უკანგორის წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უკანგორის წარწერები – V-VI სს. ასომთავრული რელიეფური ორი წარწერა, მოთავსებული ჯვრების ორ სხვადასხვა კვარცხლბეკზე. მიაკვლია ლ. მუსხელიშვილმა 1936-37 დაზვერვითი არქეოლოგიური ექსკურსიების დროს სოფ. უკანგორის (დმანისის რ-ნი, დამბლუტისწყლის ხეობა) ეკლესიის სასაფლაოზე. პირველი ჯვრის კვარცხლბეკი ამჟამად ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. იგი დიდი ზომის (70X40X35 სმ.) ქვის ოთხკუთხა კუბია. კვარცხლბეკის თავზე ამოკვეთილია მრგვალი ფორმის ბუდე ჯვრის ან ჯვრის სადგარის ჩასადგმელად, ხოლო ერთი გვერდი, სავარაუდოდ, წინა მხარე, მთლიანად დაფარულია ექვს სტრიქონიანი წარწერით. ქვის ზედაპირის ნაწილობრივ გამოფიტვისა და რელიეფური ასოების ადგილ-ადგილ გადარეცხვის გამო, ტექსტი დაზიანებულია და ძნელად იკითხება. პირველი ოთხი სტრიქონი, რომელშიც დასტურდება ზმნის ხანმეტი ფორმა („აღხუმართე“), გამოსცა ლ. მუსხელიშვილმა (1941), ხოლო მომდევნო ორი სტრიქონი, კიდევ ერთი ხანმეტი ფორმით („თაჳყანისხცეთ“), წაკითხულ იქნა და გამოქვეყნდა 1972. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით (ასოთა რელიეფურობა, ჳ და ბ ასოების თავშეკვრით წერა, განკვეთილობის ნიშნების გამოუყენებლობა, ტანდაბალი და განიერი ასოები…) უძველეს ქართულ წერილობით ძეგლებს განეკუთენება. ლ. მუსხელიშვილი, ბოლნისის სიონის წარწერების დათარიღებისათვის მაშინ მიღებული ანალოგიით, უკანგორის წარწერას VI ს. დამდეგით ათარიღებდა. ამჟამად წარწერის თარიღი V-VI სს. განისასღერება. მისი ტექსტი ასეთია:

„+ პეტრჱს ხუცსობას[ა], მე, თათვარას აღხუმართე ესე ჯუარი სახ[ელით]ა ღმრთისაჲ[თა], შეწევნითა იესუ ქრისტჱსითა. რომელმან თაჳყანისხცემთ, ლოცვასა [მომი]ჴსენეთ“.

მეორე ჯვრის კვარცხლბეკის (ზომა: 39X35,5X3 სმ) წარწერა შვიდსტრიქონიანია. პირველი სტრიქონი და დანარჩენების მარჯვენა ნაწილი (ბოლო სტრიქონის გამოკლებით) დაკარგულია ქვის ზედაპირის ჩამოტეხის გამო. წარწერის ტექსტი სრული სახით აღადგინა ლ. მუსხელიშეილმა:

„[სახელითა ღმრთისაჲთა. მე],თა[თვარაზ] და მ[არიამ] აღხუ[მართეთ] ესე ჯუ[არი სა]ილოცვე[ლად] ჩ[უე]ნდა“.

პალეოგრაფიული იდენტურობა და მეორე წარწერაშიც თათვარასის მოხსენიება მასაც V-VI სს. ათარიღებს.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

მუსხელიშვილი ლ. არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში, თბ. 1941; სილოგავა ვ. ქართული სამართლის ძეგლები. – „მაცნე” (ისტორიის… სერია), 1972. №4; ქართული წარწერების კორჰუსი, ტ. 1, ნ. შოშიაშეილის გამოც., თბ., 1980, №26, 27.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები