხენა სანაპიროდან მდინარე ირკუტსკამდე, დაახლოებით 1000 კმ-ზე. ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეზე მას ესაზღვრება შუა ციმბირის ზეგანი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ მხარეზე – მინუსინსკის და ჩულიმ-ენისეის ქვაბულები, დასავლეთი საიანი და აღმოსავლეთ ტუვის მთიანეთი. აღმოსავლეთი საიახნი წარმოქმნის წყალგამყოფს ანგარის მარცხენა აუზის მდინარეებსა და ენისეის ზემო აუზის მარჯვენა შემდინარეებს და სათავეებს შორის. მაქსიმალურ სიმაღლეს აღმოსავლეთ საიანის მთები აღწევს სამხრეთ- აღმოსავლეთ დაბოლოებაზე, მუნკუ-სარდკის მწვერვალზე (3491) მ). იგი საიანების მთიანი ქვეყნის უმაღლესი წერტილიცაა.

აღმოსავლეთ საიანის მთების ზედაპირი დანაწევრებულია ენისეისა და ანგარის სისტემის მდინარეთა ხშირი ქსელით.

წყარო

აზიის ფიზიკური გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები