სამარანჩი ხუან ანტონიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხუან ანტონიო სამარანჩი
1980-2001

სამარანჩი ხუან ანტონიო - ესპანელი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (1980-2001).

ხუან ანტონიო სამარანჩი ბარსელონაში შეძლებულ კატალონიელთა ოჯახში დაიბადა 1920 წლის 17 ივლისს. ეკონომიკური განათლება მიიღო ბარსელონას ნავარას უნივერსიტეტში, ლონდონსა და ამერიკაში. სწავლის პარალელურად აქტიურად მისდევდა ჯერ კრივს, მერეკი ჰოკეის გორგოლაჭებზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ოჯახურ ბიზნეს ­საქმიანობასთან შეთავსებით მწვრთნელობასაც შეუდგა და 1951 წელს ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონობამდეც მიიყვანა. ოლიმპიურ მოძრაობაში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი 1956 წელს ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრად გახდომით გადადგა, 1967 წელს კი ესპანეთის ეოკ­ის პრეზიდენტის სავარძელიც დაიკავა. ეოკ­ის პრეზიდენტობამდე ერთი წლით ადრე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტშიც შეაბიჯა.

სამჯერ იყო ესპანეთის მისიის ხელმძღვანელი ოლიმპიურ თამაშებზე. მათ შორის კორტინა დ’ამპეცოს (1956) ზამთრის, აგრეთვე რომისა (1960) და ტოკიოს (1964) ოლიმპიურ თამაშებზე. ოლიმპიურ მოძრაობაში მოღვაწეობის პარალელურად, 1977 წელს საბჭოთა კავშირში და მონღოლეთში ესპანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნით დიპლომატიურ კარიერას შეუდგა.

1980 წლის 16 ივლისს მოსკოვში გამართულ სოკ­ის 83­-ე სესიაზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების სტატუსითაც სარგებლობდა, ხუან ანტონიო სამარანჩმა პირველივე ტურში გაიმარჯვა და სოკის მეშვიდე პრეზიდენტი გახდა. ამ თანამდებობაზე არჩევისთანავე, სამარანჩმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ოლიმპიური მოძრაობის მოდერნიზებისა და ავტორიტეტის ამაღლებისთვის, სოკ­ის საქმიანობის გაფართოებისთვის, საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გააქტიურებისთვის.

სამარანჩმა ოლიმპიურ მოძრაობას ახალი სიცოცხლე შესძინა მაშინ, როდესაც მისი პრეზიდენტობა პოლიტიკურად მეტად რთულ პერიოდს დაემთხვა. მათ შორის აღსანიშნავია საბჭოთა კავშირის და სოცბანაკის ქვეყნების მიერ ბოიკოტირებული 1984 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშები. ამავე მიზეზით არსებობდა ოლიმპიური მოძრაობის გახლეჩვის საშიშროებაც, მაგრამ სამარანჩმა შეძლო და ოლიმპიური ოჯახი 1988 წლის სეულის ოლიმპიურ თამაშებამდე მიიყვანა.

სსრკ-­ს და იუგოსლავიის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად დაშლით, ასევე, გერმანიის გაერთიანებით პოლიტიკურად რთული ვითარება შეიქმნა 1992 წლის ალბერვილის ზამთრის და ბარსელონის ოლიმპიურ თამაშებამდეც. სამარანჩმა თანამოაზრეებთან ერთად შეძლო ახალი პოლიტიკური რეალობა მოერგო ოლიმპიური მოძრაობისთვის და ალბერვილსა და ბარსელონაში ახალაღიარებული ქვეყნებისთვის სხვადასხვა სტატუსით გამოსვლის საშუალება მიეცა, შემდგომ კი, ამ ქვეყნების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების სოკ­ში მიღებისთვის შეეწყო ხელი.

სამარანჩი ასევე დაკავებული იყო სპორტში აპარტეიდის პრობლემით. ამავე მიზეზით ოლიმპიურ მოძრაობას მოკვეთილი სამხრეთ აფრიკა, ოლიმპიურ ოჯახს სწორედ ბარსელონას თამაშებიდან დაუბრუნდა. ასევე, აღსანიშნავია, სიდნეის (2000) ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ერთიან გუნდად გამოსვლა.

პიერ დე კუბერტენის შემდეგ სამარანჩი გახდა სოკ­ის პირველი პრეზიდენტი, ვინც ლოზანაში გადავიდა საცხოვრებლად. მისივე ხელშეწყობით, 1984 წელს ლოზანაშივე შეიქმნა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო, 1993 წელს გაიხსნა საერთაშორისო ოლიმპიური მუზეუმი, 1999 წელს კი ჩამოყალიბდა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (WADA).

ოლიმპიური მოძრაობის ერთ-­ერთი უმთავრესი ტრანსფორმაცია იყო ოლიმპიურ სარბიელზე პროფესიონალი სპორტსმენებისთვის ეტაპობრივად კარის გაღება. სამარანჩის პრეზიდენტობისას ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს 1986 წლის სოკ­ის 91­ე სესიაზე, როდესაც ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების გზები გაიყარა და არა ერთ წელიწადს, არამედ ორწლიანი ინტერვალებით ჩატარებას ჩაეყარა საფუძველი. სამარანჩი ოლიმპიური თამაშების კომერციალიზაციასაც არ მოერიდა. ოლიმპიური მოძრაობის შემოსავლის წყაროდ აქცია რეკლამებიდან და სატელევიზიო ტრანსლაციათა გაყიდვებით შემოსული თანხები, რამაც სოკ­ის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზარდა.

სამარანჩის მმართველობის პერიოდში სოკ­ისთვის ყველაზე კრიტიკული პერიოდი დადგა 1998 წელს, როცა ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქების არჩევასთან დაკავშირებით, კორუფციაში მხილებული აღმოჩნდა სოკ­ის რამდენიმე წევრი და მაღალჩინოსანი. სკანდალური საქმე იქამდე მივიდა, რომ შეიქმნა საგამოძიებო კომისია, 1999 წელს კი ლოზანაში ჩატარდა სოკ­ის საგანგებო სესია, რომელმაც სამარანჩს ნდობა გამოუცხადა, თუმცა სოკ­ის 7 წევრი გარიცხა თავისი რიგებიდან.

მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა და ცალკეული კრიტიკული შეფასებებისა, ხუან ანტონიო სამარანჩი ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ­ერთი აღიარებული ლიდერი, რომელმაც რევოლუციური ნაბიჯები გადადგა და ძალიან ბევრი გააკეთა ოლიმპიზმის განვითარებისთვის მთელ მსოფლიოში.


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები