ტარბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტარბი

ტარბი (ლათ. Pastor roseus Linnaeus, 1758) − ფრინველი, ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ტარბი.

ტარბი საშუალო ზომის ბეღურასნაირი ფრინველია, ფრთა 12-135 მმ-ია, კუდი – 60-70 მმ, ნისკარტი – 18-20 მმ, წონა – 65-75 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესთა შორის განსხვავება მცირეა. ზრდასრულ მამალს გამრავლების პერიოდში თავი, კისერი, ყელი, ჩიჩახვი, ფრთები, კუდი და მისი მფარავები, წვივის ბუმბულები, ფრთებით დაფარული სხეულის გვერდები და ზოლი მხრებსა და ზურგს შორის შავი აქვს. თავზე მოზრდილი ქოჩორია. თავსა და კისერზე მეწამული ფერის, ხოლო ფრთებსა და კუდზე მწვანე მეტალური ელვარებაა. ზურგი, კუდზედა ბუმბულები, მხრები, მკერდი და მუცელი ლამაზი მკრთალი ვარდისფერია. ფრთების ქვემო მფარავებს თეთრი არშიები აქვთ. ზრდასრული ხნიერი დედალი ზოგჯერ სრულიად არ განსხვავდება მამლისაგან. ჩვეულებრივად კი დედალს შავი ფერის მაგივრად უფრო მურა ფერები აქვს, ხოლო ვარდისფერი უფრო ჭუჭყიანია. ქოჩორიც შედარებით მოკლეა, ხოლო კისერი, ფრთები და კუდი მუქი მურა-რქისფერი. ნისკარტი ვარდისფერია, მაგრამ ძირში შავი, ფეხები მოყვითალო.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს: დასავლეთით – ჩრდილოეთი იტალიიდან, აღმოსავლეთით – ალტაის სამხრეთ და დასავლეთ კალთებამდე. ჩრდილოეთით ვრცელდება აღმოსავლეთ რუმინეთამდე, სამხრეთ უკრაინის ველებში და ყირიმში, სარატოვამდე, მდ. ურალის შუა დინებამდე და სადგურ უბინსკამდე. სამხრეთით მოიცავს იუგოსლავიას, ბულგარეთს, მცირე აზიას, სირიას, ამიერკავკასიის დიდ ნაწილს, ირანს, ავღანეთს და შუა აზიის დაბლობებსა და მთისწინეთებს. აღნიშნული საზღვრების ფარგლებშიც გავრცელება სპორადულია. ჩრდილოეთი რაიონებიდან გადამფრენია, ხოლო არეალის სამხრეთ ნაწილში – მობინადრე. ზამთრობს წინა აზიაში, მთელ ინდოეთში, ცეილონზე და ანდამანის კუნძულებზე. საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ცნობილია, როგორც მობუდარი ფრინველი, ხოლო დასავლეთ საქართველოში მოიპოვება ზოგჯერ მიმოფრენის დროს.

ბიოტოპი

ბინადრობს უპირატესად ბორცვიან ველებზე, ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში, ზეგნებსა და მთათა კალთებზე, იმ პირობით, თუ არის მტკნარწყლიანი წყალსატევები, თავთხელი სანაპიროებით. მთებში ხშირად ადის 2400 მ-ის სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

გამრავლება

თითქმის ყოველთვის დიდ კოლონიებად ბუდობს. გამრავლება მონოგამიურია. ბუდეს აკეთებს ხმელი ბალახის, ხის ქერქის, მატყლისა და სხვა მასალისაგან ქვების ქვეშ, ნაპრალებში, სოროებში, ზოგჯერ ფუღუროშიც. მაისის მეორე ნახევარში დებს ჩვეულებრივად 5-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 14 დღემდე გრძელდება.

კვება

ტარბი გამოირჩევა სხვა ფრინველებისაგან იმითაც, რომ მის ძირითად საკვებს შეადგენს სწორფრთიანები, უპირატესად – კალიები და კუტკალიები, განსაკუთრებით გამრავლების პერიოდში. ბარტყებსაც მხოლოდ კალიებით კვებავს. გამრავლების შემდგომ პერიოდში ჭამს სხვა მწერებსაც, აგრეთვე ობობებს, წვრილ მოლუსკებს და სხვ. შემოდგომით საკვებ რაციონს ემატება ნაირგვარი კენკრა, მათ შორის ყურძენი, ალუბალი, აგრეთვე სარეველა მცენარეთა თესლები.

მნიშვნელობა

კალიების მასობრივად განადგურებით იმდენად დიდი სარგებლობა მოაქვს, რომ იქ, სადაც მასობრივად ჭამს ყურძენს, ნებადართულია ამ ფრინველის მხოლოდ დაფრთხობა და არა დახოცვა.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები