ტერასული სოფლის მეურნეობა სამცხე-ჯავახეთში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტერასული სოფლის მეურნეობა სამცხე-ჯავახეთშისოფლის მეურნეობის ტიპი, მიწათ მოქმედების მიმართულება, რომელიც რთულ ოროგრაფიულ პირობებში ვითარდება და გარემოში არსებულ ეკოლოგიურ წონასწორობას უწყობს ხელს. ყველაზე კარგად მეურნეობის ეს დარგი სამცხე-ჯავახეთში განვითარდა.

კედლიანი ტერასები, ხერთვისი

მიწის სიმცირის პირობებში მეტად ხელსაყრელი იყო ფერდობების ათვისება, რამაც სასოფლოსამეურნეო თვალსაზრისით სამცხე-ჯავახეთის ვარგისი მიწები მნიშვნელოვნად გაზარდა და ამას თან ბუნებათსარგებლობის მეტად მდგრადი და რაციონალური პრაქტიკა განაპირობა. ამ გარემოებამ უდიდესი როლი შეასრულა რეგიონის და საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. თანამედროვე გადასახედიდან, სამეურნეო ათვისების ეს ფორმა მეტად გონებამახვილურ და მდგრადი პრინციპების შესატყვისად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან, ერთის მხრივ, მიღწული იყო აგროკულტურების მაღალი მოსავლიანობა, ხოლო მეორეს მხრივ, შენარჩუნებული იყო ბუნებაში არსებული ეკოლოგიური წონასწორობა. ყოველივე ეს კი მიღწეული იყო ბუნებრივი პირობების ღრმა ცოდნით, რაც მათზე მრავალწლიანი დაკვირვებისა და ანალიზის შედეგი უნდა ყოფილიყო.

ფერდობების სასოფლო-სამეურეო ათვისება სრულიად განსხვავებულია და მეტ ცოდნა-გამოცდილებას ითხოვს, ვიდრე ეს ვაკე ტერიტორიებისათვისაა დამახასიათებელი. სასურველი მოსავლის მისაღებად, მარტო არსებული ბუნებრივი პირობების გამოყენება საკმარისი არ არის. საჭიროა ბუნებრივი პირობების გათვალისწინება და მისი მართვა, ერთი მხრივ სათანადო ღონისძიებებით თავიდან აცილებულ იქნას ბუნების არასასურველი ზემოქმედება და, მეორე მხრივ, ხელოვნური ჩარევით გაიზარდოს ეფექტიანობა. ორივე ეს ღონისძიება სხვადასხვა აგროტექნიკურ ღონისძიებაში გამოიხატება: ნიადაგის დაცვა ჩამორეცხვისა და ეროზიისაგან, ორგანული სასუქის შეტანა, მავნებლებისაგან დაცვა, აგროწესების ზუსტი დაცვა და სხვა.

ტერასების განაწილება ფერდობის ექსპოზიციის მიხედვით სამცხე-ჯავახეთში

ტერასული სოფლის მეურნეობა სამცხე-ჯავახეთში უმთავრესად სამცხის ტერიტორიაზე განვითარდა, რისი მიზეზიც ამ მხარის მრავაწლიანი ნარგავებისათვის გაცილებით ხელსაყრელი კლიმატური პირობებია. მეცნიერებმა დააადგინეს, რომ ადგილობრივები ითვალისწინებდნენ მზის ენერგიის სამეურნეო მნიშვნელობას. ისინი ერთმანეთისაგან არჩევდნენ მზიან და ჩრდილიან ნაკვეთებს და მათ შესაბამის კულტურებს მიუსადაგებდნენ. კერძოდ, ვაზისთვის მხოლოდ „მზიგული“ ანუ სამხრეთის ექსპოზიცია იყო საჭირო. მეურნის დაკვირვებით, როცა ვაზს დილის სხივი (ანუ ვაზი გაშენებულია აღმოსავლეთის ექსპოზიციაზე) ხვდებოდა, მისი ფოთლები ზიანდებოდა, რადგანაც დილის ნამი ჯერ გამშრალი არ იყო. ხოლო როცა ვაზი სამხრეთის ექსპოზიციაზე იყო გაშენებული, მაშინ, როცა მას მზე მიანათებდა ნამი ფოთლებიდან უკვე გამშრალი იქნებოდა.

აგროტექნიკური ღონისძიების გათვალის წინების შემდეგ სამცხეში სამეურნეო ნაკვეთის დახრილობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ვინაიდან სამცხე არაა სწორი და ვაკე ადგილი, არამედ დახრამული ფერდობებითაა წარმოდგენილი, სამეურნეო მოქმედებებიც შესაბამისად უნდა წარმართულიყო. პირველ რიგში უნდა მიეღოთ სამეურნეოდ ვარგისი ნაკვეთი და მერე უნდა უზრუნველეყოთ მისი ხანგრძლივი დაცვა. სამეურნეოდ ვარგისია მიწის ზედაპირი, როცა მისი დამუშავება შესაძლებელია და ამისათვის უმჯობესია მას სწორი ზედაპირი ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი მხრივ, გაძნელდება დამუშავების პროცესი და მეორე მხრივ, ნალექები ადვილად ჩამორეცხენ ნიადაგს. ასე რომ, რამდენიმე წელიწადში არსებული ნაკვეთი სამეურნეოდ უვარგისი გახდება. ამიტომ მეურნემ დაიწყო ფერდობის დავაკება. ამით მან სამეურნეო პროცესი გააიოლა, მაგრამ ახლა საჭირო გახდა მიღწეულის ანუ დავაკებული ნაკვეთის ხანგრძლივად შენარჩუნება. მთელი ეს პროცესი ფერდობის დატერასებაა.

მესხეთში აგებდნენ ქვისკედლიან და უკედლო ტერასებს.

ხელოვნური ტერასები სამცხე-ჯავახეთში

რთულ ოროგრაფიულ პირობებში ხელოვნურად მოწყობილი ტერასები მთის ფერდობზე, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო მიზნით იყენებენ. ტერასებზე აშენებდნენ მრავაწლიან ნარგავებს და მოჰყავდათ ერთწლოვანი კულტურებიც – ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული და მარცვლეული. ხშირად ასეთი ტერასები ხეობის, ან მთის ძირიდან 100-200 მ შეფარდებითი სიმაღლით საფეხურს იკავებდა. ზოგან ტერასების რაოდენობა 50-საც კი აჭარბებდა.

ტერასებს სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა ტიპისას აგებდნენ. ეს სხვა და სხვაობა განპირობებული იყო გარემო პირობებით. აგებდნენ კედლიან (დარიჯი, ოროკი) და აკეთებდნენ უკედლო (ლარი) ტერასებს. განსხავებული იყო მათი სამეურნეო გამოყენებაც.

ტერასები ისე იყო აგებული, რომ გათვალისწინებული იყო ქარის მიმართულება და სოლარული ენერგია. სამეურნეო ფორმისა და აგროკულტურის შერჩევას მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ფერდობის ექსპოზიცია. მეურნე გონივრულად იყენებდა ფერდობების მიხედვით სოლარული ენერგიის მიღების განსხვავებებს. კერძოდ, აგროკულტურებს შერჩევით თესავდნენ სხვადასხვა ექსპოზიციის ფერდობებზე. სამხრეთი ექსპოზიციის ფერდობებზე სინათლისა და სიმშრალის მოყვარულ, ხოლო ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე – სინოტივის მოყვარულ აგროკულტურებს თესავდნენ. როგორც წესი, სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე უფრო უხვ მოსავალს იღებდნენ, თუმცა ქერის დათესვა უფრო მომგებიანი იყო ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე. სამცხე-ჯავახეთში ტერასების დიდი ნაწილი სამხრეთის რუმბის ფერდობებზეა მოწყობილი. თუმცა ლარებს აწყობდნენ ასევე ჩრდილო-დასავლეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ექსპოზიციის ფერდობებზეც. ტერასების თანაბარი მორწყვის მიზნით, მოწყობილი იყო საირიგაციო და საწვიმარი არხები და ღარები – წყლის სადინარები, რომელთა ძირი და გვერდები ქვით იყო ამოყვანილი. ამით მიწის ჩამორეცხვა არ ხდებოდა.

დღეს ძველი ხელოვნური ტერასების უდიდესი ნაწილი განადგურებულია და მხოლოდ აქა-იქაა შემორჩენილი. მათზე მსჯელობა შეიძლება მხოლოდ ტერასების ფრაგმენტების, ტოპონიმების, გადმოცემების, ისტორიული წყაროებისა და ჯერ კიდევ შემორჩენილი გაველურებული ვაზის ნაშთების მიხედვით. თანამედროვეობამდე უფრო მეტად მოაღწია დარიჯებმა, თუმცა შეცვლილია მათი გამოყენების დარგობრივი სტრუქტურა, კერძოდ, მაღლარი ვენახების ნაცვლად, სადაც წარსულში ასევე ხეხილიც უნდა ყოფილიყო შერეული, დღეს მხოლოდ ბაღნარებითაა წარმოდგენილი (ვაშლი, თუთა, კენკროვნები).

ტერასები სამცხე ჯავახეთში

წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები