ფესის დეკლარაცია 1982
ფესის დეკლარაცია 1982 – მიიღეს 9.IX ფესში (მაროკო) არაბული ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მე-12 თათბირზე, რომელშიც მონაწილეობდნენ 19 არაბული ქვეყნისა და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის (პგო) დელეგაციები.
ფესის დეკლარაცია წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთის რეგულირების არაბულ გეგმას. შეიცავს შემდეგ ძირითად დებულებებს:
ისრაელის ჯარების გამოყვანას 1967 ოკუპირებული არაბული ტერიტორიებიდან, მათ შორის იერუსალიმის არაბული ნაწილიდან;
იმ ებრაულ დასახლებათა ლიკვიდაციას, რომლებიც ისრაელმა შექმნა ოკუპირებულ არაბულ ტერიტორიებზე 1967 წლის შემდეგ;
პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლების დადასტურებას და მისი განუყოფელი ეროვნული ინტერესების განხორციელებას პგო-ს პალესტინელი ხალხის ერთადერთი კანონიერი წარმომადგენლის ხელმძღვანელობთ;
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს და ღაზის სექტორის გადაცემას გაეროს კონტროლის ქვეშ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს რამდენიმე თვეს;
პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას დედაქალაქით იერუსალიმში;
გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მშვიდობის გარანტიების უზრუნველყოფას რეგიონის ყველა ქვეყნის, მათ შორის პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის;
გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ამ პრინციპების განხორციელების გარანტიების უზრუნველყოფას. თათბირის გადაწყვეტილების შესაბამისად შეიქმს ე.წ. „შვიდის კომიტეტი“ სირიის, პგო-ს, ალჟირის, საუდის არაბეთის, იორდანიის, ტუნისის და მაროკოს წარმომადგენელთა შემადგენლობით – გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისათვის ფესის დეკლარაციის დებულებების გაცნობისა და ამ გადაწყვეტილებათა მიმართ მათი პოზიციის გარკვევის მიზნით.