სანასარი
სანასარ-ი და ბაღდასარ-ი (სომხ. Սանասար և Բաղդասար ) – სომხური ეპოსის („სასნა ცრერი“) პერსონაჟები – ტყუპი ძმები, რომლებიც წოვინარს ორი პეშვი ზღვის წყლის შესმით ჩაესახნენ: სავსე პეშვისგან გაჩნდა სანასარი, რომელიც ძმას ყველაფერში ჯობდა, ხოლო ნაკლულისაგან – ბაღდასარი (შედარებით გვიანდელი ვარიანტით, ისინი ხორბლის ორი მარცვლისგან დაიბადნენ). ძმები უკვე 5-6 წლის ასაკში გოლიათური ძალ-ღონით გამოირჩეოდნენ. წოვინარის ქმარს, ბაღდადის ხალიფას (ვარიანტი: ასირიის მეფე სენექერიმს) სანასარისა და ბაღდასარის, როგორც უკანონო გაჩენილების, მოკვლა (ვარიანტი: თავისი კერპებისათვის შეწირვა) უნდოდა, მაგრამ ძმებმა ხალიფას სასახლე დატოვეს და სომხეთში გაიქცნენ. როცა ისინი ზღვასთან, სიცოცხლის მომნიჭებელთან, მივიდნენ, სანასარი წყალში გადახტა. ზღვა განიხვნა და იგი ფსკერში მშრალად ჩავიდა. წყალქვეშა სამეფოში მან სასწაულებრივი ცხენი – ქურიკ ჯალალი, ელვა-მახვილი და ჯადოსნური საჭურველი მოიპოვა. იქვე არსებულ წყალსატევში იბანავა და დალია რა წყაროს წყალი, სანასარი ისეთი გოლიათი გახდა, რომ ბაღდასარმა ხმელეთზე ამოსული ძმა ვერ იცნო. სანასარის მითოლოგიური სახე ცხოველმყოფელ და ნაყოფიერ სტიქიასთან – წყალთან – მჭიდრო კავშირით ვლინდება: იგი წყლისგანაა შობილი; ჯადისნური საჭურველი და ცხენიც წყლისგან მიიღო; დალია წყალი და გოლიათი გახდა.
ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, სანასარმა და ბაღდასარმა მაღალ მთაზე, ჯადოსნურ წყაროსთან უზარმაზარი ლოდებისაგან ააგეს ციხე-სიმაგრე და ქალაქი სასუნი, სადაც 40 სახლში 40 ოჯახი ჩაასახლეს. ძმებმა ასე ჩაუყარეს საფუძველი სასუნის სახელმწიფოს. სანასარი მზეთუნახავ დეხცუნზე, „სპილენძის ქალაქის" მეფის ასულზე დაქორწინდა. სანასარი არის სასუნელი გმირების რამდენიმე თაობის მამამთავარი. მას და დეხჩუნს შეეძინათ სამი ვაჟი, მათ შორის მღერ უფროსი („მიჰრ-ი“).
მითოლოგემა კულტურული ტყუპი გმირებისა და მათი მოგზაურობის შესახებ ძალზე პოპულარულია როგორც ძველსომხურ, ისე გვიანდელ ხალხურ ტრადიციაში. ამ მითოლოგემის არსი შემდეგია: ტყუპი ძმები ან უბრალოდ ძმები უცხოელი დიდებულების შვილები არიან და, უპირისპირდებიან რა ადგილობრივ მმართველებს, სომხეთში გარბიან, პოულობენ იქ თავშესაფარს და აფუძნებენ ახალ სათავადო გვარებს, ქალაქებს, ციხე-სიმაგრეებს. თავადი ძმების შესახებ მითებში მოქმედება ვითარდება არა მითოლოგიურ, არამედ მხოლოდ ისტორიული ეპიკის დონეზე, და სივრცობრივდროით ასპექტშიც მკაცრად განსაზღვრულია. ძმები სანასარი და ადრამელი (ან აგრამოლი მ. ხორენაცთან) ასირიელი მეფის სინახერიბის ვაჟები არიან; კლავენ რა მამას, სომხეთში გაიქცევიან, სადაც მათ სომხების წინაპარი თუ მეფე პარუირ სკაიროდი სომხეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ასირიის საზღვართან დაასახლებს. სანასარისგან მომდინარეობენ სასუნელები და ახძნიქების გვარი, ხოლო მისი ძმისგან – არწრუნიდები და გნუნები. მოცემული თქმულება აშკარად შეიცავს მითოლოგიურ ნიშნებსა და ეპიკურ წვრილმანებს, და, როგორც ტყუპების შესახებ მითი, რომელიც ტყუპი ძმების (სანასარისა და ბაღდასარის), სასუნის დამაარსებლების შესახებ მითის შინაარსის შემადგენელი, შემდგომში ეპოსში („სასნა ცრერი“) შევიდა. ამ მითის სხვა ვერსიაა გადმოცემა ძმებზე – მამიკსა და კონაკზე, თჩენასთან ქარნამის ვაჟებზე, რომლებიც, აუჯანყდნენ რა მეფეს, ჯერ ირანში, შემდეგ კი სომხეთში გარბიან და მეფისგან თავშესაფარს იღებენ. სომხეთის მეფის წინააღმდეგ ამბოხებული თავადის – სლქუნის – მოკვლის შემდეგ, ძმები მეფისაგან სლქუნის სამფლობელოთი – თარონითა და სასუნით – საჩუქრდებიან და იქვე სახლდებიან. მათგან მომდინარეობს მამიკონიანთა დიდი თავადური გვარი.
ლიტერატურა
- Ананикян М. А. Мифы Армении. М., 2010;
- Арутюнян С. Б. Санасар и Багдасар // Мифы народов мира. Т. II. М., 1982;
- Золян С. Т. Структура сюжета эпоса «Давид Сасунский»: инварианты и трансформации // Ученые записки Петрозаводского государственного университета. Филологические науки. № 5, 2015;
- Петросян А. Армянский эпос и мифология. Истоки. Миф и история. Ереван, 2002.