საქონლის ბირჟა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქონლის ბირჟა - (commodity exchange, ლათ. bursa საფულე), საქონლის ბაზრის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი რგოლი, ბაზრის ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა საბითუმო საქონლის ბაზრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა.

საქონლის ბირჟა სარგებლობს იურიდიული პირის უფლებებით. იგი უზრუნველყოფს საბითუმო გარიგებებს და ორგანიზაციას უწევს საბირჟო ვაჭრობას, თვითონ არც ვაჭრობს და არც საშუამავლო საქმიანობას ეწევა. საბირჟო გარიგებები არ შეიძლება დაიდოს ბირჟის სახელით და მის ხარჯზე. ამგვარ გარიგებებს ბირჟის წევრები დებენ. საქონლის ბირჟის მოსამსახურეები არ შეიძლება იყვნენ მისი წევრები, ისევე, როგორც სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები, ბანკები, სადაზღვევო საინვესტიციო კომპანიები (თუმცა ამ კომპანიებს უფლება აქვთ ითვლებოდნენ საქონლის ბირჟის საფონდო და სავალუტო განყოფილებების წევრებად). უძრავი ქონება და ინტელექტუალური საკუთრება არ არის საბირჟო საქონელი. საბირჟო ვაჭრობისას შეიძლება განხორციელდეს შემდეგი გარიგებები: რეალური საქონლის ყიდვა დაუყოვნებელი მიწოდებით; რეალური საქონლის ყიდვა განვადებით მიწოდებით, ე.ი. მომავალი საქონლის, მაგ., მომავალი მოსავლის შეძენა; საქონლის მიწოდებაზე სტანდარტული კონტრაქტების, ე.ი. არა საქონლის, არამედ საქონლის მიწოდების შესახებ კონტრაქტების ყიდვა; მომავალში კონტრაქტის დადების უფლების ყიდვა.

საქონლის ბირჟაზე მყიდველებისა და გამყიდველების სახელითა და დავალებით მოქმედებენ შუამავლები - საბროკერო კანტორები, საბროკერო ფირმები და დამოუკიდებელი ბროკერები, დილერები. საქონლის ბირჟაზე ფასები თავისუფლად ფორმირდება ვაჭრობის პროცესში. ფასების დონის ან მისი საზღვრების დადგენა საბირჟო ვაჭრობაში აკრძალულია. საქონლის ბირჟაზე დამოუკიდებლად განსაზღვრავენ იმ გადასახდელების სიდიდეს, რომლებსაც იღებენ საბირჟო ვაჭრობის მონაწილეთაგან გაწეული მომსახურებისათვის, შუამავლებისაგან საკომისიოს სახით, აგრეთვე ჯარიმას საბირჟო ვაჭრობის წესების დარღვევისათვის და სხვ.

განასხვავებენ სპეციალიზებულ და უნივერსალურ ბირჟებს. სპეციალიზებული ბირჟებია: ფერადი ლითონების ბირჟა, ნავთობის ბირჟა, ბამბის ბირჟა და ა.შ. საქონლის ბირჟა განსაზღვრავს საბირჟო გარიგებების (ხელშეკრულებების) რეგისტრაციისა და გაფორმების წესებს, აგრეთვე სანქციებს იმ მონაწილეთა მიმართ, რომლებიც ბირჟაზე ახერხებენ გარიგებების დადებას „კულისებში”" ე.ი. ღია ვაჭრობის გვერდის ავლით. საინფორმაციო სამსახურის სწორი ორგანიზაციის შედეგად ბირჟები მდიდარ ინფორმაციას ფლობენ ფასების დინამიკის, სხვადასხვა საქონელზე მოთხოვნისა და მიწოდების შესახებ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბირჟაზე ფასების კოტირებას, რასაც ახდენს სპეციალური კომისია წინა ვაჭრობების შედეგების მიხედვით. კომისია განსაზღვრავს საქონლის ტიპურ, საცნობარო ფასს, რომელიც გამოხატავს ბაზრის კონიუნქტურას ვაჭრობის დღეს. მოცემული საქონლის ყიდვა-გაყიდვის გარიგებათა სიმრავლის შემთხვევაში ტიპურია დადებულ გარიგებათა საშუალო ფასი. თუ გარიგებათა რიცხვი მცირეა, მაშინ ტიპური ფასი განისაზღვრება სპეციალური მეთოდიკით, რომლის მიზანიც შემთხვევითი ფაქტორების გავლენის გამორიცხვაა. გარდა საინფორმაციო და საანგარიშსწორებო მომსახურებისა, საქონლის ბირჟა ვაჭრობის მონაწილეებს აძლევს გარკვეულ გარანტიებს. საქონლის ბირჟის საქმიანობა, როგორც წესი, რეგულირდება კანონით "საქონლის ბირჟისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ".

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები