ტილზიტის ხელშეკრულებები 1807

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტილზიტის ხელშეკრულებები 1807 – დაიდო საფრანგეთსა და რუსეთს შორის 25.VI(7.VII) ალექსანდრე I-ისა და ნაპოლეონ I-ის მოლაპარაკების შედეგად, ასევე საფრანგეთსა და პრუსიას შორის (9.VII);

ხელი მოაწერეს ტილზიტში (თანამედროვე კალინინგრადის ოლქი) რუსეთ-პრუსია-საფრანგეთის ომში 1806- 07 ნაპოლეონის ჯარების გამარჯვების შემდეგ. მოლაპარაკების დროს ნაპოლეონმა რუსეთს შესთავაზა ნემანიდან ვისლამდე მდებარე მიწების მიერთება, თუმცა ალექსანდრე I-მა, რომელსაც არ სურდა პრუსიასთან კონფლიქტი, დაარწმუნა ნაპოლეონი, უარი ეთქვა ამ უკანასკნელის განადგურების გეგმებზე.

რუსეთ-საფრანგეთის საზავო ხელშეკრულებით პრუსია კარგავდა ელბის მარცხენა სანაპიროზე მდებარე მიწებს, ეს მიწები ხელახლა შექმნილ ვესტფალიის სამეფოს გადაეცა. იმ მიწებიდან, რომლებიც პრუსიამ რეჩ პოსპოლიტას მეორე და მესამე დაყოფის დროს დაიპყრო, იქმნებოდა ვარშავის საჰერცოგო, ნაპოლეონის ფაქტობრივი პროტექტორატის ქვეშ. გდანსკი (დანციგი) გამოცხადდა თავისუფალ ქალაქად პრუსიისა და საქსონიის მფარველობით, ბელოსტოკის ოლქი გადაეცა რუსეთს. რუსეთი დათანხმდა შუამავლობაზე საფრანგეთ-ინგლისის მოლაპარაკებებში. თავის მხრივ, საფრანგეთი კისრულობდა შუამავლობას რუსეთისა და თურქეთის დაზავებაში. ხელშეკრულების ცალკეული საიდუმლო მუხლებით რუსეთი კისრულობდა, გამოეყვანა ჯარები მოლდავეთიდან და ვლახეთიდან და ცნობდა ნაპოლეონის სუვერენიტეტს იონიის კუნძულებზე.

შემდეგ ხელი მოაწერეს რუსეთ-საფრანგეთის ტრაქტატს შეტევითი და თავდაცვითი კავშირების შესახებ. მხარეებმა იკისრეს, ერთობლივი მოქმედებები ეწარმოებინათ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში. გათვალისწინებული იყო, რომ თუ დიდი ბრიტანეთი უარს იტყოდა რუსეთის შუამავლობაზე და არ დათანხმდებოდა 1.XI.1807-მდე დაედო ზავი. რუსეთს უნდა გაეწყვიტა მასთან დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობები. ნაპოლეონი კისრულობდა, თურქეთის მიერ საფრანგეთის შუამავლობაზე უარის თქმას ანდა, მოლაპარაკებათა წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსეთისათვის მხარდაჭერას თურქეთის წინააღმდეგ. საზავო ხელშეკრულება საფრანგეთსა და პრუსიას შორის ითვალისწინებდა ზოგიერთ ტერიტორიულ ცვლილებას. პრუსიას აკისრებდა, შეემცირებინა არმია 40 ათას კაცამდე, გადაეხადა საფრანგეთისათვის 100 მლნ ფრანკი კონტრიბუცია და მიერთებოდა კონტინენტურ ბლოკადას. 1806-16. ალექსანდრე I-ის წინადადებას შუამავლობის თაობაზე დიდმა ბრიტანეთმა უარით უპასუხა და რუსეთმა მას ომი გამოუცხადა. საფრანგეთი საიდუმლოდ აქეზებდა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში.

ტილზიტის ხელშეკრულებების 1807 უკმაყოფილებით შეხვდნენ რუსეთში. რუსეთის კონტინენტურ ბლოკადასთან მიერთებამ დიდი ზარალი მიაყენა რუსეთის ვაჭრობას და დამღუპველად იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკაზე. სამამულო ომის 1812 დაწყებასთან ერთად ტილზიტის ხელშეკრულებებმა ძალა დაკარგა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები