სოფელ ბელოთის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელ ბელოთის კომპლექსი - ეკლესია - X ს; სამრეკლო - 1885 წ; ციხე -XVIII ს.

ბელოთის საერთო ხედი

კომპლექსი მდებარეობს მდ.პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირას. ისტორიულ წყაროებში ბელოთის ციხე მოხსენიებულია XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. ამ პერიოდში ციხე და მთელი პატარა ლიახვის ხეობა ქსნის ერისთავს ეკუთვნოდა. ერისთავობის გაუქმების შემდეგ, XVIII საუკუნის ბოლოს, ეს მხარე ეკუთვნოდა ბატონიშვილი იულონს. გენერალ ტუჩკოვის 1802 წლის 10 აგვისტოს მოხსენებაში წერია, რომ იულონი იძულებული იყო დაეტოვა ბელოთი. ამის შემდეგ ციხე დაიკავეს რუსთა ჯარმა. იულონი ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობის და ლეკების დახმარებით ციხის დაბრუნებას. საქართველოს რუსეთთან შეერთების პირველ წლებში ბელოთის ციხეს თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა.

ბელოთი მდებარეობს მდ.პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირას, მოვაკებულ ადგილზე. მდინარის მხრიდან მაღალი, ციცაბო ფლატეა. ბელოთის კომპლექსში შედის ეკლესია, ციხე თავისი კოშკებით, სასახლე და საცხოვრებელი სახლი. ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია სხვადასხვა ზომის შირიმის ქვა.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში მაღალი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აბსიდის ჩრდილოეთით თაღოვანი, ხოლო სამხრეთით სწორკუთხა ნიშებია. სატრიუმფო თაღი პილასტრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ აგურის ერთსაფეხურიან სოლებგრძივი კედლები სამსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით სამ ნაწილად იყოფა. პილასტრების საფეხურებს კედლის თაღები და ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღები ეყრდნობა. ეკლესიის ინტერიერი შელესილია. დარბაზი ნათდება ოთხივე კედელში გაჭრილი თაღოვანი სარკმლებით. სამხრეთი შესასვლელი თაღოვანია, კარი ორმაგ ნაოთხალია. დასავლეთიდან გვიან გაჭრლი არქიტრავული შესასვლელია.

სამხრეთიდან ეკლესიას ღია თაღოვანი კარიბჭე აქვს. კარიბჭის შეისრული თაღები ოთხკუთხედშია მოთავსებული. 1885 წელს კარიბჭეს დააშენეს მაღალი, ღია თადოვანი სამრეკლო, რომელიც გადახურულია თუნუქით. სამრეკლო ნაგებია აგურით. ციხის კედლების სიმაღლე საშუალოდ 10 მეტრს აღწევს კედლებზე სათოფურები ოთხ იარუსადაა გაჭრილი. სარბენი ბილიკები ხისა იყო. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში გეგმით ტრაპეციის ფორმის კოშკია. კოშკის პირველი სართული დაყოფილია ოთხ ნაწილად, აქ ინახებოდა პროდუქტი და სხვადასხვა ინვენტარი. პირველ სართულში შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, მეორე სართულისა კი ჩრდილო დასავლეთის კუთხეშია მოწყობილი. კოშკის ერთადერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. დანარნენ კედლებში რამდენიმე სათოფურია. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთი კოშკი ცილინდრულია ამ კოშკში მოხვედრა შეიძლება მხოლოდ ეკლესიის სახურავის საშუალებით, ვინაიდან კოშკის კარი ამ დონეზეა გაჭრილი. კოშკის პირველი სართულის სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია, მეორე სართულზე შესასვლელის პირდაპირ ბუხარია. ჩრდილო-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთი სარკმლებია. სარკმლების ორივე მხარეს სათოფურებია გაჭრილი. მესამე სართულის კედლებში ერთმაგი და ორმაგი სათოფურებია. ციხის ჩრდილო-დასავლეთი კოშკი სამსართულიანია. პირველ და მეორე სართულს, ეზოს მხრიდან ცალ-ცალკე, სწორკუთხა შესასვლელები აქვს. კოშკის პირველი და მესამე სართული – გეგმით წრიულია, ხოლო მეორე სართული - კვადრატული. სართულშუა გადახურვები მოშლილია.

სამხრეთ-დასავლეთი კოშკის სამხრეთი ნაწილი ჩამონგრეულია.

კომპლექსის კარიბჭე-სამრეკლო

ჩანს ოთხი სართულის კვალი. ქვედა სამ სართულს ეზოს მხრიდან დამოუკიდებელი შესასვლელები აქვს. შესასვლელები სწორკუთხაა. მეორე სართული გეგმით კვადრატულია, ხოლო დანარჩენი სართულები - წრიულია. პირველი სართულის ჩრდილოეთ კედელში ორი დიდი სწორკუთხ ნიშაა, რომლებშიც გაჭრილია სათოფურები. მეორე სართულის კედლებში ორი პატარა ნიშა, ერთი სათოფური და ერთი სარკმელია. სათოფურები გაჭრილია აგრეთვე მესამე და მეოთხე სართულში.

ციხესთან ერთად აშენებული იყო სასახლეც, რომელიც ციხის სამხრეთ კედელს ებჯინება. ამ ადგილას კედელი შესქელებულია. მიუხედავად ამისა, სასახლე ძლიერ არის დანგრეული. შემორჩუნილი კედლების მიხედვით შეიძლება იმის დადგენა, რომ სასახლე სამსართულიანი იყო. შედარებით უკეთესად შემორჩენილ პირველ სართულში - სამი ოთახი ჩანს. შუა ოთახი დარბაზია, გვერდითა ოთახები უფრო მცირე ზომისაა. ყოველი ოთახის სამხრეთ კედელში ბუხარია, რომლის ორივე მხარეს ღრმა ნიშებია მოთავსებული. გარეთა კედლების შემორჩენილი ნაწილიდან ირკვევა, რომ ზემო სართულების ოთახების განლაგებაც ანალოგიური იყო. ციხის აღმოსავლეთ კედელთან, გარედან მიშენებულია გეგმით სწორკუთხა, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. სახლი დაყოფილი იყო სამ ნაწილად, აღმოსავლეთით დიდი დარბაზია, დანარჩენი ორი ოთახი უფრო მცირეა. ოთახების კედლებში ბუხრების კვალია.

ძეგლი ძლიერ არის დაზიანებული.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები