სერია (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სერია – გრამატიკულ პრინციპზე დამყარებულ მწკრივთა დაჯგუფება. როგორც ძველი ისე ახალი სალიტერატურო ქართულში მწკრივებს აჯგუფებენ სამ სერიად. ეს პრინციპი სამეცნიერო გრამატიკაში ნ. მარმა დანერგა. იყო მწკრივების ორ წყებად (სერიად) დაჯგუფების მცდელობა, რაც მერე თავად ავტორმა უარყო (არნ. ჩიქობავა).

ახალი სალიტერატურო ქართულში II სერიაში ორი მწკრივია გაერთიანებული (წყვეტილი, II კავშირებითი). ძველ ქართულში მათ ემატებოდა II ხოლმეობითი და, ზოგ ავტორთან, II ბრძანებითი და შერეული კავშირებითი: III სერიაში – სამი (I თურმეობითი, II თურმეობითი. II კავშირებითი: ძველ ქართულში იყო მეოთხე ფორმაც – III ხოლმეობითი).

I სერიაში თავისებური ვითარებაა ძველ ქართულში: ოთხი ძირითადი მწკრივია – აწმყო, უწყვეტელი, I ხოლმეობითი (უწყვეტლის ბრძანებითი) და I კავშირებითი. ზოგ ავტორთან ემატება აწმყოს ხოლმეობითი და I ბრძანებითი. ახალ ქართულში I სერიაში ორი წრე გამოიყო – აწმყოსა და მყოფადისა, რომლებშიც ექვსი მწკრივი გადანაწილდა: აწმყოს წრეში – აწმყო, უწყვეტელი, აწმყოს კავშირებითი: მყოფადის წრეში – მყოფადი, ხოლმეობითი (ხოლმეობით-შედეგობითი), მყოფადის კავშირებითი. მორფოლოგიური თვალსაზრისით, განსხვავებას ამ ორ წრეს შორის ზმნისწინის დართვა-დაურთველობა ქმნის. ამ პრინციპზე მწკრივთა გამოყოფა, და შესაბამისად, ორი წრის გამიჯვნა, გარკვეულ შენიშვნებს იწვევს (გ. გოგოლაშვილი, ა. ონიანი).

ქართული ენის დასავლურ დიალექტებში გამოიყოფა მეოთხე სერიაც (III თურმეობითი – ნაყვარება, IV თურმეობითი – ნაყვარებიყო, IV კავშირებითი – ნაყვარებიყოს). ეს მოვლენა ზანურის გავლენით აიხსნება (გ. როგავა)

სერიებად დაყოფა ემყარება შემდეგს:
ა) ორთემიან ზმნებში I სერიის თემა განსხვავდება II სერიის თემისაგან:
ბ) ბრუნვაცვალებად სუბიექტიან ზმნებში სუბიექტი I სერიის ფორმებთან სახელობით ბრუნვაშია, II სერიის ფორმებთან – მოთხრობითში, III სერიის ფორმებთან – მიცემითში:
გ) პირდაპირი ობიექტი I სერიის ფორმებთან მიცემით ბრუნვაშია, II და III სერიის ფორმებთან – სახელობითში;
დ) ბრუნვაცვალებად სუბიექტიანი ზმნების III სერია ინვერსიულია;
ე) ერთპირიანი გარდაუვალი ზმნები III სერიის ფორმებს სამივე მწკრივში მეშველი ზმნით იწარმოებს (გავმთბარვარ, გავმთბარიყავი, გამთბარ-იყო);
ვ) ორპირიანი გარდაუვალი ზმნები I თურმეობითს მეშველი ზმნით იწარმოებს, II თურმეობითსა და III კავშირებითს –ოდ სავრცობით. მეშველზმნიან ფორმათა საყრდენი მიმღევობური ფორმებია.

ძველ ქართულში I სერიის ყველი ფორმა უსრული ასპექტისა იყო, II სერიის ფორმები – სრული ასპექტისა

გ. გოგოლიშვილი


ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. ქართული ენის ზოგადი ენათმეცნიერული დახასიათება. – ქეგლ. ტ. 1. თბ. 1950;
  • შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები, I, თბ, 1951;
  • მისივე. ძველი ქართული ენა. თბ. 1976;
  • როგავა გ, დრო-კილოთა IV ჯგუფის ნაკვთები ქართველურ ენებში. – „იკე“, V. თბ. 1953;
  • გოგოლაშვილი სჯ.. ქართული ზმნის უღვლილების სისტემა, თბ, 1988.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები