უასეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უასეტი – (ეგვ. w3ś.t,), ბუმბულებით დამშვენებული კვერთხი, რომელიც თებეს ნომის (მეოთხე ზემოეგვიპტური ნომის) ნიშანი იყო. იგივე სახელი ერქვა ნომს და მოგვიანებით თებეს (შუა სამეფოს დროიდან). ძველი სამეფოს დროს უასეტი ღმერთად იყო წარმოდგენილი. მოგვიანებით, მდედრობითი დაბოლოების გამო, (-t სუფიქსი ეგვიპტურ ენაში მდედრობითი სქესის ნიშანია), მას ქალღმერთის სახით ეთაყვანებოდნენ. მისი ატრიბუტები, უასეტის კვერთხის გარდა, იყო მშვილდი, ისრები და კომბალი, რაც თებელი ფარაონების მებრძოლ ბუნებას შეესაბამებოდა. საკულტო მსახურებაში უასეტივით მორთული ქურუმი ქალი მეფესთან დაკავშირებულ რიტუალებში იღებდა მონაწილეობას.