ტოპონიმიკური თქმულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოპონიმიკური თქმულება –- თქმულება, გადმოცემა ტოპონიმთა, ადგილის, დასახლებული პუნქტის, ქალაქის შესახებ. ტოპონიმიკური თქმულება ცნობილია მრავალ ხალხში. მსოფლიოში, მაგალითად, ბევრი ქალაქის სახელწოღების წაომოშობა-გავრცელება თქმულება-ლეგენდას უკავშირდება. რომის სახელწოდების წარმოქმნას, კერძოდ, საფუძვლად უძევს წარმტაცი თქმულება რომულისა და რემის შესახებ. ჩვილი რომული და რემი, მარსის ღვთაების შვილები, უპატრონოდ დაყარეს და მათ მოუარა ძუ მგელმა, გაზარდა ისინი მწყემსის ცოლმა. სასწაულებრივად გადარჩენილი რომული შემდეგ მეფე გახდა, დიდი ქალაქი ააშენა და მას თავისი სახელი – რომი უწოდაო. ასევე, თქმულებით, რიო-დე-ჟანეირო ტერმინის შექმნამიეწერება ამერიგო ვესპუჩის მოგზაური ბრაზილიაში იმყოფებოდა. ახალი წლის (პირველი იანვრის) ადრე დილით თავისი კარვიდან გამოსულა ადგილმდებარეობის დასაზვერავად. თვალი მოუყკრავს ზღვის უბისათვის, რომელიც მას დიდი მდინარე ჰგონებია და უწოდებია რიო-დე-ჟანეირო – „მდინარე იანვრისა“. სახელწოდება შემდეგ გავრცელდაო. ალექსანდრე მაკედონელს აზიაში ლაშქრობისას ერთ ადგილს ცხარე ბრძოლა მოუგია, მაგრამ საყვარელი ცხენი – ბუცეფალი კი დაუკარგავს. გამარჯვების აღსანიშნავად მეფეს ამ ადგილას ციხე-სიმაგრე აუგია და მისთვის ბუცეფალი უწოდებიაო. ტოპონიმი ახლაც ცნობილია. თითქოს თეთრი ფერის გამო წარმოქმნილი მაკრო ტოპონიმები – მონბლანი (ალპებშია), აკტაუ (შუა აზიაშია), მაუნაკეა (ჰავაიაშია),) ბლანკა პიკ (აშშ) და მისთ. ყველა ეს სიტყვა ქართულად „თეთრ მთას“ ნიშნავს.

ტოპონიმიკური თქმულებას იცნობს ქართული ფოლკლორიც, ბევრი ადგილობრივი ტოპონიმის საფუძვლად ჩანს მშვენიერი თქმულება, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ და მრავალ ვარიაციადაც ვრცელდებიან. მშვენიერი თქმულებებია ცნობილი ისეთ ტოპონიმებზე, როგორიცაა თბილისი, სამგორი, ჯეფირი, კალოუბანი, ვარძია, გორისჯვარი, უფლისციხე, მოდინახე, ერწო, ყვარელი, გლოლა, ლაწუნდარა, ქალის ციზე, სურამი, პალიასტომი, შეკვეეთილი, ცხინვალი, ყვავსაყდარა და მისთ. შეგვიძლია აქ დავიმოწმოთ რამდენიმე ლამაზი თქმულება. ხალხი გადმოგვცემს: თბილისის მიდამოები ადრე გაუვალი ტყით იყო დაფარულიო. ერთხელ აქ ნადირობდა ვახტანგ მეფე, გორგასალი. მეძებრებმა ააფრინეს ხოხობი, რომელსაც მეფის მიმინო გამოედევნა და მალე ორივენი გადაიკარგნენ. ბევრი ძებნის შემდეგ ორივენი ცხელ წყალში ჩაფუფქული იპოვეს. მეფემ არემარე კარგად დაათვალიერა. ნახა, რომ ამ მშვენიერ ადგილებში დედამიწიდან აქა-იქ თბილი და ცხელი წყალი ამოჩუხჩუხებდა. ვახტანგ მეფეს ძალიან მოეწონა სამკურნალო თბილი წყაროები და ბრძანა ქალაქის აშენება. ქალაქს სახელად თბილისი ეწოდაო. არანაკლებ საინტერესოა ჯეფირ ტოპონიმის თქმულებაც. ჯეფირი დიდი და მძლავრი ვაჟკაცი ყოფილა და ცოლიც შესაფერისი ჰყოლია. ჯეფირს საწყალი ხალხი ებრალებოდა და მფარველობდა. ადრე ატენს უწყალობა ტანჯავდა, მდინარე ტანა სხვა მხარეს მიემართებოდა. ერთ დღეს ჯეფირმა კლდეს ლოდი მოსტეხა, ვეებერთელა ნაძვები დაჭრა, მოაბა კლდეს, ცოლის დახმარებით გაათრია და ღრმა კვალი გაავლო. ატენის ხეობა ამ კვალითაა გაკეთებულიო. ჯეფირმა მდ. ტანა ამ კვალში გადმოაგდო, ხალხიც აქ დაასახლა ღა მუდმივი წყალი გაუჩინაო. ატენის ხეობაში ახლაცაა სოფელი ჯეფირი და იქვე ახლო თვით ჯეფირის საფლავსაც უჩვენებენ (აღნიშნული აქვს ვახუშტი ბაგრატიონსაც). კალოუბანთან ასეთი თქმულებაა დაკავშირებული: თბილისის ამ კუთხეში მუდამ კალოები იყო გამართულიო. მრისხანე თემურ ლენგი რვაგზის შემოესია საქართველოს, მაგრამ მაინც ვერა და ვერ დაიმორჩილა ქვეყანა. თემურის განსაკუთრებული სისასტიკე პირველ რიგში თბილისს დაატყდა თავს. ერთხელ განრისხებულმა შაჰმა ამ კალოებზე თავი მოუყარა ბავშვებს და თავისი ცხენოსანი ჯარით გადათელა ისინი. ამის შემდეგ ხსენებულ ადგილს კალოუბანი უწოდაო. ასევე საყურადღებოა ყვავსაყდარას თქმულება: გლეხები პურსა მკიდნენ. მზარეულებმა ქვაბები გააჩაღეს და სადილის მზადებას შეუდგნენ. ჩქარა კერძები მომზადდა და მომკელებიც ჩეროსაკენ ჟივილ-ხივილით წამოვიდნენ. მათი ხალისიანი ხმაურობა ქვაბებს ზევით მოფარფატე ყვავების საზარელმა ჩხავილმა დაფარა. უცებ ერთი ყვავი შხუილით პირდაპირ ქვაბში ჩავარდა და მდუღარე წვენში ჩაიფუფქა. ამ წვენს ვიღა ჭამდა და ქვაბი გადააპირქვავეს. მოხდა საკვირველება: გაფუფქულ ყვავთან ერთად უშველებელი გველიც დაინახეს. ყველა მიხვდა ყვავის სასწაულს. ამ შემთხვევის სახსოვრად აქ თითქოს საყდარი ააგეს, რასაც ყვავსაყდარი უწოდეს.

ტოპონიმიკური თქმულება არ არის ლოკალიზებული ერთი განსაზღვრული ადგილით. ბევრ ტოპონიმთან ერთი თქმულებაა დაკავშირებული. მაგალითად, ყვავსაყდარა ტოპონიმი მოიპოვება თელავის, ცხინვალის, ქარელის რაიონებში და ყველა მათგანზე ერთი თქმულებაა ცნობილი. მეტიც შეიძლება ითქვას. მსგავსი თქმულებები სხვა ხალხების ზეპირსიტყვაობაშიც ვრცელდდება. ტოპონიმიკური თქმულება ინტერნაციონალური გავრცელებისაა. თქმულება დაკავშირებულია როგორც მიკრო- და მაკრო-, ისე საკუთრივ ტოპონიმებთან.

ალ. ღლონტი



ლიტერატურა

ხალხური სიბრძნე, III, თბ., 1964.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები