სესილი სერ რობერტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სესილი სერ რობერტი

სესილი სერ რობერტი - (1864-1959) (Edgar Algernon Robert Gascoyne-Cecil, 1st Viscount Cecil of Cheiwood) - ინგლისელი იურისტი, პოლიტიკოსი და დიპლომატი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი (30 მაისი 1915 - 10 იანვარი 1919), ერთა ლიგის ერთ-ერთი არქიტექტორი და მისი გულმხურვალე დამცველი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, კონსერვატორი.

რობერტ სესილი იურიდიული კარიერის პარალელურად ძალისხმევას არც საპარლამენტო პრაქტიკისთვის იშურებდა. 50 წლის ასაკში, პირველი მსოფლიო ომის დაწყების პერიოდში, წითელ ჯვარში დაიწყო მუშაობა. მალე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა. 1918 წლის დასაწყისში სახელმწიფო მინისტრის თანაშემწეა საგარეო საქმეთა საკითხებში. მისი უშუალო დაინტერესება მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბრძოლით 1916 წლიდან დაიწყო, მაშინ როცა პირველი მსოფლიო ომის შედეგად, ადამიანის ქონების, ფასეულობების განადგურების გამო, იგი დარწმუნდა, რომ ცივილიზაციის გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ შეიქმნებოდა საერთაშორისო სისტემა, რომელიც მსოფლიო მშვიდობის გარანტი გახდებოდა. პარიზის სამშვიდობო კონფერენციის დროს, ერთა ლიგის მოლაპარაკებებზე, იგი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი იყო. 1920 წლდან 1922 წლამდე ერთა ლიგის ასამბლეაზე იგი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას წარმოადგენდა. რობერტ სესილი იყო პასუხისმგებელი მინისტრი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთა ლიგაში დიდი ბრიტანეთის საქმიანობის საკითხებში. 1927 წელს ერთა ლიგისადმი დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების დამოკიდებულებით უკმაყოფილების გამო, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და მოგვიანებით, 1932 ერთა ლიგის მხარდასაჭერად საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციისათვის დამოუკიდებლად მუშაობდა.

იგი ცნობილია მშვიდობის საკითხებზე მისი ნაშრომებით. როგორიცაა:

  • „მშვიდობის გზა“ (1928);
  • „ლექციების კრებული ლიგის შესახებ დიდი ექსპერიმენტი“ (1941);
  • ერთა ლიგასთან მისი ურთიერთობის „პერსონალური ანგარიში“;
  • „ყველა გზა“ (1949 ) და სხვა.

დაუღალავი შრომა დაუფასდა. 1928-1944 წლებში იგი აბერდენის უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს. 1924 წელს მშვიდობის დარგში ვუდრო უილსონის პრემია მიიღო, ხოლო 1937 ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. 1946 ჟენევაში ერთა ლიგის ბოლო შეხვედრას ესწრებოდა და თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „ლიგა მოკვდა, გაუმარჯოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას!“ 1953 წლის 23 აპრილს, ლორდთა პალატაში ბოლო გამოსვლისას, მან კიდევ ერთხელ გამოხატა მსოფლიო მშვიდობისადმი თავისი ერთგულება. ერთა ლიგის სხდომაზე, როცა ლიგის წევრად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიღების საკითხი იხილებოდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისგან განსხვავებით, მან მხარი დაუჭირა საქართველოს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და განაცხადა: „მე ვთხოვ კრების დელეგატებს, გაუგზავნონ ამ პატარა, გულად სახელმწიფოს მატერიალური დახმარება...“.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • M. Cowling, The Impact of Labour 1920-1924. The Beginnings of Modern BrItIsh Politics. Cambridge University Press, 1971;
  • J. A. Thompson, „Lord CecIl and the pacifists in the League of Nations Union”. The Historical Journal. 20. 4: 949–959, 1977;
  • ს. კილაძე, საქართველო და ერთა ლიგა, ჟურ. „საისტორიო ვერტიკალები“, 1991, №1;
  • გ. შარაძე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, თბ., 2003;
  • ლ. ჯავახიშვილი, საქართველოს ურთიერთობა ერთა ლიგასთან და ქართული პრესა 1919-1920 წლებში, წ. წ. ), ჟურ. „ქართული დიპლომატია“, წელიწდეული, ტ. VIII, თბ., 2001.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები