სიგების გვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Salmo salar

სიგების გვარი – Coregonus

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანნი
რიგი: ქაშაყისნაირნი
ოჯახი: ორაგულისებრნი
გვარი: სიგები

თევზების გვარი ორაგულისებრთა ოჯახისა. სხეული წაგრძელებული ფორმისაა და დაფარულია შედარებით მსხვილი ქერცლებით, რომელთა რაოდენობა გვერდით ხაზზე 111-ს არ აღემატება. ყბები უკბილოა ან კიდევ ყბებს შორის ძვალზე და ენაზე მეტად მცირე ზოლის კბილებია მოთავსებული. პირი პატარა, ქვედა ან წინაპირიანია, ქვედა ყბის ქალასთან შესახსრების არე თვალის უკანა კიდის ვერტიკალზეა ან რამდენადმე მის წინ მოდის. თხემის ძვლები ურთიერთს უკავშირდებიან ზედა კეფის ძვლის ზემოთ, რომელსაც შუბლის ძვლებიდან ჰყოფს. ზურგის ფარფლი მოკლეა და მასში სხივების რიცხვი 16 არ აღემატება (დაუტოტველი სხივების ჩათვლით); პილორული დანამატები ბევრია (დაახლოებით 120), კვერცხები მცირე ზომისაა. შეფერილობა მეტ-ნაკლებად ერთფეროვანი, ვერცხლისებურია და წითელ ლაქებს მოკლებული. ზოგიერთი სქესობრივად მომწიფებული სიგების მამლებს (ხოლო ზოგჯერ დედლებსაც) ქერცლზე და თავზე, სხვადასხვა სახის გასწვრივი სავარცხლისებური ან მომრგვალო ბორცვებიანი ეპითელური წამონაზარდები უვითარდებათ ხოლმე. ბაზისპენოიდი აქვს ან არა აქვს.

მრავალი სახეობაა ჩრდილო და შუა ევროპაში, ჩრდილო აზიაში და ჩრდილო ამერიკაში.

სიგების გვარი საქართველოს და საერთოდ ამიერკავკასიის იქტიოფაუნის ბუნებრივ შემადგენელ კომპონენტს არ მიეკუთვნება. ის ჩვენს პირობებში მხოლოდ აკლიმატიზაციის შედეგად არის მოშენებული – ტბა ტაბაწყურში. საქართველოში ეს გვარი წარმოდგენილია მხოლოდ ერთი სახეობით.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები