საფონდო ბირჟა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საფონდო ბირჟა - (stock exchange) - ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული მეორეული ბაზარი, რომელიც ფუნქციონირებს დადგენილი წესების მიხედვით და კოტირების მექანიზმის მეშვეობით განსაზღვრავს ბირჟაზე მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების ძირითადი სახეობის - აქციებისა და ობლიგაციების საბაზრო კურსს, ფასს. საფონდო ბირჟა ავლენს ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნისა და მიწოდების დონეს და ახდენს მათ კონცენტრაციას.

საფონდო ბირჟაზე აქციებისა და ობლიგაციების კოტირებისათვის გაშვება ხდება ემიტენტისადმი კონკრეტული მოთხოვნის წაყენებით. ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების გამოტანა შეზღუდულია. მსოფლიოს უდიდეს ბირჟებზე (ნიუ-იორკის, ლონდონის, - ტოკიოს და ა.შ.) მიმოიქცევა მხოლოდ რამდენიმე უმსხვილესი აქციონერული კომპანიის აქციები, რომლებიც საერთოდ მიმოქცევაში გაშვებული აქციების 75%-ზე მეტს შეადგენს. დანარჩენი კომპანიების ფინანსური აქტივები იყიდება სხვა საფონდო ბირჟებზე და მათს გარეთ.

კოტირებული აქციების საერთო თანხისა და დადებული გარიგებების მოცულობის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დიდი საფონდო ბირჟებია იაპონიის, აშშ-ის, ინგლისისა და ტაივანის ფასიანი ქაღალდების ბაზრები. მაგ., ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დღეში 160 მლნ-ზე მეტი აქცია მიმოიქცევა. საფონდო ბირჟის ყველაზე გავრცელებული მოდელია ანგლო-ამერიკული კორპორაციული.

საფონდო ბირჟას აქციონერული საზოგადოების იურიდიული სტატუსი აქვს. იგი აერთიანებს თანაბარუფლებიან წევრებს, რომლებსაც ნაყიდი აქვთ „ადგილი” ბირჟაზე ოპერაციების წარმოებისათვის. მაგ., ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ერთი ადგილი 200 ათასი დოლარი ღირს.

საფონდო ბირჟა თვითმმართველობითი ორგანიზაციაა. მისი უმაღლესი ორგანოა საბირჟო საბჭო. საფონდო ბირჟის შემოსავლები იქმნება შესასვლელი და საწევრო შენატანებისაგან, ჯარიმებისა და საბირჟო საკომისიოსაგან. ვაჭრობის მონაწილენი არიან ბროკერები, დილერები და შესაბამისი სპეციალისტები. ზოგიერთ ბირჟაზე ვაჭრობაში სხვა შუამავლებიც მონაწილეობენ, მაგ., მაკლერები. როგორც წესი, ფასიანი ქაღალდები იყიდება "მსხვილ ლოტებად". ბროკერი ან საბროკერო ფირმა დავალებას გადასცემს თავის წარმომადგენელს საბირჟო დარბაზში, რომელიც გარიგებას დებს სხვა ბროკერთან. გარიგება რეგისტრირდება ელექტრონული სისტემით. თანხა აისახება საინფორმაციო ტაბლოზე. მხარეებს შორის ანგარიშსწორება ხდება დადგენილი დროის მიხედვით (მაგ., აშშ-ში- 5 სამუშაო დღის განმავლობაში).

ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების ფასი ყალიბდება ორმაგი აუქციონის ან განაცხადების რანჟირების მიხედვით შესასყიდი (ქვედა ზღვარი) და გასაყიდი (ზედა ზღვარი) ფასის ფარგლებში. ყოველი გარიგება ითვალისწინებს ახალ აუქციონს. საბირჟო ფასი დღეში რამდენიმეჯერ ფიქსირდება და ყოველდღიურად ქვეყნდება პრესაში. საფონდო ბირჟების მსოფლიო ფედერაცია და ბირჟების ევროპული თანამშრომლობის ფედერაცია საფონდო ბირჟების შესახებ ცნობების ყოველწლიურ კრებულს უშვებენ.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები