საქართველოს ნიადაგები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს ნიადაგები – ნიადაგი ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია და მასზე განსაკუთრებით აისახება ლანდშაფტშემქმნელი სხვა ელემენტების ზემოქმედებისა და ურთიერთკავშირის შედეგები.

ნიადაგების მრავალფეროვნებისა და სივრცითი დიფერენციაცის კანონზომიერების განმსაზღვრელი ფაქტორებია –ლითოლოგია, რელიეფი (სიმაღლე, ფერდობის დახრილობა და ექსპოზიცია), ჰავა, ჰიდროლოგიური რეჟიმი, მცენარეულობა და სხვ. გარდა ამისა, ისტორიულ პერიოდში აქტიურ ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორად გვევლინება ადამიანის სამეურნეო საქმიანობა, რის შედეგადაც, ზოგან ნიადაგის განსაკუთრებული ტიპი, ე.წ. ანთროპოგენური ნიადაგიც კი წარმოიქმნა (ძველ ხელოვნურ ტერასებზე ან ხანგრძლივი ირიგაციით ჩამოყალიბებული ნიადაგები).

ნიადაგური საფარი სრულად არეკლავს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების მთელ კომპლექსს, რის გამოც მას სავსებით სამართლიანად, ლანდშაფტის „სარკედ“ მიიჩნევენ.

საქართველოს ნიადაგების და მათი წარმოშობა-გავრცელების კვლევას დიდი ამაგი დასდეს მ. საბაშვილმა (1965, 1970), ი. ანჯაფარიძემ (1979), გ. ტალახაძემ (1962, 1964), გ. ტარასაშვილმა (1956, 1985), მ. დარასელიამ (1974), თ. ურუშაძემ (1969, 1979), ე. ნაკაიძემ (1980) და სხვ.

მ. საბაშვილის (1970) მიხედვით, საქართველოს ტერიტორია დაყოფილია სამ ნიადაგურ-გეოგრაფიულ ოლქად, რომელთა ფარგლებში გამოიყოფა ნიადაგური ზონები და რაიონები.

სარჩევი

დასავლეთ საქართველოს ნიადაგები

დასავლეთ საქართველოს ნიადაგური ოლქის თავისებურებას წარმოადგენს, კოლხეთის ნოტიო ჰავისა და ვაკის ბრტყელ რელიეფთან დაკავშირებით, ქვედა ზონაში – ჭაობის, ხოლო გორაკ-ბორცვებზე წითელმიწა, ყვითელმიწა და ეწერი ნიადაგების ფართო გავრცელება, მთა-ტყისა და მთა-მდელოს ნიადაგური კომპლექსის ვერტიკალური საზღვრების დაწევა (საქართველოს სხვა ოლქებთან შედარებით) და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგების ფართო გავრცელება.

კოლხეთის დაბლობზე ძირითადად წარმოდგენილია ალუვიური და ჭარბტენიანი ნიადაგები. კერძოდ, მის დასავლეთ ნაწილში ფართო გავრცელებით სარგებლობს ტორფიან-ლამიანი, ხოლო ვაკის აღმოსავლეთით, გორაკ-ბორცვიან ზონაში – ეწერი, წითელმიწა, ყვითელმიწა ნიადაგები და მათი სახესხვაობები. ტორფიანი ნიადაგები, ძირითადად, დაბლობის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ზღვის მახლობლადაა გავრცელებული. კოლხეთის დაბლობის მელიორაციულმა ღონისძიებებმა, რიგ შემთხვევაში არადამაკმაყოფილებელი შედეგები გამოიღო. სხვა გეოგრაფიული პირობებისათვის შემუშავებულმა ტექნოლოგიებმა და მათმა მექანიკურმა გადმოტანამ, რასაც მოჰყვა ადგილობრივი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების უგულებელყოფა, არასასურველი სიტუაციები შექმნა. მიუხედავად ამისა, დასავლეთ საქართველოს ჭაობიანი ნიადაგური ფონდი ის რეზერვია, რომელსაც საკმაოდ დიდი პერპექტივააქვს მეურნეობის განვითარებისათვის.

ეწერი ნიადაგები

კოლხეთის დაბლობის გორაკ-ბორცვიან ზონაში, უმთავრესად ეწერი ნიადაგებია გავრცელებული. ისინი ტიპიურადაა წარმოდგენილი მდ. კოდორის, ენგურის, რიონის, ცხენისწყლისა და ყვირილას ზედა ტერასებზე. საკუთრივ ეწერ ნიადაგებთან აქ ხშირად მორიგეობს ეწერ-ლებიანი ნიადაგები, რომელთა გალებების (ჭარბტენიანობის) პროცესები თითქმის მთლიანად რელიეფურ პირობებსა და მექანიკურ შედგენილობაზეა დამოკიდებული. იმისდა მიხედვით, თუ ნიადაგური პროფილის რა ნაწილს მოიცავს გალებება, განისაზღვრება აგრომელიორაციულ ღონისძიებათა სისტემა და ტექნოლოგია.

ალუვიური ნიადაგები

დასავლეთ საქართველოს დაბლობ ნაწილში, მდინარეთა ხეობების გასწვრივ, ფართოდაა გავრცელებული ალუვიური ნიადაგები, რომლებიც სახესხვაობების სიმრავლით (უკარბონატო, ქვიშიანი, დაჭაობებული) გამოირჩევიან. ეს ნიადაგები გამოიყენება უმთავრესად, სიმინდისა და ბოსტნეულისათვის. გარდა ამისა, მასზე კარგად ხარობს თამბაქო (აფხაზეთი, სამეგრელო), ციტრუსები, ხეხილი და სხვ.

წითელმიწები

წითელმიწებს უჭირავს გორაკ-ბორცვების უდიდესი ნაწილი აჭარაში, გურიასა და სამეგრელოს დასავლეთ ნაწილში. მცირედ დახრილ (8-6°-ზე ნაკლები) ფერდობებსა და გორაკ-ბორცვების თხემებზე ჭარბობს გალებებული წითელმიწები. წითელმიწებს და მათ სახესხვაობებს დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვთ. მათზეა გაშენებული სუბტროპიკული კულტურების მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩაის პლანტაციები. მოსავლიანობის გადიდებისათვის ეს ნიადაგები მოითხოვს კალციუმის, ფოსფორისა და აზოტის დეფიციტის მუდმივ შევსებას.

ყვითელმიწები

დასავლეთ საქართველოს გორაკ-ბორცვების ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში – აფხაზეთის, სამეგრელოს, იმერეთის (წყალტუბო, ხონი) ტერიტორიაზე ტიპიურადაა წარმოდგენილი ყვითელმიწები. მათი წარმომქმნელი ლითოლოგიური სუბსტრატია მესამეული თიხაფიქლები და თიხები. აღნიშნული ნიადაგები ხასიათდება მცირე სისქის გამოფიტვის ქერქით და ჰიდრატირებული რკინის ჟანგის შემცველობით. წითელმიწების მსგავსად, ყვითელმიწებიც ხშირად განსხვავებული სახესხვაობებით ხასიათდებიან.

ყვითელმიწა ნიადაგების გამოყენება ეფექტურია მონოკულტურების (ჩაი, ტუნგო, ციტრუსები) განვითარებისათვის. მათი ზოგი სახესხვაობა არახელსაყრელი ფიზიკური თვისებების (ცუდი აერაცია, დაბალი წყალგამტარობა და სხვ.) გამო, ოპტიმალური ბიოპროდუქციის მისაღებად, ორგანული და მინერალური სასუქების შეტანას საჭიროებს.

ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები

დასავლეთ საქართველოს მთიან და მთისწინეთის ზოლში, კირქვების, კონგლომერატებისა და მერგელების გამოფიტვის ქერქზე, განვითარებულია ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები და მათი სახესხვაობები. ეს ნიადაგები განსაკუთრებით ფართოდ არიან წარმოდგენილნი აფხაზეთის ჩრდილო რაიონებში, მთა ურთაზე (ზუგდიდის რ-ნი), ეკის მთაზე (ხობისა და სენაკის რ-ები), აგრეთვე, ჩხოროწყუს, მარტვილის, ტყიბულის რაიონების ტერიტორიაზე და სხვ. ეს ნიადაგები თითქმის არ გვხვდება აჭარაში, ნაკლებადაა ისინი აღმოსავლეთ საქართგელოში.

ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები, კარბონატულობის და ხირხატიანობის გამო, წარმატებითაა გამოყენებული ვაზის, ხეხილის, თამბაქოს, დაფნის, ციტრუსების და სხვა კულტურებისათვის. მინერალური სასუქების გამოყენებით შესაძლებელია სიმინდის საკმაოდ მაღალი მოსავლის მიღებაც.

ყომრალი ნიადაგები

უფრო მაღალი ჰიფსომეტრიული ზონა წარმოდგენილია ყომრალი ნიადაგებით, რომლებიც უმთავრესად ქვიშაქვებისა და თიხაფიქლების გამოფიტვის ქერქზე ვითარდებიან. დასავლეთ საქართველოში ტყის მცენარეულობის მკვეთრად გამოხატული ზონალური ხასიათი, რელიეფურ და კლიმატურ ნაირგვარობასთან ერთად, განსაზღვრავს ყომრალი ნიადაგების მრავალფეროვნებასაც. ქვედა ზონაში (ზღვის დონიდან 1400-1500 მ) ფოთლოვანი ტყის ქვეშ ტიპიური ყომრალი ნიადაგებია გავრცელებული, ხოლო ზედა ზონაში (ზღვის დონიდან 1500-2100 მ) წიწვიანებისა და, ნაწილობრივ, წიფლნარების ქვეშ, ყომრალი ნიადაგების განსხვავებული სახესხვაობებია გაბატონებული. ფერდობების დიდი დაქანებისა და ეროზიული პროცესების ინტენსივობის გამო, მთა-ტყეთა ზონაში დიდი ფართობი უკავია განუვითარებელ და ჩამორეცხილ ნიადაგებსაც. დამაკმაყოფილებელი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გამო, ყომრალი ნიადაგები განსაკუთრებით ხელსაყრელია სიმინდისა და მრავალწლიანი ნარგავებისათვის. განსაკუთრებით მაღალ შედეგს იძლევა მინერალური და ორგანული სასუქების შეტანა.

მთა-მდელოს ნიადაგები

დასავლეთ საქართველოში საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს მთა-მდელოს ნიადაგებს (ზღვის დონიდან 2000 მ-დან 3000 მ-მდე) აფხაზეთის, სვანეთისა და იმერეთის მთიანეთში. შედარებით ნაკლებია აჭარაში. ცივი კლიმატური პირობებით გამოწვეული ნიადაგწარმომქმნელი პროცესების სუსტი განვითარება განსაზღვრავს ამ ზონაში მთა-მდელოს ნიადაგების თავისებურებას.

კორდიან-ტორფიანი ნიადაგები

ნიადაგწარმოქმნის პირობები შედარებით უკეთესია სუბალპური მდელოების ზონაში, სადაც ჩამოყალიბებულია კორდიან-ტორფიანი და კორდიანი ნიადაგები. ნაკლებად განვითარებული მცენარეული საფარისა და ძლიერი დენუდაციის გამო, კლდოვანი მთების ზოლისათვის დამახასითებელია ქვაყრილები და ნიადაგის პრიმიტიული სახეების გავრცელება. მთა-მდელოს ნიადაგური ზონა გამოიყენება მესაქონლეობის ბუნებრივ საკვებ ბაზად.

აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგები

აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგური ოლქი დასავლეთ საქართველოსთან შედარებით, ხასიათდება მთა–ტყისა და მთა-მდელოს ზონის უფრო მაღალი ჰიფსომეტრიული მდებარეობით. დაბალ ჰიფსომეტრიულ ნიშნულებზე (ზღვის დონიდან 700-750 მ) ვრცელდება ველებისა და ნახევარუდაბნოების შავმიწა, წაბლა და რუხი მურა ნიადაგების ზონა (საბაშვილი, 1970), რომელიც ძირითადად მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს ვაკეებსა და მთისწინებს. კერძოდ, მდ. მტკვრისა და იორის ძველ ტერასებს, მცირე სიმაღლის ზეგნებს (შირაქის ველი, გარეჯის ვაკე და სხვ.) და გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს.

ამ ზონის ნიადაგებს საკმაოდ დიდი სახესხვაობა ახასიათებთ. ქვედა ნაწილში ძირითადად წარმოდგენილია უდაბნო-ველის რუხი ნიადაგები (ელდარის ველზე), ხოლო ზედაში – წაბლა და შავმიწა ნიადაგები (სამგორის, გარეჯის, შირაქის ველები). ეს ზონა ძირითადად გამოყენებულია მარცვლეული კულტურების, ვაზის, უფრო ნაკლებად ხეხილისა და ბოსტნეულისათვის. აღმოსავლეთ საქართველოს ბარის (ქვედა ზონის) ნიადაგების ნაყოფიერების ასამაღლებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ბალახების თესვას, ორგანული და მინერალური სასუქების შეტანას, ზოგან მორწყვას.

უფრო მაღლა, ვაკეებისა და მთისწინების გარდამავალი ტყე-ველისა და ტყის ყომრალი ნიადაგების ზონა, მოიცავს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას, რომლის ქვედა ნაწილის ფონს ქმნის ძველ ალუვიური (მდელოს) კარბონატული ნიადაგები, რომლებიც გამოირჩევიან კარბონატების განსაკუთრებით დიდი შემცველობით (20-35%) და მტვრიან-ლამიანი შემადგენლობით, ამიტომაც, მათ ზოგან (მდ. დიდი ლიახვის მარჯვენა სანაპირო) „ლამებს“ უწოდებენ (საბაშვილი, 1970). ეს ნიადაგები გამოიყენება მარცვლეულის, ხეხილისა და სხვა კულტურებისათვის.

ზემოაღნიშნული ზონის ზედა ნაწილი გამოირჩევა მდელოს ყავისფერი, ზოგან კი შავმიწისებრი ნიადაგების ფართო გავრცელებით. მდელოს ყავისფერი ნიადაგები წაბლა ნიადაგებისაკენ გარდამავალი ნიშნით ხასითადებიან და ვრცელდება უფრო დასავლეთით (დიღმის ველი). შავმიწისებრი ნიადაგები კი ტიპიურადაა წარმოდგენილი შიდა ქართლში, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვ.

ალაზნის ვაკე, ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების შესაბამისად, ნიადაგური თავისებურებებითაც გამოირჩევა. ამ მხრივ, საკმაოდ განსხვავებულია მისი მარჯვენა და მარცხენაპირეთი. ალაზნის მარცხენა (გაღმა) მხარეში უმთავრესად გვხვდება ალუვიურ-უკარბონატო ნიადაგები, ფართოდ გავრცელებულ გამოხიდვის კონუსებზე მცირე სისქის ღორღიანებია წარმოდგენილი. რაც შეეხება მდ. ალაზნის მარჯვენაპირეთს, აქ გაბატონებულია მდელოს ალუვიურ-კარბონატული ნიადაგები, შუა წელში კი ჭარბობს ძველალუვიურ-კარბონატული ნიადაგები, ხოლო მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დიდი ფართობი უჭირავს სხვადასხვა სახისა და ხარისხის მლაშობ და ბიცობიან ნიადაგებს.

ალაზნის ვაკის ნიადაგები განსაკუთრებით გამორჩეულია ვენახების დიდი მოსავლიანობით და ღვინის საუკეთესო ხარისხით.

აღმოსავლეთ საქართველოს მთა-ტყის ნიადაგების ზონა საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავს ზღვის დონიდან 700-2000 მ ინტერვალში. ამ ზონის ქვედა, გარდამავალ ზოლში უმთავრესად ვხვდებით ყავისფერ ნიადაგებს, ნაკლებად – შავმიწისებრ ნიადაგებს. აქა-იქ კირქვებსა და კირნალ კონგლომერატებზე ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებია (გომბორის ქედის ჩრდილო ფერდობები). ეს უკანასკნელი საუკეთესოა ვაზისათვის, ამიტომაც, მათზე ყველაზე მეტადაა გაშენებული ვენახები.

ტყის ზონის ზედა სარტყელში, წიწვიანებისა და წიფლნარების ქვეშ, გავრცელებულია მჟავე, ყომრალი ნიადაგები (ბორჯომის ხეობა, კახეთის ქედის ტყიანი ზოლი და სხვ.). ყომრალი ნიადაგები ძირითადად ტყეებითაა დაფარული, შედარებით მცირე ნაწილი (მთისწინებზე) ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებით. ტყის ყომრალი ნიადაგების გამოყენება შესაძლებელია როგორც სახნავი, სათიბ-საძოვარი და ტყის სავარგულები. მათ ნაყოფიერებას ადიდებს აზოტოვანი და ფოსფოროვანი სასუქების შეტანა, ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება და სხვ.

მთა-მდელოს ნიადაგური ზონა აღმოსავლეთ საქართველოში მოიცავს ძირითადად კავკასიონის აღმოსავლეთი ნაწილისა და თრიალეთის ქედების ზოლს, ზღვის დონიდან 2000 მ-დან 3500-3600 მ-მდე. აღმოსავლეთ საქართველოშიც ამ ნიადაგებს დიდი სიჭრელე ახასიათებს და წარმოდგენილია სუბალპურ ზონაში კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგებით, ალპურ მღელოებში კი – მცირე სისქის კორდიან-ტორფიანებით და სუსტად განვითარებული, ჩამორეცხილი, პრიმიტიული ნიადაგებით.

დენუდაციური პროცესების ფართო გავრცელების გამო, მთა-მდელოს ნიადაგები შედარებით ახალგაზრდა ასაკით გამოირჩევიან და გამოიყენებიან ისინი ძირითადად სათიბ-საძოვრებად. მათი რაციონალურად გამოყენების აუცილებელი პირობაა ძოვების ნორმირება, მინერალური და ორგანული სასუქების შეტანა და ბალახების შეთესვა.

სამხრეთ საქართველოს ნიადაგები

სამხრეთ საქართველოს ნიადაგურ-გეოგრაფიული ოლქი დიდ მსგავსებას იჩენს აღმოსავლეთ საქართველოსთან, მაგრამ, ამასთანავე, მისგან განსხვავდება მთის შავმიწების ფართო გავრცელებით.

ოლქის ქვედა ნაწილში, ახალციხის ქვაბულის, მესხეთისა და ერუშეთის ქედების მთისწინეთისათვის ტიპიურია რუხი-ყავისფერი და ყავისფერი ნიადაგები. კიდევ უფრო მაღლა, ერუშეთის ქედის ტყიან ზონაში ყომრალი ნიადაგებია გაბატონებული. მდ. ქვაბლიანისა და ფოცხოვის ხეობაში საკმაოდ დიდი ფართობი უჭირავს ალუვიურ-კარბონატულ ნიადაგებს. ეს ზონა ინტენსიური მიწათმოქმედების რაიონია, მოჰყავთ მარცვლეული, კარტოფილი, ხეხილი და ბოსტნეული კულტურები. ჰავის სიმშრალის გამო, ნიადაგები მორწყვას საჭიროებენ.

სამხრეთ საქართველოში მთა-ტყის ნიადაგები წარმოდგენილია ყომრალი, ყავისფერი და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული ჭობარეთის ქედზე. ზეგნების უდიდესი ვაკე ნაწილი (ზღვის დონიდან 1200-2000 მ) შავმიწებს უჭირავს, ხოლო ნატბეურებზე და ტბებისპირას - ჭარბტენიანი ნიადაგებია. კიდევ უფრო მაღლა, ჯავახეთის ზეგნისა და წალკის პლატოს შემომსაზღვრელ ქედებზე შავმიწებს ცვლის მთის შავმიწისებრი ნიადაგები.

სამხრეთ საქართველოს შავმიწები გამოიყენება მარცვლეული კულტურების, მათ შორის ხორბლისა და სიმინდისათვის. გარდა ამისა, მასზე მოჰყავთ კარტოფილი და ჭარხალი. აღსანიშნავია, რომ ამ ნიადაგების რაციონალური გამოყენება და მათზე მაღალი მოსავლიანობის მიღება დიდადაა დამოკიდებული აგრონომიული ღონისძიებების სწორ და დროულ განხორციელებაზე.

განსახილველ ოლქში მთა-მდელოს ნიადაგების ზონა ძირითადად მოიცავს ჯავახეთის, სამსრისა და ნიალისყურის ქედების მაღალმთიანეთს და ერუშეთის მაღლობის თხემურ ნაწილს. ქვედა ზოლში (ზღვის დონიდან 2000-2200 მ-მდე) გავრცელებულიამთა-მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები, ხოლო უფრო მაღლა (ზღვის დონიდან 2300-2400 მ-ს ზემოთ) მათ ცვლის მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგები, რომელსაც ალაგ-ალაგ ენაცვლება კორდიან-ტორფიანი და ტორფიანი ნიადაგები (დეკიანებში). სამსრის ქედის თხემზე და ალპურ ზონაში გაბატონებულია სუსტად განვითარებული და ქვიანი ნიადაგები.

აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგურ-სივრცობრივ სტრუქტურაში საკმაოდფართოდაა წარმოდგენილი ე.წ. დაწიდული ნიადაგები, რომლებიც გეოქიმიურად დაქვემდებარებული ლანდშაფტების პირობებში შავმიწა, წაბლა და ყავისფერი ნიადაგების კომპლექსებს ქმნიან. ისინი ძირითადად ფორმირდებიან სუსტად დანაწევრებულ მთისწინებსა და მთათაშორის დადაბლებებში, ნაკლებად – გორაკ-ბორცვებზე (საქართველოს ნიადაგების ატლასი, 1984).

საქართველო გამორჩეული რეგიონია არა მარტო თანამედროვე ნიადაგების მრავალფეროვნებითა და ორიგინალობით, არამედ ის რელიქტური ნიადაგების გარვცელების ერთ-ერთ ტიპიურ რეგიონსაც წარმოადგენს. რელიქტური ნიადაგები გადაფარებულია სხვადასხვა გეოლოგიური ასაკის შრეებით და ამჟამად გამოთიშულნი არიან ნიადაგწარმოქმნის პროცესებიდან. ამ ტიპის ნიადაგები საქართველოში თითქმის ყველგანაა შემორჩენილი (კოლხეთში, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს მთელ რიგ ადგილებში).

საქართველოში დამუშავებული მიწების ერთი მესამედი ეროზირებულია, რასაც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ქვეყნის ფიზიკურ-გეოგრაფიული თავისებურებანი. ეროზიული პროცესები (მეტ-ნაკლები ხარისხით) თითქმის ყველგან შეინიშნება (15º-ზემეტი დაქანების ფერდობებზე). გაცილებით ინტენსიურია ეს პროცესები დასავლეთ საქართველოში, სადაც კოლხური ლანდშაფტებიდან, მხოლოდ ერთი ინტენსიური წვიმის დროს 1 ჰა სავარგულიდან შეიძლება ჩამოირეცხოს 120-150 ტ ნაყოფიერი ნიადაგი (მაჭავარიანი, 1981).

ეროზიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ეროზიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გატარება. ეფექტურ ღონისძიებებად მიღებულია: ფერდობების განივი დამუშავება, დაკვალვა-დატერასება, ზედაპირული ჩამონადენის აცილება, აგრეთვე, ბუფეროზოლების, ქარსაცავი, წყალმარეგულირებელი ტყის ზოლებისა და კულისების მოწყობა, ნიადაგების დაკორდება და სხვ.

აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ ნიადაგებში კარგ ეფექტს იძლევა ირიგაციულ ეროზიასთან ბრძოლა და ხელოვნური დაწვიმება; ხოლო ბიცობიანი და დამლაშებული ნიადაგების კომპლექსი მოითხოვს ძირეული აგრომელიორაციული და აგრობიოლოგიური ღონისძიებების გატარებას (დახრამვასთან და სუფოზურ მოვლენებთან ბრძოლა).

საქართველოს მთა-მდელოს ნიადაგებში ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციფიურ საშუალებას წარმოადგენს ძოვების რეგულირება და საძოვართბრუნვა, ბალახების შეთესვით; ასევე, ფიტომელიორაცია და სელური კერების წარმოშობის წინააღმდეგ ბრძოლა.

თანამედროვე ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორთა შორის, ნიადაგებისა და ნიადაგური საფარის ანთროპოგენური ევოლუციის (ხშირად პათოლოგიის) როლი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ძირფესვიანად იცვლება ნიადაგური რეჟიმი (დაშრობა, ირიგაცია), ნიადაგური ჰორიზონტების სისტემა (პლანტაჟირება), ცალკეული თვისებები (ქიმიზაცია) და სხვ. ნიადაგების ევოლუციის ტემპები ბუნებრივთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალია, რის გამოც ანთროპოგენური ევოლუციის მიმართულება ხშირად არაპროგნოზირებადია, რასაც ნეგატიურ შედეგებამდე მივყევართ (მეორადი დამლაშება, დაწიდულობა, ლიტიფიკაცია, ქიმიური გაჭუჭყიანება, ეროზია და სხვ.). ამდენად, ნიადაგების ანთროპოგენური ევოლუციის დინამიკის დადგენა, საქართველოს მრავალფეროვან ბუნებრივ პირობებში, თანამედროვე ნიადაგმცოდნეობის აქტუალურ (თეორიული და პრაქტიკული) პრობლემათა რიგს მიეკუთვნება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები