ფიჭაპლასტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფიჭაპლასტი
ფიჭაპლასტისგან დამზადებული ლეგო-ბლოკი

ფიჭაპლასტი (იზოშაუმი, პიათერმი, სტიროფორი) – მასალა, შედგენილი რეგულარულად განმეორებადი გამჭოლი უჯრედებისგან, რომლებიც მიმართულია პანელის ან ფილის ზედაპირის მართობულად.

უჯრედების კედლები მზადდება თერმორეაქტიულ პოლიმერებში გაჟღენთილი მოქნილი ან ხისტი ფურცლოვანი მასალის (ქაღალდი, კრაფტ-ქაღალდი, ბამბის ქსოვილი, მინაქსოვილი, ფანერის შპონი, ალუმინის ფოლგა, მერქანბოჭკოვანი ფილა და სხვ.) ცხელი დაწნეხით. უპირატესობა ეძლევა არაწვად მასალებს. უჯრედის აგებულება ძალიან ჩამოჰგავს ფუტკრის ფიჭის აგებულებას, საიდანაცაა წარმოშობილი ამ პლასტმასის დასახელებაც. ფიჭაპლასტი მაღალი თბო- და ბგერასაიზოლაციო თვისებების მისაცემად უჯრედებს ავსებენ ფხვნილისებრი ქაფპლასტით და კონსტრუქციის წახნაგებს შემოაწებებენ სხვადასხვა ტიპის ფურცლოვან უწვად მასალას, რათა კონსტრუქციას მიეცეს დამთავრებული სახე.

ფიჭაპლასტები: ა - ექვსკუთხა, ტალღოვანი და წრიული ფორმის გაპოხილი ქაღალდის ან ქსოვილის ფიჭებით; ბ - ხისტი ფურცლოვანი მასალის ფიჭებით

სინთეზური ფოროვანი მასალების დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება შარდოვანაფორმალდეჰიდის, ფენოლფორმალდეჰიდის, პოლისტირენის, პოლიქლორვინილის, პოლიურეთანისა და სხვ. ფისები. ფიჭაპლასტის მისაღებად წარმოებს ნარევის აქაფება სპეციალურ აპარატში, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ბრუნვათა რიცხვი. ასაქაფებელი ნარევის შემადგენლობაა: ფისი, ფოსფორმჟავა, რეზორცინი (უფერული მოტკბო კრისტალები, რომელიც ადვილად იხსნება ეთანოლში, დიეთილურ ეთერში, აცეტონში, წყალში; გამოიყენება ფეთქებად ნივთიერებათა დასამზადებლად, სინთეზური საღებავებისა და პლასტიფიკატორების წარმოებაში, ზოგიერთი პოლიმერის მისაღებად და სხვ.), ემულგატორი (ქიმიური ნივთიერება, რომელიც ემატება ემულსიას, რათა შეაფერხოს წყალში კუპრის, ბიტუმისა და სხვ. შეერთება) და წყალი. ფორმებში ჩასხულ თხევად ქაფს აჩერებენ 2 საათს და შემდეგ აშრობენ 40-60°C ტემპერატურაზე 6 დღის განმავლობაში.

ფიჭაპლასტების, როგორც კონსტრუქციული მასალების ღირსება იგი არის, რომ მცი-რე სიმკვრივის (10-60კგ/მ3) პირობებში შეუძლიათ აიტანონ საკმაოდ დიდი დატვირთვები.

ფიჭაპლასტი შეიძლება შეგვხვდეს სხვა დასახელებითაც, როგორიცაა: იზოშაუმი, პიათერმი, სტიროფორი და სხვ.

ფიჭაპლასტს ქაფ და ფოროპლასტთან შედარებით აქვს უჯრედების წესიერი გეომეტრიული განლაგება, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ კვადრატის, ექვსკუთხედის, რომბის, სინუსოიდის ფორმა და სხვ.

მშენებლობაში ძირითადად გამოიყენება ფიჭაპლასტები ქაღალდისა და ბამბის ქსოვილების საფუძველზე. მისგან ამზადებენ ყრუ და გამჭირვალე საკედლე პანელებს, გადახურვის ფილებს, კარებს და ა.შ.


წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები