ლეკენი ანრი ლუი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანრი ლუი ლეკენი

ანრი ლუი ლეკენი − (ფრანგ. Henri-Louis Lekain, ნამდვილი გვარი კენი, 1729-1778), ფრანგი მსახიობი, „ვოლტერის ანსამბლის“ წევრი (დიუმენილთან და კლერონთან ერთად). მოღვაწეობდა „კომედი ფრანსეზში“.

თამაშობდა კერძო თეატრში, სადაც ვოლტერის ყურადღება მიიქცია. დრამატურგმა ის თავისსახლში გადაიყვანა საცხოვრებლად და სამსახიობო ოსტატობაში მოამზადა. ვოლტერმა მეორე სართული თეატრად გადააკეთა, სადაც სცენისმოყვარულთა დასმა დაიწყო მოღვაწეობა. თეატრი გაიხსნა ვოლტერის პიესით „მაჰმუდი“, სადაც ლეკენი მთავარ როლს ასრულებდა, ხოლო ვოლტერი სპექტაკლის რეჟისორი იყო. ლეკენი ოცნებობდა ფრანგული კომედიის თეატრის სცენაზე, რაშიც ვოლტერი დაეხმარა და 1750 წელს შედგა მისი დებიუტი ვოლტერის ტრაგედიაშიბრუტუსი“. მაყურებლის ნაწილი აღფრთოვანებული დარჩა ლეკენის თამაშით, ნაწილმა კი უნიჭო მსახიობად ჩათვალა, რაც გარკვეულწილად გამოწვეული იყო მისი გარეგნობით, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა ფრანგული თეატრის მოთხოვნებს. ლეკენი იყო საშუალოზე დაბალი, სქელი ტუჩებით, დიდი პირით, მუქი ფერის კანით, მაგრამ ძალიან მეტყველი თვალები ჰქონდა. მსახიობის ყველაზე დიდი ნაკლი, ფრანგული კლასიცისტური თეატრის მოთხოვნებიდან გამომდინარე – სუსტი, არამჟღერი ხმა გახლდათ. მას სახელგანთქმულ, ნიჭიერ და კარგი გარეგნობის პარტნიორებთან უწევდა თამაში, რაც კიდევ უფრო ართულებდა მსახიობის მდგომარეობას. ლეკენის შრომისმოყვარეობამ მისი ნიჭის აღიარება განაპირობა. დაუღალავად მუშაობდა მეტყველებაზე, ხმასა და მიმიკაზე, რის შედეგადაც მისი ხმა რბილი და მოქნილი გახდა, მიმიკა კი ისე დახვეწა, რომ „ის ყველა იმ ვნების სარკედ გადააქცია, რასაც თავის როლში განიცდიდა“.

ლეკენი ძველ ტადიციებს აერთიანებდა ახალ სტილისტურ ტენდენციებთან. ის კლასიცისტური გმირების „გაადამიანურებას“ და ფსიქოლოგიურად დამუშავებას ცდილობდა, მეტი რეალიზმი, მგრძნობელობა, ემოცია შექონდა როლში. ყოველთვის ყურადღებით და ინტერესით უსმენდამ პარტნიორის რეპლიკებს. ტრაგედია გადააქცია „გაცოცხლებულ ფერწერად“ – ასე აფასებდა ვოლტერი მსახიობის ემოციურ ჟესტებს. მსახიობი ტრადიციულად გააზრებულ როლებს განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევდა. როდესაც ლეკენს არ გამოუვიდა ჩინგიზხანის როლი, ვოლტერთან ერთად იმუშავა და მაყურებელს სრულიად განსხვავებული, დახვეწილი პერსონაჟი წარმოუდგინა.

დიდ ყურადღებას უთმობდა ასევე სპექტაკლის გაფორმებას და თეატრალურ კოსტიუმს. ვოლტერი თავისი პიესების დადგმასაც კი ანდობდა. ლეკენმა უარყო სასახლის დეკორაცია, რის ფონზეც სრულდებოდა ყველა ტრაგედია. დაამკვიდრა სიუჟეტისთვის შესაბამისი დეკორაციები, რომლებიც იცვლებოდა მოქმედების ადგილის შესაბამისად და ეთნოგრაფიული დეტალებით ქმნიდა შესაბამის გარემოს. დიდ ყურადღებას უთმობდა მიზანსცენებს, ცდილობდა მთელი სცენის ათვისებას (ამ დროს უკვე სცენა განთავისუფლდა მაყურებელთა ადგილებისგან) – „გააცოცხლა“ მანამდე უძრავი სტატისტები და მსახიობები განალაგა ფერწერული კანონების პრინციპით. ცდილობდა კოსტიუმებში ასახულიყო ისტორიული სიზუსტე და ეთნოგრაფიულობა, რისთვისაც სწავლობდა ისტორიას, კონსულტაციებს გადიოდა არქეოლოგებთან და ისტორიკოსებთან. თუმცა რადიკალური რეფორმის ჩატარება შეუძლებელი იყო, რადგან იმ პერიოდისთვის იკრძალებოდა სცენაზე შიშველი სხეულის გამოჩენა. ამიტომ, XVIII საუკუნის თეატრალური ეთიკის შესაბამისად, ანტიკურ კოსტიუმს უმატებდა პანტალონს და წინდებს.

ლეკენმა ცვლილება შეიტანა სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაშიც. იმ პერიოდში, სპექტაკლის დაწყებამდე და ანტრაქტების დროს, ორკესტრი ასრულებდა მუსიკას, რომელსაც არავითარ კავშირი არ ჰქონდა პიესის სიუჟეტთან. ლეკენი თავად არჩევდა მუსიკალურ ნაწარმოებს, რომლითაც წინასწარ ქმნიდა განწყობას. მუსიკა პიესაში მომხდარი ამბის ერთგვარი ილუსტრაცია იყო. შემორჩენილია ლეკენის მიერ აღწერილი 58 ტრაგედიის დეკორაციები, კოსტიუმები, აქსესუარები და მუსიკალური ნომრები.

ნინო ქირია

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები