სოფელ არგვიცის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
სოფელ არგვიცის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია – გვაინი შუა საუკუნეები – დარბაზული ეკლესია ნაგებია მოწითალო ფერის, სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია რიყის ქვით. კუთხეებში გამოყენებულია თლილი ქვა. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვაა. ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა ნიშებია. კონქი ნახევარსფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ ხის კანკელი და ერთსაფეხურიანი – სოლეაა. კამარა ცილინდრულია. დარბაზი ნათდება აღმოსავლეთის და დასავლეთის სწორკუთხა სარკმლებით. სამხრეთი შესასვლელი თაღოვანია. ინტერიერი შებათქაშებულია. იატაკი მიწურია. ეკლესიის კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია კრამიტი.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა