საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება და შეთანხმებები
საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება და შეთანხმებები
სარჩევი |
ხელშეკრულება მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ
ხელი მოეწერა ქ. თბილისში 1994 წლის 3 თებერვალს. საქართველოს რესპუბლიკის სახელით ხელი მოაწერა ე. შევარდნაძემ. რუსეთის ფედერაციის სახელით – ბ. ელცინმა.
ხელშეკრულება შედგება პრეამბულისა და 35 მუხლისაგან. ხელშეკრულებაში საგანგებოდ აღინიშნა, რომ მხარეები ეყრდნობიან ისტორიულად ჩამოყალიბებულ კავშირებს, თავიანთი ხალხების ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. მიაჩნიათ, რომ მეგობრული, კეთილმეზობლური, ურთიერთხელსაყრელი და თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განვითარება და განმტკიცება შეესაბამება ორივე სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს. ცნობენ საერთაშორისო სარბიელზე, ევროპასა და მსოფლიოში მშვიდობის, უშიშროებისა და სტაბილურობის ინტერესებისათვის შეთანხმებული მოქმედების მიზანშეწონილობას. ისწრაფვიან, ყოველმხრივ განავითარონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და მიანიჭონ მას ახალი თვისებრიობა. ხელმძღვანელობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებითა და წესდების პრინციპებით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისინი თავიანთ ურთიერთობას ააგებენ როგორც მეგობრული სახელმწიფოები. ვალდებულებას კისრულობენ, თანამიმდევრულად იხელმძღვანელონ ერთმანეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ხალხთა თანასწორუფლებიანობის, საკუთარი ბედის განგების უფლების პატივისცემის, საშინაო საქმეებში ურთიერთჩაურევლობის, ძალისა თუ ძალით დამუქრების, ურთიერთშორის ეკონომიკური თუ ზემოქმედების სხვა ხერხების გამოუყენებლობის, დავის მშვიდობიანი მოგვარების, ადამიანის უფლებების პატივისცემის, თანამშრომლობისა და საერთაშორისო ვალდებულებათა კეთილსინდისიერი შესრულების პრინციპებით, აგრეთვე სამართლის სხვა საყოველთაოდ აღიარებული ნორმებით.
მხარეები თანამოქმედებენ იმ მიზნით, რომ განამტკიცონ მშვიდობა, სტაბილურობა და უშიშროება როგორც გლობალური, ისე რეგიონული მასშტაბით. ისინი ცნობენ ერთმანეთის ხელშეუვალ უფლებას, განახორციელონ საჭირო ღონისძიებები თავიანთი სახელმწიფო საზღვრების დასაცავად, ხელმძღვანელობენ რა ამ დროს კეთილმეზობლობისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპებით. მხარეები მონაწილეობას არ მიიღებენ რაიმე კავშირებსა თუ ბლოკებში, რომლებიც მიმართული იქნება რომელიმე მათგანის წინააღმდეგ. აღიარების თითოეული მათგანის უფლებას სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპების ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. თანაბარი უფლებებისა და თავისუფლების გარანტიას აძლევენ თავიანთ მოქალაქეებს მათი ეროვნების, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების მიუხედავად.
მხარეები ავითარებენ თანასწორუფლებიან და ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას ეკონომიკაში, ხელს უწყობენ რა შავი ზღვისა და საერთოევროპული ბაზრების, საერთო ეკონომიკური სივრცის ფორმირებას; ხელსაყრელ ეკონომიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ პირობებს ქმნიან მეორე მხარის საწარმოების, ორგანიზაციებისა და ცალკეული მოქალაქეების სამეწარმეო და სხვა საქმიანობისათვის, მათი ინვესტიციების სტიმულირებისა და ურთიერთდაცვის უზრუნველყოფის ჩათვლით.
მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ თანამშრომლობის განვითარებას კოსმოსური სივრცის ათვისების სფეროში, სათანამგზავრო კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინფორმატიკისა და კავშირგაბმულობის სისტემების მართვის ჩათვლით. პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებენ თანამშრომლობას სეისმოლოგიის, ეკოლოგიური უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების დარგში. ავითარებენ თანამშრომლობას განათლების, მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების, ტურიზმისა და სპორტის დარგში.
მხარეები, საერთაშორისო ნორმებისა და თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად, აქტიურად თანამშრომლობენ ორგანიზებული დამნაშავეობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ორივე სახელმწიფოს პარლამენტებისა და პარლამენტარების კონტაქტებისა და თანამშრომლობის განვითარებას.
ხელშეკრულება დაიდო 10 წლის ვადით. მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით, თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ან მორიგი ხუთწლიანი პერიოდის გასვლამდე, არაუგვიანეს 6 თვისა, მხარეებიდან რომელიმე არ განაცხადებს წერილობითი ფორმით, რომ სურს შეწყვიტოს მისი მოქმედება.
შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე
ხელი მოეწერა ქ. თბილისში 1994 წლის 3 თებერვალს. შეთანხმება შედგება პრეამბულისა და 22 მუხლისაგან, მასში აღნიშნულია, რომ მხარეები ისწრაფვიან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისაკენ თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე. მხარეებს განზრახული აქეთ, ხელი შეუწყონ საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო ძალის ერთიანი ბაზრის, ორ ქვეყანას შორის საბაჟო კავშირის ფორმირებისათვის სათანადო პირობების შექმნას. შეთანხმება ძალაში შევიდა ხელშემკვრელი მხარეების მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ შეტყობინებების გაცვლის დღიდან და ძალაში დარჩება თორმეტი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე გაუგზავნის მეორე ხელშემკვრელ მხარეს წერილობით შეტყობინებას მისი მოქმედების შეწყვეტის განზრახვით.
შეთანხმება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
ხელი მოეწერა ქ. თბილისში 1995 წლის 12 ივლისს. საქართველოს რესპუბლიკის სახელით ხელი მოაწერა ე. შევარდნაძემ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან – ბ. ელცინმა.
შეთანხმება შედგება პრეამბულისა და 11 მუხლისგან. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი და რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრება ისწრაფვიან, აქტიურად შეუწყონ ხელი ორი სახელმწიფოს ხალხთა მეგობრობას, ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობის განვითარებას, აღიარებენ მეგობრული და ურთიერთხელსაყრელი კავშირების განვითარებისათვის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აქტუალობას. მხარეები ითანამშრომლებენ პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სხვა იმ სფეროებში ურთიერთობების განვითარების მიზნით, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენენ. მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ. მხარეთა ურთიერთქმედების ორგანიზაციისა და კოორდინაციისათვის ფუძნდება საქართველოს პარლამენტისა და რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების თანამშრომლობის მუდმივმოქმედი საპარლამენტთაშორისო კომისია, რომელიც ხელს შეუწყობს საპარლამენტთაშორისო კავშირებისა და კონსულტაციების განვითარებას. მხარეები ხელს შეუწყობენ იმ სამეცნიერო დაწესებულებათა მუდმივი კავშირების დამყარებას, რომლებიც ორივე სახელმწიფოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოებთან მოქმედებენ.
შეთანხმება ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან. მისი მოქმედება გაგრძელდება მანამ, სანამ რომელიმე მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს, რომ სურს მისი მოქმედების შეწყვეტა.