სამართალი ძველ ეგვიპტეში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძველი ეგვიპტის სამართალი – ჩვენამდე მოაღწია მეორე დიდი პირამიდის მფლობელის, ხეფრენის (IV დინასტია) ვაჟის, უფლისწულ ნიკურას ანდერძის ტექსტმა, რომელიც ასე იწყება:

„მეფის ვაჟი ნიკურა ბრძანებს შემდეგს, როცა ის არის ჯანმრთელი და საღ გონებაზე“. ამ შესავალს მოჰყვება შვილების ჩამოთვლა და ქონების აღწერა, რომელიც თითოეულს უნდა შეხვდეს. თავისთავად ანდერძის შედგენის ფაქტი და მისი საოცრად თანამედროვე პრეამბულა ცხადყოფს, რომ უკვე მესამე ათასწლეულის პირველ ნახევარში ეგვიპტელებს სამართლებრივი შეგნება ჩამოყალიბებული ჰქონდათ.

ეგვიპტელისათვის „სიმართლე“ და „სამართალი“ ერთ ცნებას წარმოადგენდა. მაატი იყო საყოველთაო წესრიგი, რომლის გარანტი ფარაონი უნდა ყოფილიყო. მეფის დარიგებაში შვილისადმი ვკითხულობთ: „დაიცავი სამართალი (მაატი), და ხანგრძლივი იქნება შენი ჟამი მიწაზე. სიკვდილით დასაჯე მხოლოდ აჯანყებული… დაიცავი ჩემი დარიგება მეფის ღირსებაზე. არ მოკლა შენი ქვეშევრდომი, რადგან ის შენ ღმერთმა ჩაგაბარა. სიყვარულით აავსე ქვეყანა. კეთილი მეფე ნათელ მოგონებებს ტოვებს“.

ეგვიპტელების წარმოდგენით, სამართალი ყველასათვის ერთნაირი უნდა ყოფილიყო. „მაატი“ მოიცავდა როგორც რეალური, ასევე იდეალური სამართლის ცნებას. იდეალური სამართლის მისაღწევად და შესანარჩუნებლად, მაატი მუდმივ ძალისხმევას და კანონების სათანადო გამოყენებას ითხოვდა. სამწუხაროდ, თუმცა ვიცით ეგვიპტური სიტყვა, რომელიც ნიშნავს „კანონს“, თვითონ „კანონებს“ ჩვენამდე არ მოუღწევია. იმავდროულად ითვლება, რომ ისეთ ცენტრალიზებულ და საოცრად მოწესრიგებულ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი წერილობით ფიქსირდებოდა, შეუძლებელია არ ყოფილიყო ჩაწერილი „კანონები“, მით უფრო, რომ ბერძნული ტრადიციის თანახმად, „დაწერილი კანონები“ ქვეყანაში თითქმის მისი ისტორიის დასაწყისიდან არსებობდა.

ეგვიპტელი ბრძენის, იპუვერის გოდებაში, რომელიც პირველი გარდამავალი პერიოდით არის დათარიღებული, აღწერილია დიდი სოციალური კატაკლიზმები, რომლებიც ეგვიპტეს თავს დაატყდა. მრავალ უბედურებათა შორის ის ასახელებს შემდეგს: „სასამართლო პალატის წიგნები მიმოფანტულია, მათ ხალხი ფეხქვეშ თელავს და გლეჯს“. იმავდროულად ცნობილია ბევრი საქმე, როცა სარჩელი სხვადასხვა კანონის შესაბამისად განიხილებოდა.

ეგვიპტეში არ იყო ერთი მოსმართლის ცნება, „სასამართლოს“ ყოველთვის მოსამართლეთა ჯგუფი შეადგენდა, რომელიც სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა შემადგენლობის იყო. ნაკლებად მძიმე დანაშაულებები ან სანოტარო პრობლემები შეიძლებოდა განხილულიყო ადგილობრივი მოსახლეობიდან არჩეული წარმომადგენლებისაგან შედგენილი საბჭოების მიერ. ახალი სამეფოს დროს თებეს ნეკროპოლისში ასეთი საბჭო, „მთავარი ხელოსნის“ თავმჯდომარეობით, ადგილობრივი ხელოსნებისაგან შედგებოდა. მოსმენები ყოველთვის იწერებოდა სპეციალურად გამოყოფილი გადამწერის მიერ. იერარქიულად შედგენილი სასამართლო აღწევდა ფარაონამდე, რომელსაც ეკუთვნოდა ბოლო სიტყვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების შემთხვევაში.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები