ტალმა ფრანსუა ჟოზეფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანსუა ჟოზეფ ტალმა ნერონის როლში

ფრანსუა ჟოზეფ ტალმა − (ფრანგ. François-Joseph Talma, 1763-1826), ფრანგი მსახიობი. იგი საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში მოღვაწეობდა. მისი, როგორც იდეური, ისე შემოქმედებითი პრინციპები, განმანათლებლური თეატრის ესთეტიკისა და პრაქტიკის გავლენით ყალიბდებოდა. ტალმა არა მხოლოდ შესანიშნავი მსახიობი, არამედ უდიდესი რეფორმატორიც იყო. ის მაყურებელს თავისი დახვეწილი გარეგნობით, სილამაზით, სცენური მომხიბვლელობით და ესთეტიზმით აჯადოებდა.

ბავშვობა ტალმამ ლონდონში გაატარა, სადაც შექსპირის შემოქმედებას გაეცნო და მთელი თავისი სიცოცხლე ქედს იხრიდა მის წინაშე. საფრანგეთში დაბრუნების შემდგომ ტალმა დეკლამაციისა და სიმღერის სამეფო აკადემიაშდეკლაი სწავლობდა. 1787 წელს იგი მიიღეს „კომედია ფრანსეზის“ დასში, სადაც მან ის შემოქმედებითი პრინციპები გააგრძელა, რომლებსაც სათავე მისმა წინამორბედებმა, განმანათლებლური კლასიციზმის რეფორმატორებმა, მსახიობებმა: ლეკენმა, კლერონმა და დიუმენილმა დაუდეს.

ტალმა იყო ის მსახიობი, რომელმაც შეძლო და სცენიდან იდეალურად გადმოსცა რევოლუციური კლასიციზმის სულისკვეთება. ასე მაგალითად, ქვეყნის პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენად იქცა შენიეს ტრაგედია „კარლოს IX“-ის დადგმა (1789), რომელშიც ტალმა ტირანი მეფის როლს ასრულებდა. ამ სცენური სახის შექმნისას, მსახიობის მიზანი მხოლოდ ტირანი მეფის მხილება კი არა, არამედ იდეალური მოქალაქეების, ქვეყნის პატრიოტების აღზრდაც იყო. სწორედ ეს სულისკვეთება რეფრენად გასდევდა ტალმას სცენურ სახეებს, უძველესი რომის პერიოდის რესპუბლიკელ გმირს, მხედართმთავარ მარიას (არნოს „მარია მინტურნში“ 1791), მედგარ პატრიოტს - მუცი სცევოლას (ლიუს დე ლანსივალის „მუცი სცევოლა“ 1793).

მართალია, ტალმა კლასიცისტური თეატრის ბრწყინვალე წარმომადგენელი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ბევრი სიახლე დაამკვიდრა იმ პერიოდის ფრანგული თეატრის სამსახიობო ხელოვნებაში. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო სცენური სიმართლე, როლის სიღრმისეულ შრეებში წვდომა, ტალმასთვის ეს იყო ძიების რთული შემოქმედებითი პროცესი. შინაგანი სცენური სიმართლის ძიებამ, გარეგნული სიმართლის წარმოსაჩენი გამომსახველობითი საშუალებების მიგნების აუცილებლობა წარმოშვა. მსახიობს მოუწია ისეთი ისტორიული პერსონაჟების განსახიერება, როგორებიცაა: მუჰამედი, ოროსმანი, კარლოს IX, ბრუტოსი, ოიდიპოსი და სხვა. ამ როლების შესრულებისას ტალმამ პორტრეტული გრიმი, ანტიკური, შუა საუკუნეების, აღმოსავლური და აღორძინების ეპოქის ისტორიულ�ეთნოგრაფიული კოსტიუმი გამოიყენა.

სცენური სიმართლის ძიების პროცესში ტალმა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რეფორმა დეკლამაციაშიც უნდა განხორციელებულიყო. მან გადალახა ფრანგულ სცენაზე დამკვიდრებული წამღერებული დეკლამაციის სტილი და ცხოვრებაში არსებული სხვადასხვა ინტონაციით გაამდიდრა იგი, ახლებური ჟღერადობა შესძინა მას.

ტალმა უაღრესად ემოციური მსახიობი იყო. მისი სცენური გმირები უდიდეს სულიერ განცდებს, გაუსაძლის შინაგან ტკივილს, დამანგრეველ ვნებებს განასახიერებდნენ. სცენური პერსონაჟების შექმნისას მან უარი თქვა ზედაპირულ, ილუსტრაციულ ჟესტიკულაციაზე, სამაგიეროდ, ძლიერი ემოციური განცდების შესაქმნელად ის ოსტატურად იყენებდა სხვადასხვა გამომსახველობით საშუალებებს. ტალმას შემოქმედების ამ მნიშვნელოვანმა ასპექტმა განაპირობა ის გარემოება, რომ იგი საფრანგეთში სასცენო ხელოვნებაში ახალი მიმართულების - რომანტიზმის დამამკვიდრებელი გამხდარიყო.

ტალმას შემოქმედებითი ცხოვრება იოლი არ ყოფილა. იაკობინელთა დიქტატურის დამხობის შემდგომ პერიოდში მის შემოქმედებას მოაკლდა გმირული და მოქალაქეობრივი პათოსი, იდეური სიღრმე, თანდათანობით გაჩნდა პომპეზურობა, ამ პირის კლასიციზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ამ დროს ტალმა შექსპირის დრამატურგიას მიმართავს. შექსპირი მისთვის იდეალური დრამატურგია. მის შემოქმედებაში, ტალმასთვის ყველაზე ახლობელი სამყაროს ტრაგიკული მოწყობისა და უსამართლობის განცდა იყო. შექსპირის დრამატურგიის სიღრმე და პერსონაჟთა შინაგანი სამყაროს მრავალფეროვნება, საშუალებას აძლევდა ტალმას, გამოეხატა ცხოვრებისა და ხელოვნების საკუთარი გაგება. შექსპირის დრამატურგია ეხმიანებოდა ტალმას ეპოქის, ასევე თავად მსახიობის შინაგან სულისკვეთებას, ამიტომაც იყო ის ესოდენ ახლობელი და მნიშვნელოვანი მის შემოქმედებაში. ტალმას სამსახიობო კარიერაში ჰამლეტის როლი ყველაზე გამორჩეული იყო.

სიცოცხლის ბოლო წლებში ტალმა იშვიათად ჩნდებოდა სცენაზე, რადგან თეატრის მოქმედი რეპერტუარი ყოვლად მიუღებელი იყო მისთვის. „ვითხოვ შექსპირს, მე კი დიუსის მთავაზობენ!“- პირად საუბარში ეუბნებოდა მსახიობი ჰიუგოს. ვიქტორ ჰიუგომ თავისი ტრაგედია „კრომველი“ ტალმას მიუძღვნა, მაგრამ მსახიობის გარდაცვალების გამო, ავტორის სურვილი ვერ განხორციელდა.

„მე თათებში ჩავუვარდი ჩემს ეპოქას და მან იარაღად გამომიყენა“ - ასე განსაზღვრა დიდმა ფრანგმა მსახიობმა თავისი შემოქმედების ისტორიული მნიშვნელობა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები