ინფრასტრუქტურა
ინფრასტრუქტურა - (infrastructure, <ლათ. intra - ქვეშ, struktura - შედგენილობა), ამა თუ იმ სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც დაქვემდებარებული, დამხმარე ხასიათი აქვს, მაგრამ მთელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას განაპირობებს. ინფრასტრუქტურა, ფართო გაგებით, უზრუნველყოფს კვლავწარმოების პროცესის გარეგანი პირობების შექმნას. იგი მეურნეობის განსაკუთრებული სფეროა, რომელიც მომსახურებას უწევს როგორც წარმოებას, ისე მიმოქცევას. განვითარებულ ქვეყნებში ინფრასტრუქტურა იყოფა ოთხ დარგობრივ ჯგუფად:
- წარმოებრივი ინფრასტუქტურა;
- სოციალური ინფრასტრუქტურა;
- ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა;
- ეკოლოგიური ინფრასტრუქტურა.
საბაზრო ურთიერთობის რთული სისტემა მოითხოვს შესაბამის ინფრასტრუქტურას, რომლის გარეშეც ცივილიზებული ბაზრების ფუნქციონირება შეუძლებელია. საბაზრო ინფრასტრუქტურაში შედის ცალკეული ბაზრების ფარგლებში მოქმედი სპეციალიზებული ორგანიზაციები (საქონლისა და საფონდო ბირჟები, საკრედიტო დაწესებულებები, სადაზღვევო კომპანიები, ბროკერთა ინსტიტუტები, მარკეტინგული მომსახურებით დაკავებული ფირმები და სხვ.), რომლებიც მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. მათი ეშვეობით ბაზრები ეფექტიანად ართმევენ თავს საქონლისა და მომსახურების უკმარისობას და, რაც მთავარია, ხელს უწყობენ უდეფიციტო ეკონომიკის შექმნას.