ტბეთის მონასტერი
ტბეთის მონასტერი (ინგლ. Monastery of Tbeti) – ტბეთის ღვთისმშობლის სახელობის X საუკუნის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. მდებარეობს თანამედროვე თურქეთში, მდინარე იმერხევის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელი ქ. შავშათიდან 15 კილომეტრში, სოფ. ტბეთის (თურქული სახელწოდება Cevizli, ჯევიზლი, ნიშნავს „კაკლიანს“) შუაგულში.
მონასტრის მთავარი ტაძარი წარმოადგენდა შავშეთის საერისთავოს მთავარ ჯვარგუმბათოვან ეკლესიას, რომელიც ერისთავთერისთავის აშოტ კუხის მიერ იყო აგებული აშოტ ბაგრატიონი (კუხი) გარდაიცვალა 918 წელს). მანვე დანიშნა ტბეთის პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი, რომელმაც XI საუკუნის პირველ ნახევარში ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიის აგრესიისაგან. ტბეთის მონასტერი რამდენიმე სამონასტრო ნაგებობას მოიცავდა, რომელთაგან დღეისათვის მხოლოდ მთავარი ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი.
სავარაუდოდ აშოტ კუხის აშენებული თავდაპირველი ნაგებობა რვამკლავიან ტაძარს წარმოადგენდა, რომელიც მალევე დაინგრა და მის ნაცვლად აიგო იმავე გეგმის ახალი ეკლესია. შესაძლებელია მოხდა ნაწილობრივი (მხოლოდ ფასადების) რეკონსტრუქცია, რომლის დროს არ დარღვეულა ტაძრის სივრცობრივ-მოცულობითი სტრუქტურა.

X საუკუნის ბოლოს რვააფსიდიანი ნაგებობის ადგილას მესამე, უფრო მოზრდილი და განსხვავებული ტიპის კათედრალი აიგო, რომლის ზოგდი კომპოზიცია არსებითად არ შეუცვლია მომდევნო საუკუნეების აღდგენა-გადაკეთებას. დღეს ტბეთის დიდებული ტაძარი დანგრეული და გაძარცულია.
რვამკლავიანი ტაძრის ნაშთები გარედან მოპირკეთებულია მოწითალო-მონარინჯისფრო ქვიშაქვის დიდი კვადრატული ფორმის ფილებით. ზოგ ადგილებში გვხვდება ღია ქვიშისფერი ან უფრო მუქი მოშავო-მოწითალო ქვებიც. მათი წყობა მკაცრად მოწესრიგებულია, რიგები დაცულია და ძირითადად წახნაგიდან წახნაგზე გადადის. შიდა მოპირკეთება ჩრდილოეთის კედელზე შემოძარცვულია. შემორჩენილია მხოლოდ ქვების ბუდეები, რომელთა მოწესრიგებული წყობაც შიდა პერანგის სისუფთავესა და აკურატულობაზე მეტყველებს (დ. ხოშტარია).
მესამე ტაძრის გეგმა წარმოადგენს ჯვარს ოთხი მკლავით, რომელთაგან აღმოსავლეთისა აფსიდიანია, ხოლო დანარჩენი სამი მართკუთხაა. მიუხედავად არაერთი გადაკეთებისა, მესამე მშენებლობის დროინდელი ზოგიერთი დეტალი ტბეთის მთავარი ტაძრის ინტერიერში დღემდეა შემორჩენილი, მათ შორისაა სატრიუმფო თაღის იმპოსტები, რომლებსაც ხვეული ჩუქურთმებით მორთული ქვედა ნაწილი და მის თავზე გამოწეული ლილვი გააჩნია, ასევე თარო, რომელიც შემკულია დისკოების მწკრივით. მესამე მშენებლობის დროინდელია ასევე ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავების წინა თაღების იმპოსტები, რომლებიც ნატიფი დამუშავებით და მდიდრულობით გამოირჩევა (დ. ხოშტარია). ინტერიერისგან განსხვავებით ტაძრის ექსტერიერის დეტალები ნაკლებადაა შემონახული, თუმცა წნული და ხვეული ჩუქურთმებით შემკული არქიტექტურული ორნამენტები დღესაც ყურადღებას იქცევს შესრულების საოცარი დონითა და მიმზიდველობით.
მთავარი ტაძრის მომდევნო რეკონსტრუქცია შესრულებული XI საუკუნის მეორე ნახევარში, მიზნად ისახავდა მოცულობის გაზრდასა და ფასადების უფრო მდიდრულად მორთვას. ამ პერიოდში ტაძარს ჩრდილოეთის მკლავზე მიაშენეს ეგვტერი და მის თავზე მოაწყვეს პატრონიკე. გადაკეთდა საკურთხეველიც. დააგრძელეს პასტფორიუმები, რის გამოც დაიკარგა აფსიდის გარე შვერილობა და აღმოსავლეთიდან შეიქმნა ღრმა თაღნარიანი ერთიანი ფასადის სიბრტყე, რომლის სამი თაღიდან შუა უფრო ფართო და მაღალია, ვიდრე ორი გვერდითი თაღი. ანალოგიური თაღნარებია სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზეც.
XI საუკუნეში მშენებლობა განახლდა და უფრო დამშვენდა საფასადო მორთულობა (მრგვალი სარკმლების საპირეები, განედლებული ჯვრის რელიეფი, აღმოსავლეთის მკლავის დახვეწილი ჩუქურთმებით წარმოდგენილი კარნიზები და სხვა. (შემორჩენილია დღემდე).
XIII საუკუნეში აღადგინეს სამხრეთი მკლავი (მეხუთე მშენებლობა), ხოლო XIV საუკუნეში აღადგინეს დანგრეული გუმბათი (მეექვსე მშენებლობა). აღდგენილი გუმბათი თექვსმეტწახნაგას წარმოადგენდა, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლებოდა სარკმლიანი და უსარკმლო წახნაგები. პ. ზაქარაიას აზრით ეს გუმბათი პროპორციებით, გაფორმებითა და ცალკეული დეტალებით ყველაზე ახლოს გერგეტის სამების გუმბათთან დგას და მისი თანადროული უნდა იყოს. სამწუხაროდ ტბეთის გუმბათმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.
შემორჩენილი ფრაგმენტებით დასტურდება, რომ ტაძარი ძალიან მაღალი ხარისხის ფრესკებითა და წარწერებით ყოფილა დამშვენებული.
უნდა აღინიშნოს, რომ ტბეთის ტაძარი მშენებლობის ხარისხით, დახვეწილი ქართული ჩუქურთმებით, ინტერიერისა და ექსტერიერის მორთულობით უცილობლად შედის შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ძეგლთა სიაში.