სხეულის ხატი
სხეულის ხატი ანუ სხეულის სქემა არის პიროვნების სუბიექტური წარმოდგენა საკუთარი სხეულის შესახებ. კლინიცისტისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რამდენად მთლიანია პაციენტის სხეულის ხატი, როგორ არის განლაგებული მასში სხეულის ნაწილები და როგორ მოძრაობენ ისინი.
სხეულის ხატისთვის დამახასიათებელი ანომალიები თავს იჩენს ნევროლოგიური დარღვევებისას. ამის მაგალითია
- ფანტომური შეგრძნებები კიდურის ამპუტაციის შემდეგ;
- პაციენტის უუნარობა, გააცნობიეროს საკუთარი სხეულის ერთ მხარეს მომხდარი ცვლილებები (ჩვეულებრივ,
- ინსულტის შემდეგ);
- ჰემისომატოგნოზია (პიროვნება მცდარად განიცდის, რომ კიდური არ აქვს) და
- ანოზოგნოზია (პაციენტი ვერ აცნობიერებს სხეულის ფუნქციის დაკარგვას, რაც ჩვეულებრივ ჰემიპლეგიის შემდეგ ხდება).
ეს ანომალიები სხვადასხვა ნევროლოგიურ სახელმძღვანელოში და ლიშმანთანაა აღწერილი (Lishman, 1998).
სხეულის ზომისა და ფორმის დამახინჯებულ აღქმას ხანდახან ჯანმრთელ ადამიანებთანაც ვხვდებით დაღლილობის ან ჩაძინების დროს. განცდა, როდესაც პაციენტს ეჩვენება, რომ მისი კიდური დიდდება, პატარავდება ან სხვა სახის დეფორმაციას განიცდის, ფიქსირდება შაკიკისა და ეპილეფსიური გულყრის წინმსწრები აურის შემთხვევაში, და, ასევე, LSD-ს მიღების შემდეგ. ამ დროს პიროვნება აცნობიერებს, რომ მისი განცდა არარეალურია. სხეულის ნაწილების ზომისა და ფორმის შეცვლა აღენიშნება შიზოფრენიით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს. ამ შემთხვევაში ეს სიმპტომები ბოდვითი ან ჰალუცინატორული ხასიათისაა და მათი გაცნობიერების ხარისხი დაბალია.
სხეულის ხატის დარღვევა ნერვული ანორექსიისთვის არის დამახასიათებელი. ამ დროს პაციენტი ამტკიცებს, რომ მსუქანია, მაშინ როდესაც სინამდვილეში ძალიან გამხდარია და ზოგჯერ გამოფიტვამდეა მისული.
გაორების ფენომენის დროს ადამიანი საკუთარ სხეულს ან ხსეულის რომელიმე ნაწილს გაორებულად განიცდის. მაგ., პაციენტს ჰგონია, რომ ორი მარცხენა ხელი აქვს. ძალიან იშვიათად ამ ტიპის გამოცდილება აღინიშნება შაკიკის, შუბლის წილის ეპილეფსიისა და შიზოფრენიის დროს. მსგავსი გამოცდილება, აღწერილი აუტოსკოპური ჰალუცინაციისას.