ტიტუსის სატრიუმფო თაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიტუსის ტრიუმფალური თაღი

ტიტუსის სატრიუმფო თაღი – (იტალ. Arco di Tito, ლათ. Arcus Tītī), ერთმალიანი სატრიუმფო თაღი, რომელიც მდებარეობს წმინდა გზაზე (ლათინური: Via Sacra) რომაული ფორუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

სატრიუმფო თაღი აშენდა იმპერატორ დომიციანეს მიერ ტიტუსის გარდაცვალების შემდეგ, 81 წ. იუდეველთა ომში მისი გამარჯვების აღსანიშნავად. ეს არის მძლავრ ბურჯებზე დაყრდნობილი ერთმალიანი თაღი, რომელიც არქიტექტურული ფორმების სისავსით და მასიურობით გამორჩევა. მისი პროპორციები კვადრატს უახლოვდება, რაც თაღს განსაკუთრებულ სიმყარესა და დიდებულებას ანიჭებს. შორიდან თაღი აღიქმებოდა, როგორც მძლავრი მონუმენტური კვარცხლბეკი საბრძოლო ეტლზე ამხედრებული იმპერატორის ქანდაკებისათვის. თაღის სიმაღლე ოცი მეტრია, მაგრამ იგი გაცილებით მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან ზუსტად არის მიგნებული სრულყოფილი პროპორციები. ფართო და ძლიერია მზიდავი ბურჯები, რომლებიც კუთხეში კორინთული ნახევარსვეტებით არის შემკული. მაღალი ატიკი (4,5 მ. სიმაღლისა) – დამაგვირგვინებელი ვერტიკალური კედელი, რომელზეც წარწერაა მოთავსებული, პილასტრებით არის დანაწევრებული.

წარწერა ტიტუსის სატრიუმფო თაღზე „სენატი და რომაელი ხალხი ღვთაებრივ ტიტუს ვესპასიანეს, ღვთაებრივი ვესპასიანეს ძეს“

მარმარილოს სატრიუმფო თაღი ჭარბად არის შემკული პლასტიკური დეკორით. მრავალრიცხოვანი რელიეფური სამკაული დახვეწილობითა და მაღალი ოსტატობით გამოირჩევა. ყველაფერი ემსახურება საზეიმო განწყობილების შექმნას. თაღის კუთხეებში გამარჯვების ქალღმერთის ვიქტორიას ორი რელიეფური ფიგურაა. ორნამენტით მდიდრულად არის შემკული ჰორიზონტალური ფრიზი და კარნიზი, თაღის მალს ფასადზე ორნამენტული ზოლი დაუყვება (არქივოლტი).

განსაკუთრებულად არის შემკული თაღის შიდა ზედაპირი. კედლები შემოსაზღვრულია პილასტრებით, რომელთა შორისაც თაღის მალის ზედა ვერტიკალურ სიბრტყეზე ორი რელიეფური კომპოზიცია არის მოთავსებული. ეს რელიეფები ჩანს თაღში გავლის დროს და ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს რელიეფის შესრულების ოსტატობითა და გადმოცემულ სცენათა რეალისტური ძალით. ორივე რელიეფური სცენა ეძღვნება იმპერატორ ტიტუსის სატრიუმფო შესვლას რომში იერუსალიმის აღების შემდეგ. ჩრდილოეთის მხარეს გამოსახული იყო გამარჯვებული იმპერატორი, რომელიც ოთხცხენშებმული ეტლით (კვადრიგით), ამალის თანხლებით, საზეიმოდ შედის დედაქალაქში. საპირისპირო კედელზე გამოსახულია საომარი ნადავლის – იერუსალიმის ტაძრის საღვთისმსახურო ნივთების დედაქალაქში შეტანის სცენა. ამ რელიეფზე ვხედავთ ტყვეების წამოყვანას; ზუსტად არის გადმოცემული ტროფეები: საკურთხეველი, შვიდსანთლიანი წმინდა შანდალი.

კომპოზიციები საკმაოდ მაღალი რელიეფით არის შესრულებული. მოქანდაკე შესანიშნავად ფლობს პლასტიკური ფორმების დამუშავების ოსტატობას. მშვენივრად არის გადმოცემული ადამიანთა ფიგურები, ზუსტად არის ნაჩვენები ეპოქის დამახასიათებელი ჩაცმულობა, თმის ვარცხნილობა. მძლავრად და ოსტატურად ნაძერწი ცხენების ფიგურები თავისუფლად მოძრაობენ სივრცეში. ამ ფრიზულად გაშლილ სცენებში მიღწეულია არაჩვეულებრივი ერთიანობა და ბუნებრიობა. ტიტუსის თაღის რელიეფები რომაული ისტორიული რელიეფის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

რელიეფის ზემოთ მძლავრად გამოწეული კარნიზია, კომპოზიციის ღრმად ჩაჭრილ ფონთან ერთად, იგი ხელს უწყობს რეალური სივრცის ილუზიის შექმნას. თაღის შიდა ზედაპირი დაფარულია ჭარბად შემკული კასეტების წყობით, რაც თაღს ხაზგასმულად სადღესასწაულო, მდიდრულ იერს ანიჭებს. ტიტუსის თაღი, თავისი კლასიკური ფორმებით, არქიტექტურისა და ქანდაკების ჰარმონიული თანხმიანობით იქცა იმ ნიმუშად, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ბაძავდნენ რომაელი ხუროთმოძღვრები.



წყარო

შედევრები და საუკუნეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები