საფრანგეთ-იაპონიის შეთანხმება ინდოჩინეთის გამო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საფრანგეთ-იაპონიის შეთანხმება ინდოჩინეთის გამო – ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იაპონიამ საფრანგეთისთვის ინდოჩინეთის გამო სხვადასხვა მოტივების წაყენება დაიწყო. იაპონელი იმპერიალისტები ინდოჩინეთს განსაკუთრებულ ადგილს უთმობდნენ თავის ექსპანსიურ გეგმებში, რომლებიც იაპონიის ხელმძღვანელობით „ერთობლივი აყვავების“ სფეროს შექმნაზე იყო განსაზღვრული. მასში უნდა შესულიყვნენ ინდოჩინეთი, ინდონეზია, მალაიზია, ტაილანდი, ფილიპინები, ბრუნეი (ბრიტანეთის) და ბირმა.

1937 წლის აგვისტოში იაპონია რამდენიმე ნოტაში საფრანგეთისგან მოითხოვდა, აეკრძალა ინდოჩინეთის სარკინიგზო მაგისტრალით ჩინეთში სამხედრო ტვირთების ტრანზიტი. საფრანგეთის დამარცხების შემდეგ 1940 წლის ივნისში იაპონიამ საფრანგეთის კოლონიურ ადმინისტრაციას მოსთხოვა, მთლიანად დაეკეტა ჩინეთ-ვიეტნამის საზღვარი და ამ ღონისძიების გასაკონტროლებლად ვიეტნამში შეეშვათ იაპონიის სპეციალური მისია. ეს მოთხოვნები შესრულებულ იქნა. იაპონიამ, რომელიც არ შეხვდა სერიოზულ წინააღმდეგობას როგორც საფრანგეთის, აგრეთვე აშშ-ისა და ინგლისის მხრიდან, რომლებიც იაპონიის მიმართ დაშოშმინების პოლიტიკას ატარებდნენ და ხელს უწყობდნენ იაპონელ მილიტარისტებს, აგრესია განეხორციელებინათ სსრკ-ის მიმართ, ახალი მოთხოვნები წამოაყენა აგვისტოს დასაწყისში. მან მოითხოვა სამხედრო საზღვაო ბაზები ინდოჩინეთის სანაპიროზე. თანხმობა იაპონიის ჯარების ინდოჩინეთში შესვლაზე, აგრეთვე ეკონომიკური შეთანხმების დადება, რომელიც ინდოჩინეთიდან იაპონიაში ქვანახშირის, კალისა და რკინის მადნის გატანის გაზრდას ითვალისწინებდა. იაპონიის ეს მოთხოვნებიც დაკმაყოფილებულ იქნა. ინდოჩინეთში იაპონიის პოზიციები სამხედრო და ეკონომიკური შეთანხმებებით მტკიცდებოდა. სამხედრო კონვენცია ხელმოწერილ იქნა 1940 22.IX ჰანოიში. იგი ინდოჩინეთზე იაპონიის კონტროლის გაძლიერებისკენ იყო მიმართული და ინდოჩინეთის რიგი სამხედრო ბაზების, კერძოდ ჩრდილოეთ ვიეტნამში 3 აეროდრომისა და რამდენიმე სამხედრო საზღვაო ბაზის იაპონიის განკარგულებაში გადასვლას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, იაპონიამ მიიღო ნებართვა, წითელი მდინარის ჩრდილოეთ რაიონში შეეყვანა 6000 ჯარისკაცი, აგრეთვე გადაეყვანა ჩრდილოეთ ვიეტნამზე გავლით ჯარები ჩინეთში იუნანის პროვინციაში სამხედრო მოქმედებების საწარმოებლად. იაპონიის არმიას ტონკინის დელტაში გადაადგილების უფლება ეძლეოდა (ჰქონდა), მაგრამ მხოლოდ საფრანგეთის კოლონიურ ხელისუფლებასთან წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში.

კონვენციაში მითითებული იყო, რომ ინდოჩინეთში ერთდროულად მყოფი იაპონიის ჯარების რიცხვს 25 ათასი ჯარისკაცისთვის არ უნდა გადაეჭარბებინა, მაგრამ იაპონია ამ მითითებას არ იცავდა და კონვენციას ჩრდილოეთ ვიეტნამის „მშვიდობიანი" ოკუპაციისათვის იყენებდა. იაპონიის ჯარები თავს დაესხნენ საფრანგეთის საჯარისო ნაწილებს ჩრდილოეთ ვიეტნამში და დაიწყეს შეტევა ლანგ-სონზე – იმავე სახელწოდების ჩრდილოეთ პროვინციის ცენტრზე. 26.IX იაპონელებმა ჰაერიდან დაბომბეს საპორტო ქალაქი პაიფონი და იქ დესანტი გადასხეს. ოქმი ინდოჩინეთის „ერთობლივი დაცვის“ შესახებ ხელმოწერილ იქნა 1941. 29.VII ეიშიში დარლანისა და სოტომახუ კატოს მიერ. მხარეებმა განაცხადეს, რომ განაახლებენ თავის თავზე ადრე აღებულ ვალდებულებას, რომელთა მიხედვით იაპონია პატივს სცემს „საფრანგეთის უფლებებსა და ინტერესებს აზიაში, განსაკუთრებით საფრანგეთის ინდოჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და საფრანგეთის სუვერენულ უფლებებს ინდოჩინეთის კავშირის ყველა ნაწილში“, ხოლო საფრანგეთი „არ დადებს არანაირ ხელშეკრულებას და თავის თავზე არ აიღებს არანაირ ვალდებულებას მესამე სახელმწიფოების მიმართ, რომელნიც გაითვალისწინებდნენ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ან სამხედრო თანამშრომლობას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად შეეწინააღმდეგება იაპონიის ინტერესებს“. ოქმში ნათქვამი იყო, რომ „ორივე მთავრობა ითანამშრომლებს იმ საკითხში, რომელიც ინდოჩინეთის დაცვას ეხება“. ოქმით, იაპონია იღებდა იურიდიულ საფუძველს, ინდოჩინეთში ჰყოლოდა იქ ადრე შეყვანილის ჯარები და განელაგებინა დამატებითი სამხედრო ნაწილების ახალი კონტინგენტი ინდოჩინეთის „უსაფრთხოების მუქარის“ საბაბით. იაპონიამ გამოიყენა ოქმის დადგენილებები და 1941 მეორე ნახევარში ინდოჩინეთში თავისი ჯარების რაოდენობა 125 ათასამდე გაზარდა.

ინდოჩინეთთან დაკავშირებით იაპონიის ეკონომიკური მოთხოვნები წარმოდგენილი იყოს 1940.2.VIII იაპონიის მთავრობის ნოტაში, რომელშიც წამოყენებული იყო ფრანგული და იაპონური საწარმოების მიმართ თანასწორი დამოკიდებულების მოთხოვნა. საფრანგეთის წარმომადგენლები იძულებულნი იყვნენ ამ მოთხოვნებზეც დათმობებზე წასულიყვნენ.

საფრანგეთ-იაპონიის შეთანხმება ხელმოწერილ იქნა 1940.30.VIII ტოკიოში, ის ინდოჩინეთში იაპონიისთვის გარკვეული ეკონომიკური პრივილეგიების მინიჭებასა და ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებების ჩატარებას ითვალისწინებდა. შეთანხმების თანახმად, ჩატარდა საფრანგეთ-იაპონიის ეკონომიკური მოლაპარაკებები, რაც 1941 წლის მაისში ახალი ეკონომიკური შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. საფრანგეთ-იაპონიის შეთანხმებას ხელი მოაწერეს 1940.6.V. 5 წლის ვადით, იგი იაპონიას უპირატესი ხელშეწყობის უფლებას ანიჭებდა. ამ შეთანხმებით, იაპონელი მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომი გახდა ინდოჩინეთში უწინ უცხოელთათვის აკრძალული საწარმოო საქმიანობა. ისინი იძენდნენ სასოფლო-სამეურნეო, სამთამადნო კონცესიების მიღებისა და ინდოჩინეთის მდიდარი ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამოყენების უფლებას. შეთანხმება აგრეთვე ითვალისწინებდა შერეული ფრანგულ-იაპონური კომპანიების შექმნას, რომლებშიც იაპონური კაპიტალის წილი 50%-ს მიაღწევდა. შეთანხმება იაპონიას სასურსათო რესურსებისა და ნედლეულის სტრატეგიული სახეობების გამოყენების სფეროში დიდ შესაძლებლობებს ანიჭებდა. აღნიშნულ შეთანხმებას ავსებდა რიგი სხვა ეკონომიკური ხასიათს შეთანხმებები. მათ რიცხვს ეკუთვნის ინდოჩინეთში საფრანგეთის უმაღლესი კომისრის დეკესა და იაპონიის ელჩ იოსიძავას მიერ ხელმოწერილი შეთანხმება კალისა და ვოლფრამის მაღაროების დამუშავებისათვის შერეული ფრანგულ-იაპონური საზოგადოების შექმნის შესახებ. აგრეთვე შეთანხმება ინდოჩინეთის ბანკსა და „იოტოპამა სპეშლ ბენკს“ შორის, რომელიც ითვალისწინებდა ინდოჩინური ბანკის მხრიდან იაპონური ბანკისადმი ავანსების გაცემას პიასტრუბში, იაპონიის მიერ ინდოჩინეთში წარმოებული შესყიდვების ასანაზღაურებლად, ხოლო იაპონური ბანკისათვის, თავის მხრივ, ინდოჩინურ ბანკში შესაბამისი თანხის იაპონურ იენებში შეტანას. ყველა ეს შეთანხმება ხელს უწყობდა ინდოჩინეთში იაპონური ეკონომიკური ექსპანსიის გაძლიერებასა და მისი ეკონომიკური რესურსების გამოყენებას საომარი მოქმედებების საწარმოებლად.

იაპონიამ ინდოჩინეთში ხელთ იგდო მნიშვნელოვანი პოზიციები საფინანსო სფეროში, სამთამადნო მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტზე, საგარეო და საშინაო ვაჭრობაში. საფრანგეთის კოლონიური ადმინისტრაცია ყოველწლიურად მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავდა იაპონიის საოკუპაციო ჯარების შესანახად. ამგვარად, ყველა ეს შეთანხმება საშუალებას აძლევდა იაპონიას, გამხდარიყო ვიშისტური საფრანგეთის „პარტნიორი“ ინდოჩინეთის ძარცვაში, რითაც თავს ახვევდა ინდოჩინეთის ხალხებს კოლონიური რეჟიმის უმძიმეს უღელს. შემდგომში ვიშის მთავრობა იაპონიასთან სრულფასოვან თანამშრომლობაზე გადავიდა. ამ მიზნით შეიქმნა „კავშირის სპეციალური ორგანო“, რომელიც 1941 წლის ბოლოდან გარდაიქმნა ფრანგულ-იაპონური ურთიერთობების გენერალურ სამდივნოდ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები