ტრაქეო-ბრონქული სვეტის უცხო სხეულები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრაქეო-ბრონქული სვეტის უცხო სხეულები — ასეთი შემთხვევები, უმეტესწილად, გვხვდება პატარა ბავშვებში, 6 თვიდან წლამდე, უმეტესობა, 2-3 წლის ასაკში. ეს არ ნიშნავს, რომ ზრდასრულ პაციენტებში არ გვხვდება, თუმცა, ძალიან იშვიათ ხასიათს ატარებს.

ანამნეზი შემდეგი გახლავთ: სრულიად ჯანმრთელი პატარა ბავშვი, იდებს პირში რაიმე საგანს (თხილი, სათამაშო, კამფეტი, საღეჭი რეზინი და ა.შ.). რაღაც მომენტში, მას აღენიშნება სუნთქვის უეცარი შეკავება-გადაცდენა და ხველა. ამას კლასიკური პენეტრაციის სინდრომი ეწოდება. ამის შემდეგ, პაციენტის სუნთქვა თითქოს სწორდება და ბავშვი ჩვეულებრივად აგრძელებს თამაშს. ეს მოჩვენებითი სიმშვიდის პერიოდი მაცდურია და არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში. ამ დროს, სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს ასეთი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და ბრონქების ენდოსკოპიური დათვალიერება. საქმე ისაა, რომ უცხო სხეულის გადაცდენას, სუნთქვის შეჩერებას და დახჩობის შეგრძნებას მოსდევს ამ უცხო სხეულის ბრონქში გადასვლა, უარყოფითი წნევის გამო. ამის შემდეგ, სასუნთქი გზების გარკვეული ნაწილი, თუნდაც მეორე ბრონქი, სრულყოფილად ატარებს ჰაერს, რაც ქმნის მოჩვენებით შეგრძნებას, რომ საფრთხემ ჩაიარა. სინამდვილეში კი სასუნთქი გზების რაღაც ნაწილი დახშული რჩება უცხო სხეულით. შემდგომში ხდება ამ ნაწილის ნეკროზი და განგრენოზული დესტრუქცია.

ამიტომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ გარემოებაში, პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად, პენეტრაციის სინდრომის შემთხვევაში, აუცილებელია ამ პაციენტის ენდოსკოპიური ბრონქოსკოპია.

სარჩევი

ხორხის უცხო სხეული

ასეთი შემთხვევები ხშირია, როდესაც ბავშვები პატარა ზომის სათამაშოებით თამაშობენ. მოზრდილებში კი გადაცდენა ჭამის პროცესში სუნთქვის უეცარ შეფერხებას იწვევს და შესაძლოა ლეტალურადაც დამთავრდეს. ხორხის რეფლექსური მოძრაობით უცხო სხეეული კავდება ყიის მიდამოში და იწვევს მწვავე დისპნოეს და ასფიქსიას. იმ შემთხვევაში, როდესაც უცხო სხეული არ იწვევს სანათურის მთლიან დახურვას, პაციენტის მდგომარეობა იძლევა საშუალებას გადავიყვანოთ სტაციონარში.

ტრაქეალური უცხო სხეული

ტრაქეალური უცხო სხეული საკმაოდ პატარაა საიმისოდ, რომ გასცდეს ყიას და ხორხს. სამაგიეროდ, საკმარისად დიდია, რომ ბრონქში გადავიდეს. ამიტომ ის მოძრაობს ტრაქეის სანათურში და იწვევს სუნთქვის პოზიციურ გაძნელებას. პაციენტი ასეთი სიმპტომებით, აუცილებლად უნდა მოთავსდეს სტაციონარში და უნდა მოხდეს უცხო სხეულის ამოღება ენდოსკოპიურად, ზოგადი ანესთეზიის ქვეშ.

ბრონქული უცხო სხეული

ეს საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. მისი მართვის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ დიაგნოზი და ადგილმდებარეობის დადგენა რთულია განსაკუთრებით მაშინ, როცა საგნები რადიოლოგიურად უხილავია. როდესაც სხეული მცირე გახლავთ და იგი არ ახორციელებს მსხვილი ბრონქის ობსტრუქციას, კლინიკური გამოვლინება არც არის ყურადსაღები. პაციენტი კარგად გრძნობს თავს. თუმცა, შემდგომში, მისი მდგომარეობა დამძიმდება ობტურირებული ბრონქის დაჩირქების გამო.

ამიტომ აუცილებელია ენდოსკოპიური ბრონქოსკოპია და ამ სხეულის მოძებნა პენეტრაციის სინდრომის შემთხვევაში.

უცხო სხეულის არსებობის შემთხვევაში, სასწრაფოდ ჩასატრებელი მანიპულაციები

Heimlich-ის მანიპულაციის ნაირსახეობები.

არსებობს პროტოკოლით გაწერილი ზუსტი მანიპულაციები, რომელიც უნდა ვიცოდეთ.

— თითის ჩაყოფა პირში და უცხო სხეულის ძებნა და ამოღება. თუმცა, ამ დროს დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა უცხო სხეული პირიქით არ ჩავაგდოთ ხორხისკენ.
— მცირეწლოვანი ბავშვის შემთხვევაში, პაციენტის ფეხებით თავდაყირა დაჭერა იმის იმედით, რომ უცხო სხეული ჩამოვარდება ქვემოთ. ამ მანიპულაციის დროს, არსებობს საშიშროება ტრაქეალური უცხო სხეული ხორხში ჩამოვარდეს და ასფიქსია გამოიწვიოს.
— ჰაიმლიკის (Heimlich) მანიპულაცია – მანევრი, რომელიც გულისხმობს პაციენტის მუცელზე, უკნიდან ხელების სწრაფი მოჭერის შედეგად, ფილტვების წნევის გაზრდას და უცხო სხეულის ამოგდებას სასუნთქი გზებიდან.

როგორც ხვდებით, უცხო სხეულის პრობლემა სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიშია. უმეტესწილად, ეს განპირობებულია მისი გადაუდებელი ხასიათით. ძალიან იშვიათია უცხო სხეულის ამოღება ვერ მოხერხდეს ენდოსკოპიურად და საოპერაციო ბლოკის პირობებში და საჭირო გახდეს თორაკოტომიული ჩარევა.


NOTA BENE

ენდოსკოპიური ბრონქოსკოპიის აუცილებლობა:

  • ნებისმიერი დისპნოეს დროს, როდესაც ანამნეზში გვაქვს პენეტრაციის სინდრომი;
  • ნებისმიერი მორეციდივო პნევმონიის დროს ბავშვებში, როცა ეს პათოლოგია უსიმპტომოდ და უეცრად იჩენს თავს და პენეტრაციის სინდრომი შეიძლება ვივარაუდოთ;


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები