ტოკიოს პროცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტოკიოს პროცესის ბრალდებულები: (წინა რიგი, მარცხნიდან მარჯვნივ) იაპონიის პრემიერ მინისტრი ჰ. ტოძიო, ადმირალი ტ. ოკა, (უკანა რიგი, მარცხნიდან მარჯვნივ) იაპონიის საიდუმლო საბჭოს თავმჯდომარე კ. ჰირანუმა, საგარეო საქმეთა მინისტრი შ. ტოგო.

ტოკიოს პროცესი – იაპონელ სამხედრო დამნაშავეთა სასამართლო პროცესი. მიმდინარეობდა ტოკიოში 3.V.1946- 12-XI.1948.

საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი შორეული აღმოსავლეთისათვის, რომელიც შეიქმნა 19.1.1946 სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, ავსტრალიის, კანადის, ნიდერლანდისა და ახალი ზელანდიის მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე, მას შეუერთდნენ ინდოეთი და ფილიპინები. სწორედ ამ ქვეყნების წარმომადგენლებისაგან ჩამოყალიბდა ტრიბუნალი. იაპონელ სამხედრო დამნაშავეებზე სასამართლოს მოთხოვნას შეიცავდა ბერლინის (პოტსდამის) კონფერენციის 1945 და მოსკოვის თათბირის 1945 გადაწყვეტილებები, რომლებიც იაპონიის კაპიტულაციის ერთ-ერთ პირობად სამხედრო დამნაშავეთა დასჯას ითვალისწინებდა.

სასამართლოს გადაეცა 28 ადამიანი, განაჩენი 25 მათგანს გამოუტანეს, მათ შორის, იაპონიის 4 ყოფილ პრემიერ-მინისტრს (ჰ. ტოძიო, კ. ჰიროტა, კ. ჰირანუმა, კ. კოისო), 11 ყოფილ მინისტრს, უმაღლესი გენერალიტეტის 8 წარმომადგენელს (კ. დოიჰარა, პ. კიმურა. ა. მუტო, ტ. ოკა. კ. სატო, ი. უმეძუ. ი. მაცუი, კ. ჰასიმოტო). პროცესის მსვლელობის დროს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ი. მაცუოკა და ადმირალი ო. ნაგანო გარდაიცვალნენ და მათი საქმე შეწყდა. ხოლო იაპონური მილიტარიზმის იდეოლოგს ს. ოკავას დამბლა დაეცა და მისი საქმე დროებით შეჩერდა.

თითოეულ მსჯავრდადებულს 3-4 ადვოკატი ჰყავდა, პროცესის მსვლელობისას ჩატარდა 818 ღია და 131 დახურული სხდომა. ტრიბუნალმა განიხილა 4356 დოკუმენტური მტკიცებულება, მოისმინა 1194 მოწმის ჩვენება და 16.IV.1948 შესვენება გამოაცხადა განაჩენის გამოსატანად, ხოლო 4.XI დაიწყო განაჩენის გამოცხადება, რომელიც 1914 გვერდზე იყო ჩამოყალიბებული. განაჩენში აღნიშნული იყო, რომ ომამდელ პერიოდში და ომის წლებში იაპონიის საშინაო და საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო აგრესიული ომების საწარმოებლად, ხოლო იაპონელი მილიტარისტები ჰიტლერულ გერმანიასა და ფაშისტურ იტალიასთან ერთად მსოფლიოში გაბატონებას ცდილობდნენ.

ტრიბუნალმა სიკვდილით დასჯა (ჩამოხრჩობით) მიუსაჯა ტოძიოს, იტაგაკის, ჰიროტას, მაცუის, დოიჰარას, კიმურას და მუტოს: 16 მსჯავრდებულს – სამუდამო პატიმრობა, ტოგოს – 20 წლით და სიგემიცუს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ტოკიოს პროცესს, ისევე როგორც წინამორბედ ნიურნბერგის პროცესს (რომელმაც დაგმო არა მხოლოდ კონკრეტული პირები, არამედ, აგრესია, როგორც უმძიმესი დანაშაული), არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა თანამედროვე საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების განმტკიცებისათვის.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები