საჰაერო-სადესანტო ოპერაცია
საჰაერო-სადესანტო ოპერაცია – საჰაერო-სადესანტო ჯარების ავიაციის და შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების მიზნის, ადგილის, დროის მიხედვით შეთანხმებული, ერთიანი ჩანაფიქრით და გეგმით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები. საჰაერო-სადესანტო ოპერაცია მიმდინარეობს მოწინააღმდეგის ზურგში მრავალრიცხოვანი საჰაერო დესანტების გადასხმის და მათ მიერ დასახული საბრძოლო ამოცანების შესრულების მიზნით.
საჰაერო-სადესანტო ოპერაცია, ჩვეულებრივ, ეწყობა სტრატეგიული ან დაჯგუფების შეტევითი ოპერაციის ფარგლებში იმ საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად, რომლებსაც ვერ განახორციელებენ სხვა ძალები.
საჰაერო-სადესანტო ოპერაციის მიზნებია:
- ხელი შეუწყოს ჯარებს შეტევის მაღალი ტემპით განვითარებაში, დიდი ბუნებრივი დაბრკოლებების შეუჩერებლივ ფორსირებაში, ძნელად გასავლელი რაიონების გადალახვაში, მოპირისპირე დაჯგუფებების ალყაში მოქცევასა და განადგურებაში;
- ხელში ჩაიგდოს მოწინააღმდეგის უმნიშვნელოვანესი ობიექტები, მოშალოს მისი ჯარების მართვა და ლოგისტიკა;
- საზღვაო დესანტებთან ურთიერთქმედებით ან დამოუკიდებლად დაეუფლოს კუნძულებს, სრუტის ზონებს და სხვა.
პირველად საჰაერო-სადესანტო ოპერაცია განხორციელდა II მსოფლიო ომში. გერმანელ ფაშისტთა ჯარები საჰაერო-სადესანტო ოპერაციებს აწყობდნენ ჰოლანდიაში, ბელგიასა და ნორვეგიაში (1940), ასევე კრეტას კუნძულის ხელში ჩასაგდებად. ინგლის-ამერიკის ჯარებმა საჰაერო-სადესანტო ოპერაცია განახორციელეს სიცილიის კუნძულის გასათავისუფლებლად (იტალიასა და საფრანგეთის სამხრეთში დესანტის გადასხმის დროს), ჩრდილოეთ საფრანგეთში შეჭრის და ჰოლანდიის ოპერაციის მსვლელობის დროს, რურის შეტევით ოპერაციაში.