სან-ფრანცისკოს საზავო ხელშეკრულება 1951
სან-ფრანცისკოს საზავო ხელშეკრულება 1951 – შედგებოდა 7 თავისაგან (27 მუხლისაგან). ხელშეკრულებით შეწყვეტილად ცხადდებოდა საომარი მდგომარეობა იაპონიასა და მის მოწინააღმდეგე სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ცნობდნენ იაპონელი ხალხის სრულ სუვერენიტეტს თავის ქვეყანაზე. იაპონიასთან ომში მოკავშირე ქვეყნებად ცხადდებოდნენ მხოლოდ ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი სახელმწიფოები, საომარი მდგომარეობა რჩებოდა, ერთი მხრივ, იაპონიასა და, მეორე მხრივ, სსრკ-ს, ბირმას, ინდოეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის (შემდგომში ეს ურთიერთობები მოწესრიგდა). რაც შეეხება ურთიერთობებს საბჭოთა კავშირსა და იაპონიას შორის, ისინი ნაწილობრივ მოგვარდა სსრკ-იაპონიის ერთობლივი დეკლარაციით 1956, რის შემდეგაც ამ ქვეყნებს შორის აღდგა დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ სამშვიდობო ხელშეკრულება არც საბჭოთა კავშირსა და იაპონიას და არც (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის არ დადებულა).
სან-ფრანცისკოს ხელშეკრულებით იაპონიამ ცნო კორეის დამოუკიდებლობა და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები ომამდე იაპონიის მანდატქვეშ მყოფ ტერიტორიებზე. უარი თქვა ყოველგვარ პრეტენზიებზე სამხრეთ სახალინის, კურილის კუნძულების, კუნძულ ტაივანის, პესკადორის, სპრატლის და პარასელის კუნძულების მიმართ. აშშ-ის მმართველობაში გადასცა რიუკიუს არქიპელაგი, კუნძულები ბონინი (ოგასავარა), როსარიო, ეოლკანო (კაძანი), პარეს ეალე, მარცუსი და დაიტო. ხელშეკრულების თანახმად, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს მიეცათ იაპონიის ტერიტორიაზე განუსაზღვრელი ვადით ყოფნის უფლება. ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა იაპონიის შეიარაღებული ძალების ლიმიტირებასა და ქვეყანაში ფაშისტური ორგანიზაციების აკრძალვას. იაპონია ვალდებული იყო, გადაეხადა რეპარაციები, რომელთა სიდიდეც არ იქნა განსაზღვრული. აგრესიით დაზარალებულ ქვეყნებს იაპონიასთან ორმხრივი მოლაპარაკებების გზით უნდა მოეწესრიგებინათ თავისი პრეტენზიები. სან-ფრანცისკოს საზავო ხელშეკრულებასთან ერთად დაიდო ე.წ. „უსაფრთხოების ხელშეკრულება“ აშშ-სა და იაპონიას შორის, რომლის ძალითაც აშშ-მა მიიღო თავისი შეიარაღებული ძალების იაპონიაში და მის მახლობლად განუსაზღვრელი ვადით განლაგების უფლება. 1952 წლის 28 თებერვალს კი დაიდო ე.წ. „ადმინისტრაციული შეთანხმება“, რომელმაც განსაზღვრა იაპონიის ტერიტორიაზე აშშ-ის ჯარების განლაგების პირობები.
სან-ფრანცისკოს საზავო ხელშეკრულება, ისევე როგორც „უსაფრთხოების ხელშეკრულება“ და „ადმინისტრაციული შეთანხმება“, ძალაში შევიდა 1952 წლის 28 აპრილს, იმავდროულად აშშ-მა ცალმხრივი გადაწყვეტილებით დაშლილად გამოაცხადა შორეული აღმოსავლეთის კომისია იაპონიისათვის და სამოკავშირეო საბჭო იაპონიისათვის.