ტაჰარქა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაჰარქას გრანიტის სფინქსი, ბრიტანეთის მუზეუმი

ტაჰარქა - (დაახლ. ძვ.წ. 690-663) – ეგვიპტის ფარაონი XXV (ეთიოპიური, ან ნუბიური) დინასტიიდან.

ბიბლიის IV მეფეთა წიგნის მიხედვით ტაჰარქა ჩაერია იუდეის მეფე ხიზკიას ომში ასურეთის მეფე სინაქერიბთან. ბიბლიაში ის მოხსენიებულია, როგორც ეთიოპიის მეფე, რადგან იმ პერიოდში ის მხოლოდ მემკვიდრე პრინცი იყო. მან ფარაონობას სავარაუდოდ სახელმწიფო გადატრიალების გზით მიაღწია, შემდეგ საკუთარი დედა ეგვიპტის უმაღლეს ქურუმად დანიშნა. თავისი გამეფების დაკანონება ეთიოპიელმა პრინცმა პოლიტიკური ქორწინებით გადაწყვიტა და ცოლად წინა ფარაონის, შაბატაკის ქვრივი შეირთო, ხოლო მისი ვაჟი ტანიატამონი ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა.

ტაჰარქა აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა. მან ილაშქრა ნუბიაში და დაიპყრო რამდენიმე ნუბიური ტომი. ასურეთის მხრიდან საფრთხის აღსაკვეთად ფარაონმა ტიროსის მეფე ბაალთან შეკრა კავშირი. მათ მიემხროთ კვიპროსი და ფინიკიაც.

აშკელონში ტაჰარქამ ძლიერი სიმაგრეები ააგო და ქალაქში გარნიზონი ჩააყენა. ამან გამოიწვია ასსარგადონის ლაშქრობა, რომელმაც დაშალა მის წინააღმდეგ შეკრებილი კოალიცია და შეიჭრა ეგვიპტეში. მემფისი მტერს დანებდა, ნილოსის დელტა ასურეთის ჯარებით აივსო, ხოლო ქალაქებმა ასურული სახელები მიიღეს.

ტაჰარქა ნაპატაში გაიქცა. მის მაგივრად ეგვიპტეში ასურელებმა დოდეკარხია დაადგინეს, ანუ ადგილობრივი მმართველების ძალაუფლება. ერთ-ერთი მათ შორის იყო ნეხო, რომელმაც მოგვიანებით დაარსა ეგვიპტის XXVI, საისის დინასტია და აღადგინა ეგვიპტის დამოუკიდებლობა.

ასსარგადონის სიკვდილის შემდეგ ტაჰარქა ეგვიპტეში დაბრუნდა და ასურელები განდევნა. ძვ.წ. 669 წელს მეფე აშურბანიფალის მეთაურობით ასურელებმა ეგვიპტე კვლავ დაიბრუნეს. ამჯერად ასურეთის ჯარებმა თებემდეც კი მიაღწიეს. ტაჰარქა სამუდამოდ განიდევნა ნაპატაში, სადაც ის სიკვდილამდე იმყოფებოდა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები