ფანჯიკიძე გურამ
გურამ ფანჯიკიძე − (დ. 22 აპრილი, 1933 − გ. 1997), ქართველი მწერალი — პროზაიკოსი და პუბლიცისტი, სხვადასხვა დროს გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ პასუხისმგებელი მდივანი, ჟურნალ „ცისკრისა“ და „განთიადის“ მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი, 1992 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, „საპატიო ნიშნის" ორდენისა და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი, საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი (1975), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981).
დაიბადა 1933 წელს თბილისში, პედაგოგის ოჯახში, 1951 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-6 საშუალო სკოლა, იმავე წელს სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც 1956 წელს დაამთავრა, 1957 წელს სახელშეკრულებო თემას ამუშავებდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის შავი მეტალურგიისს კათედრაზე, 1959 წლიდან ინსტიტუტის გაზეთის რედაქტორია; პირველი მოთხრობა გურამ ფანჯიკიძემ გამოაქვეყნა 1958 წელს, მას შემდეგ მწერლის რომანები, მოთხრობები, პუბლიცისტური წერილები სისტემატურად იბეჭდება პერიოდულ პრესაში და ქვეყნდება ცალკე წიგნებად.
გურამ ფანჯიკიძის პროზა ერთთავად თანამედროვეობის მტკივნეულ, აქტუალურ პრობლემებს ეძღვნება. მწერალი ყოველთვის რთული ბუნების თანამედროვე ადამიანებს გვთავაზობს და მკითხველის შეუნელებელ ყურადღებას იწვევს. მწერლის მთავარი რომანებია: „მეშვიდე ცა“ (1967), „თვალი პატიოსანი“ (1972), „აქტიური მზის წელიწადი“ (1978), „სპირალი“ (1986), „ეშმაკის ბორბალი“ (1995).
გურამ ფანჯიკიძის ერთ-ერთი პირველი რომანი „თვალი პატიოსანი“, რომელმაც მკითხველთა ფართო მასების დიდი ინტერესი გამოიწვია, საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემიით აღინიშნა.
გურამ ფანჯიკიძის რომანები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა ენებზე.
1981 წელს რომანისათვის „აქტიური მზის წელიწადი“ გურამ ფანჯიკიძეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
წყარო
რუსთაველის პრემიის ლაურეატები
- ქართველი მწერლები
- საბჭოთა მწერლები
- ქართველი პროზაიკოსები
- ქართველი პუბლიცისტები
- ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეები
- რუსთაველის პრემიის ლაურეატები
- ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსნები
- მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები
- ფანჯიკიძეები