ფასკუნჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფასკუნჯი
ფოტო გ. დარჩიაშვილი

ფასკუნჯი (ლათ. Neophron percnopterus Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი ქორისებრთა ოჯახისა შავარდნისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ფასკუნჯი.

  • კლასი - ფრინველები (AVES)
  • რიგი - შევარდნისნაირნი (Falconiformes)
  • ოჯახი - ქორისებრნი (Accipitridae)
  • გვარი - ფასკუნჯი (Neophron)
  • სახეობა - ფასკუნჯი (Neophron percnopterus)

მძორისმჭამელი ფრინველი. საქართველოში გავრცელებულ მძორისმჭამელთა შორის ყველაზე მცირე ზომისაა, სიგრძე თავიდან კუდამდე 60-70 სმ-ია, გაშლილი ფრთებისა - 58-163 სმ. ზოგადად, საშუალოზე დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 460-520 მმ-ია, კუდი — 250-275 მმ, წონა — 2100-2400 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველის საერთო შეფერილობა თეთრია, მხოლოდ მომქნევებია შავი ფერის. ცვილანა და სახის ტიტველი კანი ნარინჯისფერია, ფეხები — მოცისფრო-რუხი. შავი, წვრილი და გრძელი ნისკარტი პატარა კაუჭით ბოლოვდება. ცვილანა ნისკარტის თითქმის ნახევრამდე აღწევს. კეფისა და კისრის ბუმბულები წამახვილებულია და თავისებურ საყელოს ქმნის. ახალგაზრდა ფრინველი მკვეთრად განსხვავდება ზრდასრულისაგან საერთო მუქი შეფერილობით. იგი თანდათან ღია ფერის ხდება და საბოლოო შეფერილობას მხოლოდ მე-5 წელს აღწევს. ჰაერში სხეულის კონტურით ბატკანძერს წააგავს. თუმცა უფრო მოკლე კუდი და შედარებით მოკლე, ნაკლებ წვეტიანი ფრთები აქვს.

ცნობილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ფასკუნჯი — N. p. percnopterus Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს აფრიკას (ტროპიკული ტყიანი რაიონების გარდა), სამხრეთი ევროპის მთიანეთს, არაბეთის ნახევარკუნძულს, მცირე აზიას, ირანს, ავღანეთს, ინდოეთს. არეალის ჩრდილოეთი რაიონებიდან გადამფრენია, ხოლო სხვაგან — მობინადრე. გადამფრენი პოპულაციები იზამთრებენ. ჩრდილოეთ აფრიკაში, არაბეთში და სამხრეთ აზიაში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი, მაგრამ ერთეული ეგზემპლარები ზამთარშიაც შეიძლება შეგვხვდეს.

ბიოტოპი

ბუდობის დროს ირჩევს გორაკებიანსა და ფლატეებიან ადგილებს უდაბნოებში, ნახევარუდაბნოებსა და ველებში. სხვა დროს შეიძლება შეგვხვდეს დაბლობებში ვაკეებზედაც. ბუდობს კლდოვან ნიშებსა და ადამიანის მიერ წარსულში კლდეებში გამოკვეთილ გამოქვაბულებში. ჩვენში მობუდარია. ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ-მდე ზ. დ.

გამრავლება

მარტის ბოლოსათვის დაწყვილება დამთავრებულია. ბუდეს იკეთებს კლდეებზე, ფლატეებზე, ხრამების კედლებზე, ბუდეს ამოფენს ბალნითა და ნაირგვარი ნარჩენებით. აპრილის მეორე ნახევარში დებს 2 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 40 დღეს აღწევს.

კვება

ფასკუნჯი ძირითადად მძორით მკვებავი ფრინველია, თუმცა ზოგჯერ მოიპოვებს რეპტილიებსაც, იჭერს კურდღელს, კორსაკს, ქვეწარმავლებს (კუს, გველს, ვარანს და სხვ.).

მნიშვნელობა

როგორც მძორიჭამია ფრინველი, სასარგებლოდ უნდა ჩაითვალოს, მაგრამ მცირერიცხოვნობის გამო დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები