ტოლშორისული პროექციები
ტოლშორისული პროექციები – (equidistant projections), კარტოგრაფიული პროექციების ჯგუფი დამახინჯებათა ხასიათის მიხედვით. დამახასიათებელია სიგრძეების დაუმახინჯებლობა მერიდიანის ან პარალელის მიმართულებით. ამ მიმართულებებს ნულოვანი დამახინჯების ხაზები ეწოდება. მათზე გაზომილი მანძილები, რუკის მთავარ მასშტაბში გადაყვანილი, შეესაბამება სიგრძეს ბუნებაში. საქართველოს ეროვნულ ატლასში (1964) არის „საქართველოს სსრ გეოგრაფიული მდებარეობის რუკა“ (ავტორები: ა. ასლანიკაშვილი და გეოფიზიკოსი ე. ბიუსი), რომელიც შედგენილია პოსტელის ტოლშორისულ აზიმუტურ პროექციაში. რუკის ცენტრია ქ. თბილისი. ამ პროექციის თვისებიდან გამომდინარე, თბილისიდან რუკის ნებისმიერ წერტილამდე გავლებული ხაზები მთელ თავის სიგრძეზე ინარჩუნებენ მიმართულებას (არ იცვლიან აზიმუტს) და სიგრძეს (არ მახინჯდება მანძილი). რუკის მასშტაბია 1:56 000 000, 1 სმ = 560 კმ-ს. მაგალითად, რუკაზე გაზომილი მანძილი თბილისი – პარიზი არის 6 სმ, რაც ბუნებაში შეადგენს 3360 კმ-ს, თბილისი – ანკარა 2.1 სმ, რაც შეადგენს 1176 კმ-ს, თბილისი – თეირანი 1.6 სმ, რაც შეადგენს 896-ს კმ და სხვ.