სენ-ჟან-დე-მორენის შეთანხმება 1917
სენ-ჟან-დე-მორენის შეთანხმება 1917 – (საიდუმლო), იტალიის მონაწილეობის შესახებ თურქეთის დაყოფაში, რაც გათვალისწინებული იყო საიქს-პიკოს შეთანხმებით, 1916. დაიდო 20.IV დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე რკინიგზის სადგურ სენ-ჟან-დე-მორენში (საფრანგეთ-იტალიის საზღვარი).
იტალიამ, რომელიც 1915 პირველ მსოფლიო ომში ჩაება ანტანტის მხარეზე, მიიღო მცირე აზიის შემდგომ დაყოფაში მონაწილეობის უფლება, თუმცა ლონდონის ხელშეკრულების 1915-ის მუხლი, რომელიც ამ პირობას შეიცავდა, არ იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული. 19.XI.1916 იტალიის მთავრობამ მოკავშირეებს პრეტენზიები წაუყენა მთელ რიგ ვილაიეთებზე. შეთანხმების თანახმად, მოკავშირეები დათანხმდნენ, „იტალიისათვის გადაეცით ქალაქი და ვილაიეთი იზმირი (სმირნა), აიდინი, მუღლუ, დენიზლი, ბურდერი, ისპარტა, ასთალია (ე.წ. „მწვანე ზონა“). გარდა ამისა, ტერიტორია იზმირის ჩრდილოეთით აღიარეს „იტალიის ინტერესების ზონად“. იტალიაზე ვრცელდებოდა ყველა ის უფლება და პრივილეგია თურქეთში, რომლებიც მიიღეს საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა საიქს-პიკოს შეთანხმებით. იტალიამ, თავის მხრივ, აღიარა ამ შეთანხმების ყველა პირობა და იკისრა იზმირის პორტის გახსნა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისათვის. სეს-ჟან-დე-მორენში მიღწეული შეთანხმება განმტკიცდა მემორანდუმებში, რომლებიც ერთმანეთს გაუცვალეს დიდმა ბრიტანეთმა და იტალიამ 18.VIII.1917 და საფრანგეთმა და იტალიამ 21-22 VIII. რუსეთის დროებით მთავრობას აცნობეს ზემოაღნიშნულ მემორანდუმთა შინაარსი. მას შესთავაზეს, გაეკეთებინა თავისი „გამოხმაურება“, რადგან შეთანხმება ითვალისწინებდა რუსეთის თანხმობის აუცილებლობას, თუმცა დროებით მთავრობას პასუხი არ გაუცია. პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე 1919-20 ამ საბაბით ისარგებლეს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა და უარი უთხრეს იტალიას ადრე მიცემულ დაპირებაზე.
იხილე აგრეთვე
სევრის საზავო ხელშეკრულება 1920