სოფელ საცხენეთის წმინდა გიორგის ეკლესია
სოფელ საცხენეთის წმინდა გიორგის ეკლესია - განვითარებული შუა საუკუნეები - ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთ განაპირას მთაზე. ნაგებია ყორექვით, კირის დუღაბზე. გეგმით მართკუთხაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით. მასში სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. სარკმლის ქვედა ნაწილში გამოყენებულია შირიმის ქვები. საკურთხეველში დგას მოწითალო ფერის ქვა, რომელზეც წრეში ჩაწერილი ჯვარია გამოსახული. კამარის საბრჯენი თაღი, ორსაფეხურიან პილასტრებს, ხოლო კედლის თაღები აღმოსავლეთით აბსიდის მხრებს, დასავლეთით კი ნახევარპილასტრებს ეყრდნობოდა. ეკლესიას გააჩნია ორი თაღოვანი კარი, ერთი სამხრეთით, ხოლო მეორე დასავლეთით. მოგვიანებით, ნაგებობას სამხრეთ-დასავლეთით გარშემოსავლელი გაუკეთეს. დასავლეთის გარშემოსავლელში შემორჩენილია კამაროვანი გადახურვის ფრაგმენტი და სარკმელი. დასავლეთი მინაშენი ჩრდილოეთით სცილდება ძირითადი ეკლესიის პერიმეტრს. შესაძლებელია გარშემოსავლელი ჩრდილოეთიდანაც იყო. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე მოთავსებულ ქვაზე, ნაკაწრით შესრულებულია ადამიანთა ფიგურები. ეკლესია ძლიერ არის დაზიანებულია; ჩამოქცეულია კამარა და კონქი; კედლების ზედა ნაწილი მორღვეულია. დასავლეთის მინაშენის სამხრეთი ნაწილი ჩამონგრეულია. სარკმლები დაზიანებულია. გადახდილია საბურავი მასალა.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა