სმენის გამოკვლევა
სმენის გამოკვლევა – ამ გამოკვლევას ორი მიზანი აქვს:
- — სმენის დაქვეითების ხარისხის და ფუნქციური დეფიციტის გარკვევა;
- — სმენის დაქვეითების ხასიათის გარკვევა, არის ეს კონდუქციური (გამტარებლობითი), ნეიროსენსორული (პერცეპციული) თუ შერეული ტიპის დაქვეითება. ეს გვაძლევს პათოლოგიის მიზეზის დადგენის საშუალებას;
სარჩევი[დამალვა] |
ინვალიდობის სქემა სმენის დაქვეითების დროს.
დაქვეითების ხარისხი | ინვალიდობის ხარისხი |
---|---|
0-20 დბ | ნორმალური სმენა |
20-40 დბ | მცირე დეფიციტი, ჩუმი საუბრის პრობლემა |
40-70 დბ | საშუალო დეფიციტი, მხოლოდ ხმამაღალი საუბრის გარჩევა. და ტუჩებით კითხვის საჭიროება |
70-90 დბ | მძიმე ხარისხის დაქვეითება, ძალიან ხმამაღალი საუბრის გარჩევა, ტუჩებით კითხვა აუცილებელია |
90-110 დბ | უმძიმესი ხარისხის სმენის დაქვეითება. უეჭველი ინვალიდობა. ბავშვებში ყრუ-მუნჯობის წინაპირობა. |
ფუნქციური დეფიციტი
სმენის ცალმხრივი დაქვეითება, თუნდაც ტოტალური, განიხილება როგორც საშუალო დონის ფუნქციური დეფიციტი.
ბავშვებში, ადრეულ ასაკში, არც თუ ისე იშვიათად გვხვდება ცალმხრივი, თანდაყოლილი ან შეძენილი კოფოზები. აღსანიშნავია, რომ ამ დისფუნქციის დიაგნოსტიკა ხშირად სკოლის ასაკამდე ვერ ხერხდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ცალმხრივი კოფოზი არ არის მძიმე ფუნქციური დეფიციტი და არანაირად არ განაპირობებს მეტყველების ჩამოყალიბების პრობლემებს.
სკოლის ან შემდგომ ასაკში, ცალმხრივი კოფოზი უკვე იწვევს ხმის ლოკალიზაციის დარღვევას და მეტყველების გარჩევის პრობლემებს ხმაურიან გარემოში. სმენის დაქვეითების ფუნქციური დეფიციტის სწორი ხარისხის დასადგენად, საჭიროა სმენის ორმხრივი შეფასება.
სმენის ხარისხზე შესაძლოა ტინიტუსიც მოქმედებდეს.
სმენის დაქვეითების გაზომვა შესაძლებელია ტონალური და ვოკალური აუდიომეტრიით. ის განისაზღვრება გარკვეული სიხშირის (500Hz, 1000Hz,2000Hz) მქონე ხმის აღქმის უნარით. ვოკალური აუდიომეტრია განისაზღვრება სხვა მაჩვენებლებით (სპეციალურად შერჩეული სიტყვების გარჩევის მიხედვით) და ისიც ძალიან მნიშვნელოვანია სმენის ხარისხის შესაფასებლად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართული ვოკალური აუდიომეტრიის შექმნა, ძალიან რთული და შრომატევადი სამუშაო, საქართველოში აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ზურაბ ქევანიშვილის და მისი გუნდის დიდი დამსახურებაა.
სპეციალისტების მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია სპეციფიკურია:
- — სიყრუე ნიშნავს სმენის დაქვეითებას, მისი ხარისხის განსაზღვრის გარეშე.
- — ჰიპოაკუზია ნიშნავს სმენის საშუალო დაქვეითებას, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც ცალმხრივი, ასევე ორმხრივი.
- — კოფოზი ტოტალურ სმენის დაქვეითებას ნიშნავს. იგი არსებობს როგორც ცალმხრივი, ასევე, ორმხრივი.
ოჯახის ექიმის მიერ ჩატარებული სმენის გამოკვლევა
ზოგჯერ, უბრალო გამოკითხვაც კი საშუალებას გვაძლევს, დადგინდეს სიყრუის ხასიათი.
მაგალითად: ორმხრივი, ნელა პროგრესირებადი სიყრუე, როდესაც ხმაურიან გარემოში განსაკუთრებით გართულებულია სიტყვების გარჩევა, მიუთითებს მაღალ სიხშირეებზე ნეიროსენსორული (კოხლეარული) ტიპის სმენის დაქვეითებაზე (სიყრუეზე).
– ორმხრივი სიყრუე, როდესაც ხმაურიანი გარემო ხელს უწყობს სიტყვების გარჩევას, მიგვანიშნებს ე. წ. კონდუქციური ანუ ტრანსმისიული ტიპის სიყრუეზე, Willis-ის სიყრუეზე, ან ოტოსკლეროზზე.
– ერთსა და იმავე ყურში კონტრასტული სმენის არსებობა, როდესაც არ ესმით ტელეფონზე საუბარი და კარგად არჩევენ საათის რითმულ ხმას, სმენის ნერვის ნევრინომის არსებობაზე მიუთითებს.
შევჩერდეთ საათის საშუალებით სმენის გამოკვლევაზე. ეს მარტივი და ყოველთვის ხელთ არსებული მექანიზმი, საშუალებას იძლევა ყურიდან მისი სხვადასხვა მანძილზე დაშორებით განვსაზღვროთ ორივე ყურის სმენის ფუნქცია.
ხმის გამოყენებით ჩატარებული სმენის ტესტები საკმაოდ ეფექტურია. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მას რამდენიმე პირობის დაცვა სჭირდება. ეს პირობებია:
- — გამომცდელი უნდა იდგეს გამოსაცდელი ყურის პერპენდიკულარულად;
- — გამომცდელი არ უნდა ხვდებოდეს პაციენტის მხედველობის არეში, რათა ტესტირებას ხელი არ შეუშალოს ვიზუალურმა ფაქტორმა;
- — ყოველთვის ხდება ცალი ყურის გამოკვლევა. ამ დროს, მეორე ყური უნდა დავახშოთ ტრაგუსზე პერიოდული ზეწოლით (ზეწოლის ხარისხის შეცვლა დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ ამ ყურის ადაპტაციის ფაქტი);
გამომცდელი, 6-7 მეტრის დისტანციაზე, დაბალ ხმაზე წარმოთქვამს სიტყვას ან ციფრებს. როდესაც ეს სიტყვები ცუდად აღიქმება 6 მეტრზე ახლოს, ლაპარაკია მსუბუქ ან საშუალო ხარისხის სიყრუეზე.
აუდიოლოგის მიერ ჩატარებული სმენის გამოკვლევა
სმენის სპეციალიზირებული გამოკვლევა, როგორც წესი, აუდიომეტრიულ კაბინეტში, აუდიომეტრების საშუალებით ტარდება. თუმცა, ზოგჯერ, აუდიოლოგები კლასიკურ დიაპაზონურ კვლევასაც მიმართავენ. მას აკუმეტრია ეწოდება
აკუმეტრიული გამოკვლევა
ამ კვლევის ძირითადი ხელსაწყო დიაპაზონური კამერტონია. ხმარობენ 250 დბ. ან 512 დბ. კამერტონს. მათი მეშვეობით შესაძლოა ჩატარდეს იუნგის, ვებერის და რინეს აუდიოტესტები.
საინტერესოა აღვწეროთ ხრტილოვან-კონდუქციური ტესტი. ამ შემთხვევაში, კამერტონს ვათავსებთ ყურის ნიჟარის ხრტილოვან ნაწილზე. თუ საქმე გვაქვს ნორმალურ ან ნეიროსენსორულ (პერცეპციულ) სმენის დაქვეითებასთან, მაშინ ხმის ხრტილოვანი გამტარებლობა გაცილებით ხანგრძლივი იქნება, ვიდრე ძვლოვანი.
კონდუქციური (ტრანსმისიული) სიყრუის დროს, ხრტილოვანი გამტარებლობა გაცილებით ხანმოკლეა და ნაკლებად ინტენსიურია ძვლოვანთან შედარებით.
a. ვებერის ცდა (Weber) – კამერტონის ძირი უნდა მოვათავსოთ შუბლის ზემო ან შუა ნაწილში ან ნიკაპზე.
ვიბრაცია უფრო კარგად აღიქმება:
- — კონდუქციური (ტრანსმისიული) სიყრუის დროს უარესი ყურის მხარეს.
- — ნეიროსენსორული (პერცეპციული) სიყრუის დროს – უკეთეს მხარეს.
b. ბინგის (Bing) ცდა სასმენი მილის ობსტრუქციით – ნორმალური და ნეიროსენსორული (პერცეპციული) სმენის დარღვევის დროს, ძვალზე დადებული კამერტონის აღქმა უფრო ხანგრძლივია. ხოლო კონდუქციური (ტრანსმისიული) სმენის დარღვევის დროს არ იცვლება.
c,d. (Rinne) რინეს ცდა გულისხმობს კამერტონის ვიბრაციის აღქმის შედარებას ჰაეროვანი და ძვლოვანი (ოსიკულარული) გზით.
NOTA BENE
|
აუდიომეტრია
აუდიომეტრიული გამოკვლევა არის სმენის გამოკვლევა რთული ელექტრონული ტექნიკის საშუალებით. შესაძლებელია რამდენიმე ტიპის კვლევის ჩატარება
ტონალური აუდიომეტრია
ამ გამოკვლევის დროს, განისაზღვრება ხმოვანი ბგერის სხვადასხვა სიხშირის და სიმძვლავრის აღქმის ზღურბლი.
– ჰაეროვანი ზღურბლი იზომება სპეციალური ყურსასმენის მეშვეობით.
– ძვლოვანი ზღურბლი კი სპეციალური ვიბრატორით.
ამ გამოკვლევის სიზუსტე დამოკიდებულია რამდენიმე გარემოებაზე: აუდიოლოგის და პაციენტის შეთანხმებულ მოქმედებაზე, აუდიომეტრიული აპარატის სიზუსტეზე და ხმაგაუმტარი კაბინის ხარისხზე. კაბინის გარეშე, ზღურბლი 20-25 დეციბელით დაბალი იქნება.
ნორმალური სმენა – ნორმად ითვლება სმენის დაქვეითება 5-6 დბ.-ით.
კონდუქციური (ტრანსმისიული) სიყრუე – როცა ძვლოვანი გამტარებლობა ნორმაშია, ხოლო ტრანსმისიული დაქვეითებულია.
ნეიროსენსორული (პერცეფციული) სიყრუე – ამ დროს ორივე მრუდი დაქვეითებულია.
შერეული სიყრუე – ამ დროს აღინიშნება როგორც პერცეფციული, ასევე ტრანსმისიული დაქვეითება.
ძვლოვანი გამტარებლობის ზღურბლის გამოკვლევის დროს, მასტოიდალურ ძვალზე მოთავსებული ვიბრატორი ვიბრაციას ორივე ყურზე გადასცემს. ამიტომ გამოკვლევის სიზუსტისთვის საჭიროა შენიღბვა ანუ კონტრლატერალური ყურის აღქმის ბლოკირება შესაბამისი ხმაურით.
უფრო მეტიც, ჰაეროვანი გამტარებლობის გასასინჯად, ყურსასმენის გამოყენებისას, როდესაც ხმის ინტენსივობა აღწევს 50 დეციბელს, ხმა შესაძლებელია ძვლოვანი გამტარებლობის მეშვეობით გადაეცეს მეორე ყურს. ამიტომ შენიღბვა ამ შემთხვევაშიც ხდება საჭირო.
შენიღბვის ტექნიკა აუდიომეტრიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეტაპს წარმოადგენს. ერთი ყურის შენიღბვისას, არ უნდა მოხდეს გამოსაკვლევი ყურის დახშობაც. აუდიომეტრია საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ:
– ძვლოვანი აღქმის ზღურბლი, ანუ სასმენი ნერვის და რეტროკოხლეარული სტრუქტურების მიერ ხმის აღქმის რეალური შესაძლებლობები;
– ჰაეროვანი გამტარებლობის მეშვეობით ხმის აღქმის სუბიექტური შესაძლებლობები;
– ჰაეროვანი და ძვლოვანი ზღურბლის შედარებით, შეგვიძლია განვსაზღვროთ შუა ყურის ტრანსმისიული (გამტარებლობითი) ფუნქცია;
საბოლოო ჯამში, ამ გამოკვლევის შედეგად, ვადგენთ სამ დისფუნქციას:
– კონდუქციურ (ტრანსმისიულ) სიყრუეს, როდესაც ძვლოვანი გამტარებლობა ნორმალურია, ხოლო ჰაეროვანი დაქვეითებული;
– ნეიროსენსორულ (პერცეპციულ) სიყრუეს, როდესაც, ძვლოვან გამტარებლობასთან ერთად, დაქვეითებულია ჰაეროვანი გამტარებლობა;
– შერეული ტიპის სიყრუეს, როდესაც ძვლოვანი დაქვეითებულია, თუმცა ჰაეროვანი მასზე უფრო დაქვეითებულია;
ზეზღურბლოვანი აუდიომეტრია
ეს გამოკვლევა ანალიზს უკეთებს ზეზღურბლოვანი გაღიზიანებისას წარშობილ ზოგიერთ გარემოებას. ასეთი ფაქტორი ორია:
– ზეზღურბლოვანი ხმოვანი გაღიზიანების შემთხვევაში, ავადმყოფ ყურს ეჩვენება, რომ მასაც ისევე ესმის, როგორც ჯანმრთელ ყურს.
მას, შიდა ყურის დაზიანებისას ვხვდებით, როდესაც ენდოლაბირინთული გარეთა წამწამოვანი უჯრედები არის დაზიანებული.
– მეორე ფაქტორს, ვხვდებით ნორმალური ყურის გამოკვლევისას. ზეზღურბლოვანი ხმოვანი გაღიზიანება რამდენიმე წუთის მანძილზე აღიქმება. ე. წ. პათოლოგიური ადაპტაციის შემთხვევაში, ეს ხმა ისმის მხოლოდ რამდენიმე წამი. ამიტომ გვესაჭიროება ამ ხმის ინტენსივობის პერმანენტული მატება, შესაძლოა, 60-80 დეციბელამდე. პროცესის შეწყვეტისთანავე, ხმის აღქმის ზღურბლი ისევ საწყის დონეს უბრუნდება. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს რეტროკოხლეარულ დაზიანებასთან, სმენის VIII წყვილი ნერვის ან ტვინის ღეროს დონეზე.
ვოკალური აუდიომეტრია
რამდენიმე წელია, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის და მისი ხელმძღვანელის აკადემიკოს ზურაბ ქევანიშვილის დიდი შრომის შედეგად, საქართველოში პირველად, შეიქმნა ვოკალური აუდიომეტრიის შესაფასებლად საჭირო სიტყვათა ნუსხა, რომელიც საშუალებას იძლევა რეალურად შეფასდეს ამა თუ იმ პაციენტის მიერ სხვადასხვა სიტყვის და ხმოვნის აღქმის ინტესივობის უნარი.
ვოკალური აუდიომეტრიის ჩატარებას აქვს რამდენიმე ძირითადი მიზანი:
- — ტონალური აუდიომეტრიის შედეგების გამყარება. ნორმალურ პირობებში ის გვაჩვენებს, რომ ინტენსივობა, რომლის შემთხვევაშიც ვოკალური აღქმა 50%-ს შეადგენს, ემთხვევა სამი ძირითადი სიხშირის საშუალო ინტენსივობას, რომელიც ტონალური აუდიომეტრიის დროს დაფიქსირდა. (500,1000, და 2000 Hz)
- — სიტყვების აღქმის პროცენტული მაჩვენებლის დადგენა. არსებობს სიტყვები, რომლის გარჩევაც ვერცერთი ინტენსივობის ხმაზე ვერ ხერხდება. ამიტომ ვთვლით, რომ თუ სიტყვების მხოლოდ 60% გაარჩია პაციენტმა, მისმა ვოკალურმა აუდიომეტრიამ 60%-იანი ზღურბლი გადალახა.
- — რეტროკოხლეარული დაზიანების გამოვლენა – როდესაც ვოკალური აუდიომეტრიის ზღურბლი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ტონალური აუდიომეტრიით იყო სავარაუდო.
ქცევითი აუდიომეტრია
ამ ტიპის აუდიომეტრიას ბავშვებში ვიყენებთ. ის იკვლევს ბავშვის რეაქციას ხმოვან შეძახილზე, სათამაშოს ხმაზე და ა.შ.
ზემოთ აღწერილი ყველა აუდიომეტრიული ტექნიკა საჭიროებდა პაციენტის ჩართულობას. ამ გამოკვლევებში ორი მოთამაშეა: პაციენტი და აუდიოლოგი. ეს გამოკვლევები ეყრდნობა სუბიექტურ ნიშნებს. არსებობს გამოკვლევა, რომელიც ობიექტურ ნიშნებს ეყრდნობა და მას ობიექტური აუდიომეტრია ეწოდება.
ტიმპანომეტრია
ტიმპანომეტრიის პრინციპი
პათოლოგიური დაფის აპკის დროს, როდესაც ის უარყოფითი ან დადებითი წნევის გამო ძალიან დაჭიმულია, მიკროფონი მძლავრად აღიქვამს არეკლილ ენერგიას. როდესაც დაფის აპკის ორივე მხარეს წნევა ერთი და იგივეა, მიკროფონისკენ მიმართული ენერგია თანაბრად ნაწილდება კედლებსა და დაფის აპკის ფართობზე, მიკროფონისკენ კი ნაკლები ძალით ვრცელდება.
ამ გამოკვლევის მონაცემების ანალიზი საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ ევსტაქის მილის და აპკოვან-ძვლოვანი სისტემის მდგომარეობა. არის თუ არა ეს მილი გამავალი ან ფიქსირებულია თუ არა ყურის ძვლოვან-სახსროვანი სისტემა. არის თუ არა დაფის ღრუში ექსუდატი.
ამ გამოკვლევას საფუძვლად უდევს დაფის აპკის და, შესაბამისად, ძვლოვანი ჯაჭვის მოძრაობის რეგისტრაცია ჰერმეტულად ობტურირებულ გარეთა სასმენ მილში, ხმისა და წნევის ცვალებადობის პირობებში.
ამისათვის, საჭიროა აპარატი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება:
ა) ხმის გაშვება და შემდგომში, ამ ხმის ინტენსივობის პროპორციულად, დაფის აპკის მოძრაობის რეგისტრაცია.
ბ) ხორციელდება წნევის ცვალებადობა და დაფის აპკის მოძრაობის რეგისტრაცია.
ამ ორი ფუნქციის მქონე აპარატს ეწოდება იმპენდანსომეტრი.
სმენის გამოწვეული პოტენციალები (გსპ)
ამ გამოკვლევების საფუძველს წარმოადგენს ელექტროსტიმულაციის შედეგად მიღებული პასუხების შეჯამება-ანალიზი. ელექტროსტიმულაციის გაგზავნა და პასუხის აღქმა ხორციელდება მასტოიდალურ ძვალზე, შუბლის ძვალზე და ლაბირინთის საპროექციო მიდამოზე დამაგრებული ელექტროდებით.
ამ გამოკვლევის სიზუსტე მთლიანად არის დამოკიდებული აპარატურის ხარისხზე და გამომკვლევის გამოცდილებაზე.
რაც შეეხება ამ კვლევის ძირითად მიზანს, ასეთი ორია:
- — ჩვილი ბავშვის სიყრუის დაზუსტება, რათა შემდგომში მოხდეს მისი სმენის აპარატით უსაფრთხო უზრუნველყოფა;
- — რეტროლაბირინთული პათოლოგიის, ნევრინომის გამოვლენა;
ოტოემისია
როგორც გაირკვა, ყურს შეუძლია არა მარტო ხმის აღქმა, არამედ ხმოვან გაღიზიანებაზე გარკვეული ხმის წარმოქმნაც. ამ გარემოებაზე დაყრდნობით, შესაძლოა ახალშობილების სმენის დაქვეითების მარტივი დიაგნოსტიკა, რაც სამშობიაროს პირობებშია შესაძლებელი და გულისხმობს ჰიპოაკუზიის მენეჯმენტის დროულად დაწყებას.
NOTA BENE
აუდიომეტრიული კვლევა საშუალებას გვაძლევს:
|
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოზრდილი ბავშვები და უფროსები ამჩნევენ სმენის დაქვეითებას და ამ ჩივილით მიმართავენ ექიმს. პატარა ასაკის ბავშვებში ასე არ ხდება, ამიტომ საჭიროა სპეციალიზირებული გამოკვლევებით მათი სმენის შემოწმება, რათა დროულად მოხდეს მათი აპარატით უზრუნველყოფა და ყრუ-მუნჯობის თავიდან აცილება.კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ახალშობილი ბავშვების სკრინინგი უკვე დიდი ხანია დაიწყო. ამ პროცესის დანერგვაში უდიდესი წვლილი მიუძღვით საქართველოს აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
NOTA BENE
|