სალონიკის დაზავება 1918

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სალონიკის დაზავება 1918 – სალონიკის დაზავებამ ბოლო მოუღო სამხედრო მოქმედებებს ბალკანეთის ტერიტორიაზე I მსოფლიო ომის დროს. იგი წარმოადგენდა ბულგარეთის კაპიტულაციას ანტანტის სახელმწიფოების მიმართ. დაზავებაზე ხელი მოაწერეს 29.IX ბულგარეთის სახელით ფინანსთა მინისტრმა ლიპაჩევმა და გენერალმა ლუკოვმა, ხოლო ანტანტის მხრიდან – გენერალმა ფრანშ დ′ესპერმა.

გერმანია-ავსტრიის ბლოკის სამხედრო დამარცხებებისა და ქვეყნის შინაგანი მღელვარების შედეგად ბულგარეთის მმართველი წრეები 1918 წლის სექტემბერში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო სეპარატული ზავის დადება ანტანტის ქვეყნებთან.

სალონიკის დაზავება შედგებოდა 7 მუხლისაგან, რომლებიც დაზავებისთანავე გამოქვეყნდა, და ოთხი საიდუმლო მუხლისაგან, რომელიც მხოლოდ 1919 იქნა საჯაროდ გამოტანილი. სალონიკის დაზავება ითვალისწინებდა ბულგარეთის ჯარების გამოყვანას სხვა ქვეყნების ტერიტორიებიდან და მის დემობილიზაციას, ქვეყნის გაწმენდას გერმანელი და ავსტრია-უნგრეთის ყველა სამხედრო თუ სამოქალაქო წარმომადგენლისაგან ოთხი კვირის განმავლობაში, ასევე სხვა მოთხოვნებსაც. სალონიკის ზავის საიდუმლო მუხლები ნებას რთავდნენ ანტანტის ჯარებს, თავისუფლად გაევლოთ ბულგარეთის ტერიტორიაზე, მოეხდინათ ოკუპაცია ამ უკანასკნელის „გარკვეული რაოდენობის სტრატეგიული პუნქტებისა და გამოეყენებინათ მისი პორტები“. ერთ-ერთ საიდუმლო მუხლში ნათქვამი იყო, რომ ბულგარეთი გაწყვეტდა ყველა ურთიერთობას გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან, თუ ამას მოითხოვდნენ ანტანტის სახელმწიფოები. სალონიკის დაზავება მოასწავებდა გერმანიის სამხედრო კოალიციების დაშლის დასაწყისს და გზას უხსნიდა ანტანტის ჯარების თავდასხმებს ავსტრია–უნგრეთსა და შემდგომ გერმანიაზე. სალონიკის დაზავების შემდეგ გერმანიის უმაღლესმა მთავარსარდალმა გოლდენბერგმა მოითხოვა თავისი მთავრობისაგან, დაეწყოთ საზავო მოლაპარაკებები ანტანტასთან. სალონიკის ზავმა ძალა დაკარგა 1920 წლის 9 აგვისტოს, ანტანტასა და ბულგარეთს შორის ნეის საზავო ხელშეკრულების ძალაში შესვლის შედეგად.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები