ფესის ხელშეკრულება 1912
ფესის ხელშეკრულება 1912 – (მაროკოზე საფრანგეთის პროტექტორატის დამყარების შესახებ), ხელი მოაწერეს 30.III ფესში (მაროკო).
ხელშეკრულების თანახმად, საფრანგეთმა მიიღო უფლება დაემყარებინა მაროკოში ახალი რეჟიმი, რომელიც მისთვის სასურველი ადმინისტრაციული, სასამართლო, ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო რეფორმების გატარებას ითვალისწინებდა. საფრანგეთის ჯარებს უნდა მოეხდინათ მაროკოს ტერიტორიის ოკუპაცია. სულთნის კარზე, რომელიც ფორმალურად სახელმწიფოს მეთაურის მდგომარეობას ინარჩუნებდა, საფრანგეთის მთავრობა ნიშნავდა გენერალურ რეზიდენტს და ფაქტობრივად ამ უკანასკნელის ხელში იყო მთელი ხელისუფლება მაროკოში. მაროკოს საგარეო პოლიტიკა უნდა ეწარმოებინათ ფრანგებს, ამასთან, სულთანს არ ჰქონდა უფლება, დაედო რაიმე საერთაშორისო ხელშეკრულება, მიეღო სესხები, ანდა გაეცა კონცესიები საფრანგეთის წინასწარი თანხმობის გარეშე. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ტანჟერში სპეციალური რეჟიმის შენარჩუნებას. დეკლარაციას მაროკოს დამოუკიდებლობის შესახებ, რომელმაც ხელშეკრულების ანულირება მოახდინა, ხელი მოაწერეს 2.III.1956.