ტალეირანი შარლ მორის დე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარლ მორის დე ტალეირანი

შარლ მორის დე ტალეირანი – (ფრანგ. Charles Maurice de Talleyrand-Périgord, 2 თებერვალი 1754 — 17 მაისი 1838), თავადი და ბენევენტოს პერცოგი (1806-15), დინოს ჰერცოგი (1817-დან), ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი.

1792 ორჯერ იმყოფებოდა ლონდონში დიპლომატიური მისიით, რათა მიეღწია ინგლისის ნეიტრალიტეტისათვის საფრანგეთის ბრძოლაში რუსეთთან, ავსტრიასა და პრუსიასთან. 1792 წლის აგვისტოში, საფრანგეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, იმყოფებოდა ემიგრაციაში დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. 1796 დაბრუნდა საფრანგეთში. 1797-99 დირექტორიის რეჟიმის დროს იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. დიდი ბრიტანეთის იზოლირების მიზნით, გააბა საიდუმლო მოლაპარაკება დაზავების შესახებ რუსეთთან, მაგრამ ეს ცდა მარცხით დამთავრდა. აქტიურად უწყობდა ხელს 18 ბრიუმერის (9.XI.1799) გადატრიალებას. 1799-1807 – ნაპოლეონ I-ის მმართველობის დროს იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. უშუალოდ მონაწილეობდა ლენევილის 1801, პარიზის 1801, ამიენის 1802, პრესბურგის 1805 საზავო მოლაპარაკებებში, ტილზიტის შეთანხმებებში 1807. მოლაპარაკებას აწარმოებდა რაინის კავშირის 1806-13 შექმნის შესახებ. 1808 საიდუმლო კავშირი დაამყარა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-თან, იყო შუამავალი მასა და კ. მეტერნიხს შორის მიმოწერაში. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ აქტიურად უწყობდა ხელს ბურბონთა რესტავრაციას. 1814 ლუი XVIII-მ დანიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრად. მიაღწია 1814 მომონის ტრაქტატის ლიკვიდაციას. აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომელიც დამთავრდა 1814 პარიზის საზავო ხელშეკრულების დადებით. მეთაურობდა საფრანგეთის დელეგაციას ვენის კონგრესზე 1814-15. იყო ვენის 1815 ხელშეკრულების (საიდუმლო) სულისჩამდგმელი. ნაპოლეონის „ასი დღის“ (1815) შემდეგ სათავეში ედგა საფრანგეთის მთავრობასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს. მომდევნო 15 წლის განმავლობაში ჩამოსცილდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1830-34 იყო საფრანგეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში. მისი ინიციატივით დაიდო 1831 ლონდონის ხელშეკრულებები და 1834 ოთხთა – საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის კავშირი, რომელიც მიმართული უნდა ყოფილიყო რუსეთის, ავსტრიისა და პრუსიის წინააღმდეგ. 1834 თადარიგში გავიდა.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები