სოფელ კუსირეთის კოშკი
სოფელ კუსირეთის კოშკი - სოფლიდან სამხრეთით 1 კმ. მდებარე ექვსსართულიანი კოშკის გეგმა კვადრატს უახლოვდება. ზემო ნაწილში საბრძოლო ბანია. პირველი სართული ქვის ჭერითაა გადახურული, დანარჩენ სართულებს ძელური გადახურვა ჰქონია.
პირველი სართულის გადახურვა გუმბათისებრია. ჩრდილო-დასავლეთ კედლის ცენტრში ვიწრო და დაბალი შესასვლელია, სამხრეთ-დასავლეთ კედლის ცენტრში მაღალი, თაღოვანი ბუხარია, გვერდებზე სწორკუთხა ნიშებით. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში ორი მცირე ირიბად გაჭრილი სათოფურია. ჩრდილო-აღმოსავლეთი კედლის კუთხეებში ნიშებია, ცენტრში - სათოფურებია.
მეორე სართულის სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლში თაღოვანი ბუხარია, მის გვერდებზე - თითო სათოფურია. ჩრდილო-ღმოსავლეთ კედლის ცენტრში თაღოვანი წირთხლებიანი შესასვლელია, აღმოსავლეთით სათოფური. ორ დანარჩენ კედელში გაჭრილია ორ-ორი სათოფური. იატაკის ჩრდილოეთ კუთხეში გაჭრილია ხვრელი პირველ სართულში ჩასასვლელად.
სართულის მესამე ჩრდილო-დასავლეთი კედლის ცენტრში თაღოვანი ბუხარია. მისგან დასავლეთით შეწყვილებული სათოფურია. ჩრდილოეთით ერთი სათოფურია, ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში ორი. ასეთივე სათოფურებია დანარჩენ ორ კედელშიც. აღმოსავლეთი კუთხის სიღრმეში მოთავსებულია ტუალეტი. იატაკის კოჭებისაგან მხოლოდ კედელში ჩასმული ბოლები გადარჩა.
მეოთხე სართულის კედლებში ორ-ორი სათოფურია. იატაკის კოჭებისაგან გადარჩა ერთი ძელი.
მეხუთე სართულის ჩრდილო- აღმოსავლეთი კედლის ცენტრში თაღოვანი ბუხარია. ჩრდილოეთით ორი სათოფურია. სამხრეთით ასევე ორი სათოფური. მათ ზემოთ ვიწრო სარკმელია. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლის ცენტრში ვიწრო სარკმელია, გვერდებზე ორ-ორი სათოფურით. სამხრეთ-დასავლეთ კედელში ოთხი სათოფურია; ჩრდილო-დასავლეთ კედელში - ცენტრში სარკმელი, გვერდებზე ორ-ორი სათოფური. ჭერისაგან გადარჩა სამი დამპალი კოჭი, იატაკისაგან - ოთხ.
VI სართულის აღწერა შეუძლებელი (სპეცმოწყობილობის გარეშე ასვლა არ ხერხდება).
საბრძოლო ბანს შემორჩენილი აქვს, ძალზე დაზიანებული რამდენიმე ქონგური
კოშკი ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. ფასადების კუთხეები თლილი კვადრებითაა ამოყვანილი, სათოფურებსა და სარკმლების თავზე მუხის მასიური ხეა გადებული. ფასადების ზოგიერთი ნაწილი დაზიანებული ყოფილა და შემდგომი ხელახლა აღუდგენიათ.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა