სისასტიკის თეატრი
სისასტიკის თეატრი – მოდერნისტული თეატრის სახეობა, რომლის მამამთავრად გვევლინება ფრანგი რეჟისორი და მსახიობი ანტონენ არტო. კრუოტული თეატრი მიზნად ისახავს მაყურებლის შოკირებას მაგიური რიტუალისათვის დამახასიათებელი ხერხებით და საშუალებებით (მათ შორის – რეჩიტაცია-შელოცვა, მსხვერპლშეწირვა და ა.შ.). ყოველივე ამას უნდა მოჰყვეს მაყურებლის გათავისუფლება შიშისგან და სხვა უარყოფითი კომპლექსებისაგან, რის შედეგადაც წარმოიშვება განწმენდა – კათარსისი. არტოს თეორია ეყრდნობოდა ორ მოდერნისტულ მიმდინარეობას – სიურრეალიზმს და დადაიზმს, ფილოსოფიაში – ეგზისტენციალიზმს (მისტიკური შოკი, რომელსაც იწვევს „სასაზღვრო სიტუაცია“, სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარი), ხოლო ფსიქოლოგიაში კარლ იუნგის თეორიას „კოლექტიური არაცნობიერის“ და „არქეტიპების“ შესახებ.
არტო ვარაუდობდა, რომ წარმოდგენის ფაბულად შესაძლებელია იქცეს ნებისმიერი სულისშემძვრელი ცხოვრებისეული ფრაგმენტი. მსახიობს იგი აკისრებს შამანის ფუნქციებს. მედიტაციის და ექსტაზის გზით მსახიობმა უნდა შეძლოს მაყურებლის შეყვანა როგორც კონკრეტულ, ისე მისტიკურ, ტრანსცენდენტურ რეალობაში. ამასთანავე, მსახიობმა უნდა შექმნას სცენური იეროგლიფი, ანუ განზოგადებული, ყველა ეროვნების ადამიანისთვის გასაგები პერსონაჟი, ზოგადი და არა კონკრეტულ-ისტორიული.
არტო გადაჭრით უარყოფდა ლიტერატურული პირველწყაროს საჭიროებას თეატრში, დრამატურგია მას თეატრის უცხო სხეულად მიაჩნდა, ის თვლიდა, რომ თეატრს უნდა დაუბრუნდეს პირვანდელი, რიტუალური სახე; რომ თეატრი კვლავ სინკრეტული უნდა გახდეს; რომ მუსიკის, ფერწერის, ქორეოგრაფიის დარად, თეატრმაც უნდა გამონახოს თავისი დამოუკიდებელი სამეტყველო ენა; ან, უფრო სწორად, დაიბრუნოს ის ენა, რომელიც მას ჰქონდა, ვიდრე მასში ლიტერატურა შეიჭრებოდა. ულიტერატურო თეატრის მკაფიო ნიმუშად არტო ასახელებდა აღმოსავლურ თეატრს. უნივერსალური თეატრალური ენის ძიებამ არტო მიიყვანა თეატრალური ეპოქების სრულ უარყოფამდე.
აშკარა მოდერნისტული ექსტრემიზმის მიუხედავად, არტოს ზოგიერთი იდეის ხორცშესხმა სცადეს მე-20 ს. მე-2 ნახევრის ცნობილმა რეჟისორებმა – ეჟი გროტოვსკიმ, პიტერ ბრუკმა, ეუჟენიო ბარბამ, რიჩარდ შეხნერმა, მორის ბეჟარმა. მისი ესთეტიკა გაიზიარეს ჟ. ლ. ბარომს და რ. ბლენმა. არტოს გავლენით შეიქმნა არაბლის „პანიკური თეატრი“, „ლივინგ თეატრი“, ექსპერიმენტული სპექტაკლები.
ჯანმრთელობის შერყევის გამო, არტომ ვერ შეძლო თავისი იდეების რეალიზება. მიუხედავად ამისა, მისმა თეორიულმა შეხედულებებმა ახალი მიმართულება მისცა ევროპულ და მთლიანად მსოფლიო თეატრს.
მ. გეგია