ტაეკვონდო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტივენ ლოპესი (აშშ) ყველაზე ტიტულოვანი მებრძოლია ტაიკვონდოში. ოლიმპიური თამაშების ორგზის და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი

ტაეკვონდო − (კორ. fae – ფეხით დარტყმა, kvon – მუშტი, „დო“ – ხელოვნება, გზა). თანამედროვე კორეული საბრძოლო ხელოვნება, უიარაღოდ თავდაცვის ერთ-ერთი სახეობა.

სარჩევი

ისტორია

ტაეკვონდო აზიური საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სახეობაა. მისი ოფიციალური წესები XX საუკუნის 50-იან წლებში დაიწერა, თუმცა კორეის ნახევარკუნძულზე და ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მცხოვრები ხალხისთვის მსგავს ორთაბრძოლებში დაოსტატება ჯერ კიდევ უძველესი დროიდან გადარჩენის ერთ-ერთი გზა იყო.

X საუკუნის კორეაში დიდგვაროვანთა სასახლეებში ხშირად იმართებოდა ორთაბრძოლები უიარაღოდ, სამეფო გვარდიაში სამსახურის ნებისმიერ მსურველს კი სუბაკის (ტაეკვონდოს მსგავსი სახეობა) ხელოვნებაში გამოცდა უნდა ჩაებარებინა. იაპონელთა მიერ კორეის 35-წლიანი ოკუპაციის პერიოდში (1910-1945) დამპყრობლები ცდილობდნენ ჩაეხშოთ ყველაფერი ეროვნული, უპირველესად კი, ადგილობრივი საბრძოლო ხელოვნების სკოლები დაესუსტებინათ და გადაეგვარებინათ. ამით აიხსნება განთავისუფლებული კორეის აღორძინებული ორთაბრძოლების ტექნიკის მსგავსება იაპონურთან.

Taekvondo 2.JPG

უკვე 1945-54 წლებში კორეაში უიარაღო ორთაბრძოლების შვიდი სხვადასხვა სკოლა ჩამოყალიბდა, თუმცა მალე ქვეყნის ხელისუფლებამ ამ სკოლების შერწყმა და ერთიანი ეროვნული საბრძოლო ხელოვნების შექმნა გადაწყვიტა. ამ იდეას ხორცი შეასხა ახალგაზრდა გენერალ-ლეიტენანტმა ჩხვე ხონხმა. 1955 წელს ჩანდოკვანის, ოდოკვანისა და სუნმუკვანის სკოლების ხელმძღვანელთა ყრილობამ იმსჯელა ახალ სახეობაზე, რომელსაც ტაეკვონდო დაარქვეს. ამავე ყრილობაზე შეიმუშავეს მისი პრინციპები. 1966 წელს ჩხვე ხონხიმ შექმნა ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITF), რომელიც სულ მალე გენერალსა და კორეის მთავრობას შორის მომხდარი კონფლიქტის გამო ტორონტოში (კანადა) გადავიდა. კორეაში დარჩენილმა ინსტრუქტორებმა 1973 წელს ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაცია (WTF) დააფუძნეს და პირველი მსოფლიო ჩემპიონატიც გამართეს. მას შემდეგ ეს ორი ორგანიზაცია ერთმანეთთან გამუდმებულ ქიშპობაშია. დავის საგანია უმთავრესად ილეთთა კომპლექსების რაოდენობა: WTF 17 კომპლექსს აღიარებს, ITF კი – 24-ს, რაც, გენერალ ჩხვეს იდეით, დღე-ღამის 24 საათს შეესაბამება.

ოფიციალურ ოლიმპიურ სახეობად ტაეკვონდო (WTF ვერსიით) 1994 წელს აღიარეს, როცა სოკ-მა იგი სიდნეის 2000 წლის თამაშების პროგრამაში შეიტანა.

ტაეკვონდო საქართველოში

საქართველოში ტაეკვონდო დაინერგა 1991 წელს. ამ საქმეს სათავეში ედგა ავთანდილ მიქაძე, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობდა და მეხუთე დანი მოიპოვა. ტაეკვონდოს ჯგუფები (კაცებისა და ქალებისათვის) გაიხსნა თბილისში, ხაშურში, წყალტუბოში, ბათუმში, ფოთსა და ახალქალაქში.

1993 წლიდან რეგულარულად ტარდება საქართველოს ჩემპიონატი. 1995 წლიდან კი საქართველოს ნაკრების წევრები მონაწილეობენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში, სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში. 1997 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სპორტსმენებისა და მწვრთნელებისათვის მოეწყო სემინარები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა ტაეკვონდოს ევროპის კავშირის ტექნიკური დირექტორი, მეცხრე დანის მფლობელი, დოქტორი სეო მიონ სოო. მოგვიანებით, არაერთი მსგავსი სემინარი გაიმართა, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით. ტაეკვონდოს სპორტული ჯგუფები გახსნილია ქვეყნის უმეტეს რეგიონში, რომლებშიც 2000-მდე სპორტსმენია გაერთიანებული. 2017 წელს ევროპის იუნიორთა პირველობაზე მესამე ადგილზე გავიდა ბათუმელი ზურაბ კინწურაშვილი, რომელმაც მომდევნო წელს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა.

წესები

დამცავი პროტექტორები, ჩაფხუტი, კაპი და წინდამცავი. ორთაბრძოლა შედგება სამი 2-2 წუთიანი რაუნდისგან. რაუნდებს შორის ერთწუთიანი შესვენებაა. ნებადართულია დარტყმა ხელით (წინა მუჭით) და ფეხით (ტერფით) — კორპუსის პროტექტორით დაცულ ნაწილში (გარდა ხერხემლისა), აგრეთვე ფეხით (ტერფით) – სახის არეში, ყურების ჩათვლით. მებრძოლს 1 ქულა ეძლევა კორპუსზე ძლიერად და სუფთად შესრულებული დარტყმებისთვის, 2 ქულა – სახეში დარტყმისთვის, 1 დამატებითი ქულა – თუ მიყენებული დარტყმის შედეგად მეტოქე ნოკდაუნში აღმოჩნდება. წესების დარღვევისთვის სპორტსმენს აფრთხილებენ (კონგო) ან აჯარიმებენ (გამჯო). 2 კიონგო ან 1 გამჯო თითო საჯარიმო ქულის ტოლფასია (სპორტსმენი დამარცხებულად ითვლება, თუ 4 საჯარიმო ქულას მიიღებს). კიონგო სპორტსმენს ეძლევა შემდეგი დარღვევებისთვის: საჯარიმო ხაზის გადაკვეთა; წინ დახრა ან მეტოქისკენ ზურგით შებრუნება; დაცემა; ბრძოლიდან გაქცევა; მეტოქისთვის ხელის ჩავლება, შებოჭვა ან ხელის კვრა; წელქვემოთ შეტევა; ხელით შეტევა სახის არეში; არასპორტული საქციელი.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები